ეკონომიკა

“მოგების გადასახადის რეფორმით საქართველო ბევრს ვერ მოიგებს”

“მხოლოდ განაწილებული მოგების, ანუ დივიდენდის დაბეგვრის შემთხვევაში, ბიუჯეტს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დააკლდება”, – ამის შესახებ სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა განაცხადა. ფრანსუა პეჰშო მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადი საქართველოში ისედაც დაბალია, როგორც რეგიონთან, ისე დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით.

გთავაზობთ ფრანსუა პეჰშოს ინტერვიუს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ.

– საქართველოს განხილვა რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საინტერესოა. საინტერესოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები ამ კუთხით და, ასევე, რას თვლით ძირითად მიგნებად საქართველოში?

– მთავარი მიგნება არის ის, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 %–ით გაიზრდება, ამის მიზეზი ჩვენი შეფასებით ფისკალური ექსპანსიაც იქნება. ჩვენი ვარაუდით, საბიუჯეტო დეფიციტი მომავალი წლისთვის 6% ნიშნულს მიაღწევს, ამის მთავარი მიზეზი მოგების დაბეგვრის პრაქტიკის ცვლილებაა, რაც ჩვენი შეფასებით შეამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს. ჩვენ გვესმის, რომ მთავრობა მუშაობს რათა შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი, თუ ეს მოხდება მაშინ საკუთარ პროგნოზებს ჩვენც გადავხედავთ.

– საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუდმივად გასცემს რეკომენდაციებს ჩვენი ქვეყნისთვის. საინტერესოა რას თვლის სსფ დღეს მთავარ გამოწვევად საქართველოსთვის?

– მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წახალისება, ჩვენი აზრით, ამ მიზნების მიღწევის საუკეთესო გზა ფისკალური კონსოლიდაციაა, ოღონდ ამ კონსოლიდაციის დროს გათვალისწინებული და შენარჩუნებული უნდა იყოს ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი ინვესტიციები და ყველაზე ღარიბი და სოციალურად დაუცველი ფენის მიზნობრივი დახმარება. აუცილებელია გარე რისკების შემცირება ვგულისხმობ, რომ საბანკო სისტემამ შეინარჩუნოს სიჯანსაღე, მოხდეს სისტემის დედოლარიზაცია.

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რეკომენდაციებია, თუმცა, საინტერესოა, როგორ შეიძლება მთავრობამ ამ ყველაფერს მიაღწიოს ისე, რომ დეფიციტი არ ჰქონდეს?

– ჩვენი შეფასებით მოგების დაბეგვრის ცვლილება ბიუჯეტს დაახლოებით 500 მლნ ლარი დაუჯდება, რაც მშპ–ის დაახლოებით 1.5 % –ია, თუ ამას დავუმატებთ ბიუჯეტის დეფიციტის ჩვენეულ პროგნოზს 2016 წლისთვის 6%-ს მივიღებთ. მთავრობა მუშაობს დეფიციტის შემცირებაზე, ჩვენ ველოდებით, თუ რა კონკრეტულ ზომებს გაატარებს ის ამ მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შემდეგ შეიძლება შეფასებების გაკეთება. ჩვენს რეკომენდაციებს რაც შეხება, ბიუჯეტის შემოსავლები უნდა გაიზარდოს, შეიძლება ეს მოხდეს ალკოჰოლსა და სიგარეტზე აქციზის ზრდით ან საწვავის დაბეგვრით, შეიძლება გადასახადები დაწესდეს მანქანებზე, შეიძლება გაფართოვდეს დამატებითი ღირებულების გადასახადებით დასაბეგრი ბაზა, შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები.

-საქართველოში მოქმედებს აქტი, რომლის მიხედვითაც ახალი გადასახადების დაწესებას რეფერენდუმი სჭირდება. თვლით თუ არა, რომ ეს აქტი გადასახედია?

– გადასახადების ზრდის თვალსაზრისით მეტი მოქნილობა ცუდი არ იქნებოდა, თუმცა, ყველა გადასახადის გაზრდას რეფერენდუმი არ სჭირდება. მაგალითად, აქციზის, ქონების გადასახადის და ა.შ.

– 2016 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით თქვენი პროგნოზი 3%–ზე მეტია, როგორ ფიქრობთ შენარჩუნდება თუ არა აღნიშნული მაჩვენებელი და, ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით?

– დიახ, მიმდინარე წლისთვის ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა 3.4 %–ით გაიზრდება და ამაში ფისკალურ ექსპანსიასაც უკვე შეაქვს თავისი წვლილი. ჩვენ რასაც ვაკვირდებით მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველთვიური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა წელს შეიძლება იმაზე დაბალი იყოს ვიდრე ჩვენს პროგნოზშია ასახული. რაც შეეხება მომავალ წელს, დეფიციტი 6%–მდე იზრდება. დეფიციტი შენარჩუნებად მდგრად დონემდე უნდა იყოს დაყვანილი. უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, თუ რატომ ვანიჭებთ დეფიციტს ამხელა მნიშვნელობას, გეტყვით, რომ საქართველოში საგარეო ვალი იზრდება და ამის მიზეზი სხვა მიზეზთა შორის მზარდი დეფიციტიცაა, კიდევ ერთი ფაქტორი გაუფასურებული ლარია. რაღაც ეტაპზე ლარის მომსახურება საბიუჯეტო ხარჯების სულ უფრო დიდ წილს დაიკავებს. მეორე მხრივ ვალი კიდევ უფრო თუ გაიზრდება კრედიტორები მთავრობისთვის ფულის სესხებისგან თავს შეიკავებენ.

