ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო თავისუფალ ტურისტულ ზონებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტს “თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილებები შესთავაზა. ცვლილებები ძირითადად თავისუფალ ტურისტულ ზონებში ინვესტორთა ვალდებულებებს და მათთვის კანონით განსაზღვრულ საშეღავათო პირობებს ეხება.

“თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” კანონი თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის პირობებს, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს ადგენს. აღნიშნული კანონი ქობულეთის, ანაკლიის, განმუხურის და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე ვრცელდება. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტით, კანონის მოქმედების სფერო ფართოვდება და იგი არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონებაზე გავრცელდება. როგორც ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, ეს ინვესტორებს საშუალებს მისცემს, დაინტერესების შემთხვევაში, უძრავი ქონება უშუალოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან შეიძინონ.

დღეს მოქმედი კანონით, ინვესტორი ვალდებულია, თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სასტუმროს ტერიტორიაზე, სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობა განახორციელოს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, ინვესტორი ასეთი ვალდებულებისგან თავისუფლდება. სასტუმროსთან თავსებადი საქმიანობის ნუსხას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრავს. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ნუსხა ინვესტორებს დამატებით ბარიერებს უქმნის იმ კუთხით, რომ ავალდებულებს მათ, სასტუმროში განახორციელონ ისეთი საქმიანობა, როგორიც არის კაზინო, ასევე მოაწყონ საცურაო აუზი ან აკვა-პარკი, მაშინ როდესაც შესაძლოა ამის საჭიროება არ არსებობდეს და ინვესტორის ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდიდეს. მეორეს მხრივ, აღნიშნულ ნუსხაში გათვალისწინებულია ოთახის გაქირავება და კვება, რაც საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს შემადგენელ ნაწილს ისედაც წარმოადგენს.

რაც შეეხება თავისუფალ ტურისტულ ზონებში საშეღავათო პირობებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, კანონში ზუსტდება, რომ ინვესტორები ქონებისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან 2026 წლის 1 იანვრამდე იქნებიან გათავისუფლებული. ეს სწორედ ის ვადაა, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობაშია მითითებული. გარდა ამისა, სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დამატებითი ვადის ზედა ზღვარი – სამი თვე, აღარ იქნება დაწესებული. დღეს მოქმედი კანონით, ინვესტორს, დადგენილ ვადაში სასტუმროს დაუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების მმართველი 3-თვიან დამატებით ვადას აძლევს. ეს კი იცვლება და პარლამენტში ინიცირებული პროექტით, ინვესტორს დამატებითი ვადა ქონების მმართველის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით მიეცემა. შესაბამისად, ეს ვადა შესაძლოა 3 თვეზე მეტიც იყოს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ინვესტორთა საქმიანობას და პოზიტიური სიგნალი იქნება ინვესტორთათვის, რომლებიც თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი.

კანონპროექტის განხილვის პროცესი პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

Bpi.ge

[wpolling id=”9″ width=”” height=””]