“განათლების სიმწირის გამო მოსახლეობას არაჰეჯირებული სესხები აქვს”
“მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდათ უცხოურ ვალუტაში და მათი ფინანსური ცოდნის სიმწირის გამო, მათ არ შეეძლოთ დაეჰეჯირებინათ აღნიშნული ტრანზაქციები”, – მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების სხდომაზე ამბობს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი. ქუმსიშვილის შეფასებით, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა ლარის გაუფასურებით დაზარალდა.
ქუმსიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ წარსულში გაცემული სესხების დიდი ნაწილი ლარში გაიცემოდა, ახლა მოსახლეობას კურსის დევალვაციით გამოწვეული ზარალი არ დააწვებოდა. ქუმსიშვილი ასევე ამბობს, რომ საკმაოდ მალე, ეროვნულ ბანკთან ერთად გამოცხადდება დედოლარიზაციის საბაზრო რეგულაციების ახალი პროგრამა, რომელიც მიზნად სასესხო პორტფელში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს.
“დედოლარიზაციის მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდ ნაბიჯებს ვგეგმავთ, ეროვნულ ბანკთან ერთად, რაზეც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგახსენებთ. ეს იქნება ალბათ ორი ნაწილისგან შემდგარი, ერთი ეს იქნება სოციალური წნეხის მოხნის მიმართულებით, მეორე კი ის, რომ რაც შეიძლება მეტი კრედიტი იყოს გაცემული ლარში”,- ამბობს ქუმსიშვილი.
წინასწარ უცნობია თუ რა პროგრამაზეა საუბარი, თუმცა ის სავარაუდოდ ბანკებისთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც დოლარში სესხების გაცემას გარკვეულწილად შეზღუდავს. ბანკებს უფრო მეტი რესურსი დოლარში აქვთ, ამის მიზეზი დეპოზიტებში დოლარის მაღალი წილია, შესაბამისად, მათ უფრო იაფად შეუძლიათ დოლარის სესხის გაცემა ვიდრე ლარის სესხის. იმ პირობებში, თუ ხელოვნურად გაიზრდება მოთხოვნა ლარის სესხზე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ სესხების საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდოს.
ფინანსთა მინისტრობის კანიდატის მიერ ნახსენები სესხის ჰეჯირება (დაზღვევა) რამდენიმე გზითაა შესაძლებელი, თუმცა, როგორც წესი, ასეთი სერვისით სარგებლობა ბანკებში ჩვეულებრივ მომხმარებლებს არ შეუძლიათ. ჰეჯირებისთვის არსებობს სავალუტო ფორვარდული კონტრაქტები. ფორვარდი იძლევა შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრული კურსით, დღეს დაიდოს სავალუტო გარიგება, ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს მომავალში.
ჰეჯირების სხვა გზებია სავალუტო სვოპი – ორი ვალუტის ერთდროულად ყიდვა და გაყიდვა მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, სხვადასხვა ანგარიშსწორების თარიღებზე. სავალუტო ოფციონები – ოფციონის მყიდველს ეძლევა უფლება (და არა ვალდებულება), რომ იყიდოს ან გაყიდოს კონკრეტული ვალუტა წინასწარ შეთანხმებული კურსით წინასწარ შეთახმებულ დროის პერიოდში ან წინასწარ შეთახმებულ თარიღზე, რისთვისაც ოფციონის მყიდველი იხდის შესაბამის ფასს.