“კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს მისი როლი საზოგადოების წინსვლისა და განვითარების პროცესში”
კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია 187 მეგავატი სიმძლავრის, შუახევის ჰიდროელექტროსადგურების კასკადს აშენებს აჭარის რეგიონში, განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ოდენობა 416 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მფლობელები არიან ისეთი გლობალური მოთამაშეები, როგორიცაა ნორვეგიული კომპანია ჩლეან Energy Invest AS, ასევე თატა Power Company Limited(ინდოეთი) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. პროექტს აფინანსებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: აზიის განვითარების ბანკი (ADB), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBღD). სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2013 წელს, ხოლო სადგურის გაშვება დაგეგმილია 2017 წლის პირველ ნახევარში.
პროექტის მიმდინარეობაზე, ბიზნესგარემოზე ,,ბანკები და ფინანსების” კითხვებს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი პასუხობს.
– ბატონო რონი, როგორ მიმდინარეობს ,,შუახევიჰესის” მშენებლობა?
– როგორც მოგეხსენებათ ჩვენს ვახორციელებთ უმსხვილეს ენერგოპროექტს, რომელიც შენდება უახლესი ტექნოლოგიებით. ამავდოულად შუახევიჰესის პროექტი წარმოადგენს პირველ ჰიდროენერგეტიკულ პროექტს საქართველოში, რომელმაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCCC) მიერ “სუფთა განვითარების მექანიზმი”-ს აკრედიტაცია მიიღო. პროექტი შეამცირებს სათბურის აირის, კერძოდ ნახშიროჟანგის (CO2) ემისიას წელიწადში 500,000ტონით.
ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების 80% მეტი უკვე დასრულებულია, სრულდება 37 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. წარმატებით გრძელდება როგორც ელექტროსადგურის ასევე კაშხლების მშენებლობაც.
პროექტის ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 750 საქართველოს მოქალაქე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტებში გადახდილი თანხა ყოველწლიურად საშუალოდ 4 მილიონი დოლარია.
– თქვენი კომპანიის მიერ გაცხადებული პრიორიტეტია რეგიონის გრძელვადიანი განვითარება, როგორ ახორციელებთ ამ პროცესს?
– კომპანიის წარმატებას განმსაზღვრავს მისი როლი საზოგადოების წინსვლისა და განვითარების პროცესში. შუახევიჰესის მშენებლობის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენთვის მთავარ გამოწვევად იქცა, რომ მნიშვნელოვანი როლი გვეთამაშა მაღალმთიანი აჭარის მდგრადი განვითარების პროცესში. დავიწყეთ რეგიონის შესწავლა, ჩვენი მთავარი ამოცანა გახდა რომ ხულოსა და შუახევში მცხოვრები ადამიანებისთვის, შეგვექმნა ყველა პირობა, რომ მათი ცხოვრება შეცვლილიყო უკეთესობისაკენ. ამ მიზნით, მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება მრავალი სოციალური პროექტი, რომელთა მიზანიცაა პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და რეგიონის გრძლევადიანი განვითარება. ჩვენ მიერ განხორციელებული სოციალური პროექტები მოიცავს: გზების მშენებლობას, სოფლების სასმელი წყლით მომარაგების უზრუნველყოფას, თემების და მცირე ბიზნესის დაფინანსებას და განვითარების ხელშეწყობას, საგანმანათლებლო პროექტებს ადგილობრივი მასწავლებლებისა და მოსწავლეთათვის, სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამას, გზებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ცნობიერების ამაღლების ტრენინგებს ა.შ ყველა პროექტის განხორციელება ხდება ადგილობრივ მთავრობასთან და თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
– აქვე მინდა გკითხოთ როგორ ხორციელდება ხელისუფლების და ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორის ურთიერთობა, რა სირთულეებს აწყდებით ან პირიქით რა სახის მხარდაჭერა გაქვთ მათი მხრიდან?
– შუახევიჰესის წარმატებით მშენებლობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სახელმწიფოს და ჩვენი კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ ვგრძნობთ მთავრობის მხარდაჭერას საქმიანობის ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის სამინისტროების მხრიდან. ჩვენი, როგორც ენერგოპროექტის მთავარი პარტნიორია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, მისი მხარდაჭერით ბევრი სირთულე გადალახა პროექტმა.
ჩვენი პროექტი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ და კერძო სექტორმა, ერთობლივი მუშაობით შექმნას შესაძლებლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის.
გარდა შუახევიჰესის წარმატებით მშენებლობისა, ჩვენ სახელს 70-ზე მეტი წარმატებული სოციალური პროექტი და ამ საქმიანობის ფარგლებში დახარჯული მილიონობით ლარი უკავშირდება, ყველა პროექტი კი დაიგეგმა და განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის უშუალო ჩართულობით.
– როგორ შეაფასებდით ზოგადად ბიზნესგარემოს აჭარაში?
– 2015 წელს განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, ენერგეტიკა ლიდერობს აჭარაში, რაც პირადად ჩემთვის, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლისთვის განსაკუთრებულად მისასალმებელია. ენერგოსექტორის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესს. თავისთავად რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვან პოზიციაზე რჩება ტურიზმი და მშენებლობა. ბოლო ათწლეულში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები, ცალსახად მაჩვენებელია იმისა, რომ ინვესტორებისთვის აჭარა, ინვესტიციის განსახორციელებლად მიმზიდველი ადგილია.