03/05/2024
Latest:
მსოფლიო

მედიკამენტებზე ფასწარმოქმნის გამჭვირვალობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

 

საქართველოში  მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია წლების განმავლობაში უცვლელ პრობლემად რჩება. ამას მოწმობს ფანასკერტელის ინდექსის მაისის თვის მონაცემი. 5 თვის განმავლობაში ინდექსი შემცირების ტენდენციას ავლენდა, თუმცა ბოლო მონაცემებით ფასები მედიკამენტებზე 17.4%-ით გაძვირდა. ამავეს ადასტურებს  საერთაშორისო ფონდ კურაციოს უახლესი კვლევა (მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის კვლევა, მეხუთე ტალღა 2016 წ.). კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფასნამატთან დაკავშირებულ ტენდენციებს, რომელთა შორისაც საგულისხმოა რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასების დინამიკა. პარადოქსულია, რომ 2015 წლის შემდეგ (2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ამუშავდა რეცეპტურის სისტემა, რომლის მთავარი მიზანი იყო პოლიპრაგმაზიის შემცირება) რეცეპტურულ ორიგინალ ბრენდებზე ფასნამატის დონე 89%-ით მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე; რეცეპტურულ გენერიკებზე ფასნამატის დონე  210%-ით უფრო მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისგან განსხვავებით, კიდევ ერთი პარადოქსი და განსხვავებულობა, რაც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს ახასიათებს, არის ადგილობრივი წარმოების გენერიკების სიძვირე იმპორტულ ანალოგებთან შედარებით.  ფონდ ,,კურაციოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ  მსხვილი სადისტრიბუციო ქსელების მარკეტინგული სტრატეგიების ფარგლებში  იმპორტულ ანალოგებთან შედარებით ადგილობრივი პროდუქციის უპირატესი რეკლამირება ხდება. სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ ბაზარზე კი ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ მწარმოებლებს, ეფექტურად გამოიყენონ საკუთარი საბაზრო ძალაუფლება. კვლევის ავტორების ერთ-ერთი  რეკომენდაციაა, რომ სხვა ევროპული და განვითარებული ქვეყნების მსგავსად, საქართველოში  ფარმაცევტულ ბაზარზე რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემა დაინერგოს.

მედიკამენტებზე ფასწარმოქმნა დიდწილად სახელმწიფო რეგულირებაზე არის დამოკიდებული. ფარმაცევტულ ბაზარზე ფასის დარეგულირება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – მედიკამენეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას. ფასების დასარეგულირებლად მსოფლიოში ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია ფიქსირებული ფასების დადგენა. მედიკამენტებზე ხელმსაწვდომობის გასაზრდელად სხვადასხვა ქვეყნები აწესრიგებენ საკანონმდებლო ბაზას, ან ქმნიან ახალ  რეგულაციებს.

ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასწარმოქმნისა და ხელმისაწვდომობის ზრდისთვის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.

როგორ დაარეგულირეს საკანონმდებლო ბაზა მეზობელმა ქვეყნებმა?

აზერბაიჯანში 2013 წლის 3 ივნისს  მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება „სახელმწიფოში დარეგისტრირებული მედიკამენტების ფასის რეგულირებისა და ამ ფასებზე კონტროლის დაწესების შესახებ“. ამ ბრძანების საფუძველზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით ცვლილებები შევიდა კანონში  „სამკურნალო საშუალებების შესახებ“.

ცვლილების შედეგად ფასთა რეგულირებისა და მედიკამენტების დარეგისტრირების, მონიტორინგის განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით ახალი წესი დადგინდა. შეიქმნა მაკონტროლებელ ორგანო – აზერბაიჯანის სატარიფო საბჭო, რომელიც  ფასის დასარეგულირებლად  იყენებს რეფერენტულ ფასწარმოქმნის საშუალებას.  რეფერენტული ფასის განსაზღვრისთვის ყოველ წელს საბჭო სწავლობს სულ მცირე 5 ქვეყნის რეფერენტულ ფასებს და ამის შემდეგ ადგენს მედიკამენტის გასაყიდ ფასს. ასეთ რეფერენტულ ქვეყნებს წარმოადგენს საფრანგეთი, თურქეთი, იტალია, ესპანეთი,  პორტუგალია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.

რეფერენტული ფასის დადგენის შემდეგ  დაიანგარიშება მედიკამენტის გასაყიდი საბითუმო ფასი  დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.

აზერბაიჯანში ორიგინალი და გენერიკული მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად საბჭოს მიერ შექმნილია დეკლარაციის სპეციალური ფორმა. ბაზარზე დარეგისტრირებისთანავე განმცხადებელი  ვალდებულია  საბჭოს წარუდგინოს  შესაბამისი დოკუმენტაცია ფასწარმოქმნის  შესახებ.

საბჭო რეფერენტული ფასის დადგენისას ვალუტად  დოლარს განსაზღვრავს. ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში დოლარის კურსის 5%-მდე გაზრდის შემთხვევაში, თუკი ვითარება 2 თვის განმავლობაში არ იცვლება, საბჭო  მედიკამენტების ფასების გადახედვის საკითხს სწავლობს.

