საზოგადოება

პირწავარდნილი მედასავლეთეები რაციონალური მედასავლეთეების წინააღმდეგ

საქართველოში ცხოვრება საინტერესოა. ვინც საქართველოდან მიდის, იდიოტია. თუ, რა თქმა უნდა, ამას საარსებო სახსარის ძიება არ აიძულებს. სხვაგან სად ნახავ ასეთ სერპანტინს. ყვავები ყვავებს უკიჟინებენ: თქვე ჩვენზე შავებოო. არიან პროდასავლელები, პირწავარდნილები, რომლებმაც 9 წლიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს 5 მილიონიან ქვეყანაში. 300 ათასი კაცი პრობაციონერად აქციეს, 25 ათასი ციხეებში გაუშვეს, ქვეყნის მოსახლეობა კი 3.7 მილიონზე დაიყვანეს. სამაგიეროდ, ფასადები შეღებეს, გიფსოკარდონებით მოკაზმეს და დასავლეთში ვიღაც-ვიღაცეები დაარწმუნეს თავიანთ უკიდეგანო და უეჭვო პროდასავლურობაში. და არიან მედასავლეთეები, უფრო ზომიერები, უფრო გონიერები, უფრო კრიტიკულები, გაცილებით კანონმორჩილები, რომლებიც ადამიანთა პირად ცხოვრებას ფარული ვიდეოთვალით არ იღებენ, არც პატიმრებს აწამებენ, დაბეჯითებით, მაგრამ თანდათანობით მიდიან დასავლეთისკენ, ოღონდ არა თავქუდმოგლეჯილი.

თუმცა მათაც თავიანთი ჰიპოხონდრიები აწუხებთ, ყველა მნიშვნელოვან საკითხს ჩრდილოვან მმართველთან ათანხმებენ, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელია პიარი, საინფორმაციო უზრუნველყოფა და ლობისტური საქმიანობა, მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მილიარდერს არ სურს ამეებზე ფულის ხარჯვა ამიტომ, არათუ დასავლეთში ბევრს ვერ გაუგია ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ავან-ჩავანი, ქვეყნის მოსახლეობაც კი არ არის ბაიბურში, რადგან მედიასივრცეს ისევ პირწავარდნილი მედასავლეთეები აკონტროლებენ, ხოლო რუსეთუმეებად მონათლულები და ბებერი ნიანგები კომფორტულად მოკალათებულან პირწავარდნილების ან რაციონალურების ფრთებქვეშ.

და განა დასავლეთს აქვს არჩევანი? ნუთუ ძნელია არჩევანის გაკეთება პირწავარდნილებს, ანუ ღვთის პირიდან გადავარდნილებსა და მეტ-ნაკლებად რაციონალურებს შორის? არადა, თითქოს ინფორმატორებიც არ აკლიათ, საია-მაიები წესით იმ ფულის სანაცვლოდ, დიდი ფულის, რასაც იღებენ, კვალიფიციურ და ადეკვატურ ინფორმაციას მაინც უნდა აწვდიდნენ პატრონებს.

სებ-ის ,,დამოუკიდებელი” პრეზიდენტი ქადაგიძე ,,ნაციონალების” სიის პირველ ათეულშია

,,ბანკები და ფინანსებს” ზოგიერთები მიუთითებდნენ, გიორგი ქადაგიძეზე რატომ ამბობთ ოდესის გუბერნატორი მართავსო, რა საერთო აქვსო ამ კომპეტენტურ პროვნებას ნაცებთანო, დიდი-დიდი მათი პროკურატურის ემისარი, ბანკების მარბიელი და ლარის მკვეთრი ვარდნის ერთ-ერთი შემოქმედი იყოო. ეროვნული ბანკის შენობიდან გამოსულიც არ იყო, რომ ნაცების საარჩევნო სიის პირველ ათეულში ამოჰყო თავი. მის დამცველებს სულ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციების რომ აფრიალებდნენ, უბრალოდ ავიწყდებოდათ, რომ ქადაგიძემ ჯიუტად არ შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია და არ წარმოადგინა ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, რაც იმით ახსნა, რომ არჩევანი გააკეთა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. როგორ, ნუთუ სავალუტო ფონდი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რამის გაკეთებას ითხოვდა მისგან?

