01/03/2024
Latest:
სამართალი

ISFED: სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების კონკურსის 27 მონაწილე სამინისტროს სასამართლოში უჩივის

დირექტორთა სერტიფიცირების კონკურსის 27 მონაწილე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასამართლოში უჩივის – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, რომელიც სასამართლოში მათ ინტერესებს იცავს.

2022 წელს სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდა და გასაუბრების ეტაპი 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა, მათგან 27-მა კი სამართლიან არჩევნებს მიმართა. ISFED-ის შეფასებით, შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ISFED 27 აპლიკანტისთვის გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს.

ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებებზე, მათ შორის:

  • რიგ შემთხვევებში, გასაუბრების ოქმებში ხელი მოწერილი აქვთ კომისიის იმ წევრებს, რომლებიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდნენ;
  • გასაუბრების ოქმების ნაწილში ხელი არ აქვთ მოწერილი კომისიის იმ წევრებს, რომლებმაც გასაუბრებისას კითხვები დაუსვეს კანდიდატებს;
  • მოწოდებული გასაუბრების ოქმებით არ დგინდება, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდნენ კანდიდატები;
  • დირექტორობის მსურველი კონკურსანტები აცხადებენ, რომ გასაუბრების ეტაპზე  მათთვის ცნობილი არ ყოფილა შეფასების კრიტერიუმები; მათი განცხადებით, კომისიის წევრების მიერ არ კეთდებოდა ჩანაწერები. სამინისტროს მიერ მოგვიანებით მოწოდებული ინფორმაციის1 თანახმად, კანდიდატები ფასდებოდნენ 6 კრიტერიუმის მიხედვით, თუმცა გასაუბრების ოქმებში არ იკვეთება კომისიის წევრთა მიერ კონკურსანტებისთვის, თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად, მინიჭებული ქულების შესახებ ცხადი ინფორმაცია. ამდენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტრომ აღნიშნული კრიტერიუმები გასაუბრების შემდეგ, ოქმის შედგენისას, ფორმალურად მიუსადაგა შედეგებს;
  • გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები მიუთითებს გასაუბრების ფორმალობაზე. გასაუბრება, ძირითადად, 7-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. კანდიდატთა უმრავლესობას კომისიის წევრებმა 2-3 შეკითხვა დაუსვეს, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას.

ISFED-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყოფილი დირექტორები სამართლიან არჩევნებთან აცხადებენ, რომ ისინი წარმატებულ დირექტორებად ითვლებოდნენ და სამინისტროს მიერ მოულოდნელად, დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო და დისკრიმინაციული იყო. მეტიც, დირექტორები მიუთითებდნენ სამინისტროს მხრიდან მიღებული სამადლობელი წერილისა თუ ჯილდოს შესახებ, რაც მათ მიერ ხარისხიანად შესრულებულ საქმიანობას უკავშირდებოდა. მათი თქმით, რესურსცენტრების მხრიდან მათ შესახებ უარყოფითი შეფასება, რომელიც მათ გათავისუფლებას დაედებოდა საფუძვლად, შეუძლებელია არსებულიყო. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ არსებობდა ერთგვარი არასასურველი დირექტორების კატეგორია, რომელთა გამორჩევის საფუძელი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იყო.

2022 წელს ორგანიზაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობასთან ერთად, გამოაქვეყნა მამხილებლის მიერ მოწოდებული ფაილების გაანალიზების შედეგად მომზადებული კვლევა. მამხილებლის მიერ მოწოდებულ, სავარაუდოდ, 2020 წელს შედგენილ დოკუმენტში საჯარო სკოლების დირექტორების დახასიათებები იყო მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, დირექტორების შეფასებას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, მმართველი პარტია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებდნენ. ამ დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ის დირექტორები იყვნენ უარყოფითად შეფასებული, რომლებიც 2020-2021 წლებში სამინისტრომ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლებად არ დანიშნა.

ISFED-ში აცხადებენ, რომ არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ დირექტორთა შესარჩევ კონკურსში კანდიდატები პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ფასდებიან და არა მათი კვალიფიკაციის, მოტივაციისა და გამოცდილების საფუძველზე, რითაც უგულვებელყოფილია სასკოლო განათლების პროცესის გაჯანსაღების ინტერესი.

კომენტარის დატოვება