საზოგადოება

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს ოლიმპიადაში უპერეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები მონაწილეობენ”

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს ოლიმპიადაში უპერეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები იღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ოლიმპიურ პარკში განაცხადა, სადაც ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა, უპირველ ყოვლისა, ბრაზილიას მიულოცა ის დიდი წარმატება, რომელიც მას წილად ხვდა. მისივე თქმით, ეს არის ყველა ქვეყნისთვის უდიდესი პატივი ”მითუმეტეს, ისეთი სპორტული ტრადიციებით გამორჩეული ქვეყნისთვის, როგორიც ბრაზილიაა”.

”მიხარია, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპერეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები იღებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში – 13 სახეობის 39 სპორტსმენი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მართლაც პატარაა, მაგრამ უდიდესი სპორტული ტრადიციებითაა გამორჩეული. მე აქ ვხედავ არაერთ სახეს, ადამიანებს, ლეგენდებს, რომლებმაც ჩვენ შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში, რადგან სპორტი ყველა ადამიანს შთააგონებს, აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველი აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით და მე დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ არაერთხელ აჟღერდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ოლიმპიელებს მიმართა, რომ დღეს მთელი საქართველო მათ გვერდითაა და მათი გულშემტკივარია.
”ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ამ გამარჯვებებს მივაღწევთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.