– ყურადღებას ამახვილებთ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რა მიმართულებებით უნდა დაალაგოს პრიორიტეტები ახალი მოწვევის პარლამენტმა?

– დოლარიზაცია საფინანსო სისტემის რისკია, ეკონომიკური ინტეგრაციის კურსის გაგრძელებაც საჭიროა, ასევე, სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება. საქართველომ უკვე გააფორმა ასეთი ხელშეკრულება ჩინეთთან, ევროკავშირთან, ამ კურსის გაგრძელება ქვეყანას მხოლოდ წაადგება.

– რატომ ფიქრობთ, რომ მოგების გადასახადის ლიბერალიზება საქართველოსთვის დამატებითი კონკურენტული უპირატესობა არ იქნება ?

– მთავრობა ამბობს, რომ ეს რეფორმა ინვესტიციების წასახალისებლად სჭირდება, ჩვენ კი ვეუბნებით მთავრობას, რომ ამისთვის სხვა გზებიც არსებობს, რაც ასე ძვირი არ დაუჯდებოდა. ჩვენი შეფასებით განაწილებული მოგების, ანუ დივიდენდის დაბეგვრის შემთხვევაში ბიუჯეტს დაახლოებით 500 მლნ ლარი დააკლდება და ეს იმ პირობებში, როდესაც მოგების გადასახადი საქართველოში ისედაც დაბალია, როგორც რეგიონთან, ისე დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოგების გადასახადის რეფორმით საქართველო ბევრს ვერ მოიგებს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი დღეს მთავარი საკითხია, რის გამოც სსფ–ის მიმოხილვის პროგრამის დასრულება ვერ ხერხდება, რაც თავის მხრივ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების და გრანტების შეფერხებას იწვევს.

ბოლოს, როდესაც ჩვენ მიმოხილვა დავასრულეთ, ეს იყო 2014 წლის დეკემბერში. ამის შემდეგ, არცერთი მიმოხილვა აღარ აგვისრულებია და ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი, ეს არის საფინანსო ზედამხედველობის კანონში შეტანილი ცვლილებები, რაც დღეის მდგომარეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვას ელოდება. მეორე მიზეზი ის არის, რომ მთავრობამ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის მიხედვითაც შეძლებს კერძო პროექტებში თანაპარტნიორად შესვლას და მესამე მიზეზი არის საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა. მიუხედავად იმისა რომ კანონით საბიუჯეტო დეფიციტმა 3%-ს არ უნდა გადააჭარბოს.

– თქვენი აზრით, დასრულდება მიმოხილვა თუ ახალ პროგრამას უნდა ველოდოთ?

– მთავრობამ თავისი ინტერესი გამოხატა ახალი პროგრამის მიმართ. ჩვენ მზად ვართ მთავრობასთან ერთად ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილოთ, მაგრამ მანამდე ნათლად უნდა ვიცოდეთ რა არის მთავრობის პრიორიტეტები.

– თქვენი აზრით 3.4%–ანი ეკონომიკური ზრდა როგორი მაჩვენებელია, ქვეყნის, რომელმაც გარე შოკებს გაუძლო, თუ ქვეყნის რომელსაც მეტის გაკეთება შეეძლო?

– საქართველოს ეკონომიკა ბევრად უფრო უკეთ იზრდება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკები, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამაში წვლილი შეიტანა ფისკალურმა ექსპანსიამ და თუ მას კონსოლიდაცია არ მოჰყვა, რისკების გადაზღვევა რთული იქნება.

– ერთ–ერთ მთავარ რისკად დოლარიაცია დაასახელეთ, მაგრამ რა უნდა ქნას მთავრობამ ან სებ–მა თუ ხალხი ლარს ნაკლებად ენდობა?

– მთელი რიგი ზომების გატარება შეუძლია, როგორც მთავრობას, ისე ეროვნულ ბანკს. უმთავრესია მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება. ეროვნულმა ბანკმა უნდა განაგრძოს პრუდენტული ზომების გატარება. შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს, არაჰეჯირებულ მსესხებლებზე. შესაძლოა, კერძო საკუთრების და მანქანის შეძენისას ანგარიშსწორება ლარში ხდებოდეს. ერთი ელემენტი კაპიტალის ბაზრის განვითარებაც არის. ასევე, ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვით, რომელიც ლარში იქნება დენომინირებული. ამის ერთ–ერთი გზა შეიძლება იყოს საპენსიო რეფორმაც.

– თუ ეკონომიკა უფრო სწრაფად და უფრო მაღალი ნიშნულით გაიზრდება აისახება თუ არა ეს ლარის მიმართ ნდობაზეც?

– ისტორია აჩვენებს, რომ დედოლარიზაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მთავრობამ საიდანღაც უნდა დაიწყოს, რომ ლარის მიმზიდველობა გაზარდოს.

– მთავრობამ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება ერთჯერად ტრანზაქციას მოყვა, მაგრამ ეს ტრანზაქცია დასრულდა ლარი კი მაინც უფასურდება, როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი ?

– ჩვენ არ ვახდენთ გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობის პროგნოზირებას, ჩვენ ერთ რამეს ვისურვებდით სებ–მა გააგრძელოს ინფლაციის თარგეთირება, შეინარჩუნოს მცურავი კურსი, რაც ამ დრომდეც ასე იყო. ჩვენ ვურჩიეთ ცენტრალურ ბანკს ინტერვენციები აღარ განახორციელოს.

– დღეს ინფლაციას მართავს სებ-ი თუ ირიბად გაცვლით კურსს?

– ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია მეტად შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა.

პაატა თურქია