ნავთობი კიდევ 5%-ით გაძვირდა: მოპოვებას OPEC-ის არაწევრი ქვეყნებიც ამცირებენ
CNBC-ის ინფორმაციით, ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება OPEC-ის არაწევრმა ქვეყნებმაც მიიღეს. შედეგად, ნიუ-იორკის ბირჟაზე 1 ბარელი WTI-ის მარკის ნავთობის ღირებულება 4,72%-ით, $53,93-მდე გაიზარდა. ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე კი 1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი $56,59-ს შეადგენს (4,22%-იანი ზრდა).
შეგახსენებთ, რომ OPEC-მა მიმდინარე თვეში ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 8 წლის განმავლობაში პირველად მიიღო.
ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია შეთახნხმებას ვერ მიაღწევდა. თუმცა როგორც დღევანდელი ვითარება აჩვენებს, ნავთობის წარმოებას არამარტო OPEC-ის წევრი, არამედ OPEC-ის არაწევრი ქვეყნებიც ამცირებენ.
ნავთობის წარმოების შემცირების მთავარი მიზანი მსოფლიო ბაზარზე დაგროვებული ნავთობის ჭარბი რაოდენობის შემცირებაა, რაც ნავთობის ფასის ვარდნის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი გახდა.
წყარო: კომერსანტი