კმაყოფილი მსესხებლები, უკმაყოფილო ეკონომიკა – მთავრობამ რადიკალური რეფორმების გატარება გადაწყვიტა
გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალური ნაბიჯების გარეშე, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საზოგადოება ხელისუფლების ახალ რეფორმებს გაგებით მოეკიდება, რადგან ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ეკონომიკური წინსვლაა. „
პირველ რიგში, მოკლედ გთავაზობთ რეფორმებს, რომელიც მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა:
1. აიკრძალება ონლაინ სესხები;
2.გაიზრდება სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი;
- 2017 წლის 1 იანვრიდან 100 000 ლარამდე სესხის გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;
- 2015 წლის 1 იანვრამდე ვინც აიღო იპოთეკური სესხი დოლარში, მოხდება მათი სესხების კონვერტაცია იმ მომენტში არსებული კურსის მინუს 20 პუნქტი;
5.თამბაქოზე და ნავთბპროდუქტებზე გაიზრდება აქციზი;
- გაიზრდება ავტომობილებზე იმპორტის გადასახადი;
- ნებისმიერი საქონლის, ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით;
მთავრობა 10-10 პროცენტით ამცირებს სახელფასო ბიუჯეტის ფონდს და ადმინისტრაციულ ხარჯებს!
მთავრობის ახალი ინიციატივები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს.
პირველი, რეფორმები რომლებსაც უმეტესწილად ყველა მიესალმა, ესენია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ზრდა და ხელისუფლების სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯების 10-10%-იანი შემცრება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივების გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში, ხელისუფლებამ პარლამენტში ბიუჯეტის ახალი პროექტი წარადგინა, რომლითაც ირკვევა, რომ მთავრობის ხელფასები დაანონსებული 10%-ის ნაცვლად, 3.4%-ით მცირდება. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობაში დასაქმებული 116 ათასი ადამიანი ხელფასის სახით, 1.39 მილიარდ ლარს მიიღებს, ეს 2016 წელთან შედარებით 3.4% ნაკლებია.
მეორე, რეფორმების ნაწილს საზოგადოება განსხვავებულად შეხვდა. მაგალითად, ონლაინ სესხების აკრძალვას და 2015 წლამდე დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლარში კონვერტაციის საკითხს, სადაც მთავრობა ამ 20 თეთრს ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს. ერთი მხრივ, ამ ნაბიჯებმა ეკონომისტების მხრიდან, ხელისუფლების კრიტიკა გამოიწვია. ძნელია დღევანდელ რეალობაში ლეგალური ბიზნესი აკრძალო, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა ხელუფლება ონლაინ სესხების არა აკრძალვას, არამედ მკაცრ რეგულირებას გეგმავს, რასაც მოსახლეობის ის ნაწილი ვისაც ამ საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება აქვთ (და ასეთი არცთუ ისე ცოტაა) გახარებული შეხვდა.
ისევე როგორც ბიუჯეტიდან დოლარში იპოთეკურ სესხებზე 20 თეთრის სუბსიდირებას, საზოგადოების ის ნაწილი დადებითად შეხვდა ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას. თუმცა, ეკონომისტებისგან ხელისუფლებამ კრიტიკა დაიმსახურა. ასეც უნდა ყოფილიყო, ბიუჯეტიდან რაღაც ნაწილი ადამიანების სესხების სუბსიდირება როგორც მინიმუმ, უსამართლობაა. უამრავი ადამიანი დაზარალდა 2008-09 წლებში იპოთეკური სესხების შედეგად, რომლებიც დახმარებას წლებია ითხოვენ და მთავრობა მათ უარს სწორედ იმიტომ ეუბნებოდა, რომ არ სურდა ბიუჯეტის თანხებით ჩარეულიყო მათი პრობლემის მოგვარებაში. ახლა კი ზუსტად იგივეს აკეთებს სხვა კრედიტორებისათვის. თანაც როდესაც ცხადდება, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან 100 000 ლარამდე სეხის გაცემა მოხდება მხოლოდ ლარში ეს კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას ეროვნული ვალუტის კურსზე. შედეგად, ლარის კურსი დოლარის მიმართ უკვე 2,55 ნიშნულამდე გაუფასურდა და თუ პროცესი ასე გაგრძელდა ის 20 თეთრიანი სუბსიდირებაც აზრს დაკარგავს.
ხელისუფლების რეფორმების მესამე ნაწილად გამოვყოფდი ცვლილებებს, რომლებიც ყველას შეეხება და გაუძვირებს ცხოვრებას. შესაბამისად, მათ საზოგადოებაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ასე მაგალითად, – გაიზრდება ავტომობილებზე იმპორტის გადასახადი, თამბაქოზე და ნავთბპროდუქტებზე გაიზრდება აქციზი. ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზი 2016 წლის 1 იანვრიდან 60 თეთრით გაიზრდება, ხოლო ბენზინზე გაორმაგდება და ლიტრზე 25 თეთრით ზრდა მოხდება. აქციზი არაპირდაპირი გადასახადია და მას მომხმარებელი იხდის, ანუ, მისი ზრდა პირდაპირ აისახება პროდუქციის ფასზე. შესაბამისად, მომავალი წლიდან თამბაქო, საწვავი და მანქანები გაძვირდება, თან არც თუ მცირედით. ანუ, თუ ერთი მხრივ მთავრობა 33 ათას კრედიტორს აპირბს რომ დაეხმაროს, მეორე მხრივ, მთელ საქართველოს უძვირებს ცხოვრებას.
ბოლოსკენ კი უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება პოპულისტური ნაბიჯებით ცდილობს დაფაროს გადასახადების მაღალი ზრდა. ერთი მხრივ, იძახის აიკრძალოს ონლაინ სესხები, რაც სავარაუდოდ, პრაქტიკაში არ განხორციელდება, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის გადასახადებს. საწვავის გაძვირება სავარაუდოდ სხვა პროდუქციაზეც აისახება. ასე რომ, მომავალი წლიდან დეფლაციის საშიშროება აღარ უნდა გვქონდეს და უკვე გაძვირებულ ცხოვრებაზე უნდა ვიფიქროთ.
ავტორი: მერაბ ჯანიაშვილი