საბჭოს დებულების მიხედვით, მედიკამენტის შეფუთვაზე საცალო საბითუმო ფასთან ერთად უნდა იყოს მითითებული დამატებითი ღირებულების გადასახადიც. ყველა ფიქსირებული ფასის ნახვა შესაძლებელია სატარიფო  საბჭოს ვებ გვერდზე.

საბჭოს ამ დროისათვის ფასი დადგენილი აქვს უკვე 7075 მედიკამენტზე. ამ გზით ფასების დარეგულირების შედეგად მედიკამენტის ფასი აზერბაიჯანის ფარმაცევტულ ბაზარზე  60%-მდე შემცირდა.

უკრაინამ გადაწყვეტილება მედიკამენტების ფასებზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის შემოღების შესახებ 2014 წლის 12 ნოემბერს მიიღო. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მედიკამენტებსა და სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობებზე ფასის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის შემოღებით იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების წამლებზე ფასწარმოქმნის თანაბარი პირობები შეიქმნა. მინისტრთა კაბინეტის სურვილია, შექმნას ადგილობრივ და უცხოურ მედიკამენტებზე ფასების რეგულირების თანაბარი მექანიზმი.

კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ზღვრული საცალო საბითუმო ფასნამატი მედიკამენტებზე არ უნდა იყოს მაღალი (საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც შესულია აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო აპარატურის ეროვნულ სიაში. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული პრეპარატებისა და პრეკურსორების გარდა) ფასნამატი ეროვნულ  სიაში შეყვანილ და სოციალურად ორიენტირებულ მედიკამენტებზე არ უნდა აღემატებოდედ 10-25%-ს.

ირანში ფარმაცევტული პროდუქციის ფასები მკაცრად კონტროლდება მთავრობის მიერ. ამჟამად ფასწარმოქმნის სისტემა დაფუძნებულია ხარჯთაღრიცხვასა და მწარმოებლების, დისტრიბუტორებისა და სააფთიაქო ქსელების მკაცრად განსაზღვრულ მოგების მარჟაზე. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ირანი ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს. ძირითადად, მოსახლეობის რაოდენობის გამო,  მისი ჯანდაცვის დანახარჯები მედიკამენტებზე ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ მცირეა. 

ირანის მთავრობის პოლიტიკაა, უზრუნველყოს იაფ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, რასაც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მკაცრი კონტროლით ახერხებს.  ირანის ფარმაცევტული ბაზრისთვის დამახასიათებელია დაბალი ფასები. ბაზარზე დომინირებს გენერიკული მედიკამენტები. დაბალი ფასების გამო ირანი გახდა წამლის  საკმაოდ მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ თურქეთს, აქ ფასებს ფარმაცევტულ ბაზარზე არეგულირებს ,,თურქეთის წამლისა და სამედიცინო ნაკეთობათა ინსტიტუტი“, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. აქ მოქმედებს რეფერენტული ფასწარმოქმნის პრინციპი. მედიკამენტების გასაყიდი ფასების დასადგენად, თურქეთი სარგებლობს გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმით:

რა არის რეფერენტული ფასი?   ყველაზე მცირე საწარმოო ფასი ევროკავშირის წევრ  ხუთ ქვეყანას შორის (საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და საბერძნეთი) და  წარმოების ქვეყნის ფასი, სადაც უშუალოდ დამზადდა მედიკამენტი.  რეფერენტული ფასი ნიშნავს იმას, რომ ის შეიძლება შემცირდეს 60%-მდე. ამას ემატება გენერიკებზე  საყოველთაო ფასდაკლება  28%-ის ოდენობით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  თუ წამლის სასაწყობე ფასი რეფერენტული ქვეყნების ფასზე ნაკლებია და მისი ექსპორტი მოხდება რეფერენტულ ქვეყნებს გარდა სხვა ქვეყანაში, მის გასაყიდ ფასად დადგინდება ის უმცირესი ფასი, რომელიც რეფერენტულ ზონაშია მოქცეული.

მედიკამენტებზე ფასის რეგულირების საკუთარი მექანიზმი შეიმუშავა ბელორუსმა. 2016 წლის ივნისში ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა დადგენილებას  მედიკამენტებზე ფასის დაწევასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის #228 დადგენილებით ცვლილება შევიდა ადრე მიღებულ დადგენილებაში „მედიკამენტებზე, სამედიცინო აღჭურვილობასა და სამედიცინო მოწყობილობებზე ფასის ფორმირების შესახებ“. ახალი დადგენილება ითვალისწინებს ვალდებულებას საცალო და საბითუმო ვაჭრობისას  ფასნამატის ლიმიტის დაწესებაზე, როგორც მედიკამენტებზე, ასევე სამედიცინო აღჭურვილობასა და  სამედიცინო მოწყობილობებზე დოლარის კურსის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, დადგენილება ითვალისწინებს საბითუმო და საცალო ზღვრული ფასნამატების დიფერენცირებულ შემცირებას ბელორუსი მწარმოებლების გასაყიდი ფასების ზრდის შესაბამისად.

ბელორუსის  გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ თავიდან იქნას აცილებული დოლარის კურსის ცვლილების შედეგად სააფთიაქო ქსელების შემოსავლის უსაფუძვლო ზრდა.

სალომე შიხაშვილი, “ჯანდაცვის პლატფორმის” კონსულტანტი