06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ღვინის ექსპორტი იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 45%-ით აღემატება

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 45%-ით აღემატება, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შესახებ 4 თვის მონაცემები გამოქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება – რუსეთი – 5 925 933 ბოთლი; უკრაინა -1 488 737 ბოთლი; ყაზახეთი- 1 281 100 ბოთლი; ჩინეთი – 779 425 ბოთლი; პოლონეთი – 682 522 ბოთლი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი – 84% (5 925 933), უკრაინა – 70% (1 488 737), ჩინეთი – 58% (779 425), პოლონეთი – 31% (682 522), ლიტვა – 37% (183 636), ყირგიზეთი – 171% (107 646), გერმანია – 23% (104 950), ბელარუსი – 31% (134 120), დიდი ბრიტანეთი – 72% (50 128) და სხვა.

ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს აღწევს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.