დამოუკიდებელი ექსპერტისა და “20/30”-ზე დამოკიდებული ექსპერტების დაპირისპირების მოულოდნელი დასასრული

დამოუკიდებელი ექსპერტი რომან გოცირიძე, ,,20/30”-ის ექსპერტებს დაუნდობლად ამათრახებდა. ირონიულად მოიხსენიებდა, კომპეტენციას უწუნებდა, მოკლედ, ანათემას გადასცემდა ხოლმე – აქაოდა თქვე დამოკიდებულებო, რა უფლება გაქვთ ისეთ რამეებს რომ ამბობთ, მე რომ არ მიმაჩნია მართებულად და სწორადო. არადა ეს ბედკრულები – ლევან კალანდაძე, მიხეილ დუნდუა და სხვები გულწრფელად აღიარებდნენ “20/30”-ის წევრობას და იმასაც, რომ ამ ორგანიზაციაში საქმიანობისთვის გარკვეულ გასამრჯელოს იღებდნენ – მოგეხსენებათ, თუ წინა ცხოვრებიდან რამე დანაზოგი ან ნაშოვარი არ მოგყვება, გასამარჯელოს გარეშე ცხოვრება ძნელია. არც ეს უკანასკნელები აკლებდნენ სამაგიერო რეპლიკებს, მაგრამ მაინ არ გადადიოდნენ უფროს ადამიანთან ურთიერთობაში დასაშვების ზღვარს და აჰა შედეგიც – დამოუკიდებელი ექსპერტი რომან გოცირიძე, რომლის შეხედულებებიც თითქმის ყოველთვის ,,ნაციონალების” პოლიტიკას ეთანადებოდა, ,,ნაციონალების” სიის პირველ ათეულშია.

ქუმსიშვილის აპერკოტი

კოალიცია “ქართული ოცნება” დაიშალა. ბიძინა ივანიშვილმა სწორად გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე ერთად წასვლის შემთხვევაში თითოეული სუბიექტი კოალიციას მინიმუმ 5-7%-ს დააკარგვინებდა. ამან რაციონალური მედასავლეთეების რიგები მნიშვნელოვნად შეასუსტა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილის რაოდენობრივად შემცირებული და შესუსტებული გუნდი ახალი ლიდერების, ახალი სახეების მოლოდინშია. დაუშვა რა პოლიტიკისთვის გამოუცდელმა ივანიშვილმა ბევრი შეცდომა თანამოაზრეებისა და კადრების შერჩევისას (მისი აზრით დაუშვა) – მარგველაშვილი, ნარმანია, ხუხაშვილი და ა.შ. – რამდენიმე ზუსტი და წარმატებული სვლაც გააკეთა. მათ შორის, პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა ყველაზე მართებული ნაბიჯი იყო. აი, ახლახანს, ტელედაკითხვაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა იყოჩაღა. ჩასაფრებულ ჟურნალისტებს, რომლებიც ფაქტობრივად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პრეს-ცენტრის თანამშრომლები არიან, ენერგიულად შეუტია და ორივე ჟურნალისტი ნოკდაუნში გაგზავნა, რის შემდეგაც კაპიტანმა გვარამიამ რინგზე თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, ქუმსიშვილი ეთერიდან გათიშა და დამარცხება აღიარა. არადა, ეკონომიკის მინისტრმა მოახერხა ეთქვა რამდენიმე ტრივიალური ფაქტი – რომ ინვესტიციები გაზრდილია 54%-ით, ბიზნეს სესხები 90%-ით, საბანკო სექტორში საპროცენტო განაკვეთი 16,2%-დან შემცირდა 12,1%-მდე, მშენებლობებზე ნებართვების გაცემა გაიზარდა 63%-ით, აპირებდა ჩამოეთვალა ის 100-ზე მეტი ახალი საწარმო, რომელიც ამოქმედდა და ასე შემდეგ. ქუმსიშვილი უბრალოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს მედგრად დახვდა და კომპეტენტური პასუხი გასცა. ესაა და ეს. დასაქმდა 33 ათასი ადამიანი და მას არ უთქვამს რომ ეს დასაქმების პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯია, მას არ უთქვამს, რომ ეკონომიკა სასურველ მდგომარეობაშია და სათანადო ტემპით ვითარდება, მაგრამ მან თქვა რაც რეალობაა: მიუხედავად გლობალური საგარეო და რეგიონული შოკებისა, საქართველოს ეკონომიკამ გაუძლო და არცთუ ცუდი შედეგები აჩვენა რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ეს უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა რაციონალური მედასალეთეების პოლიტიკური ოპონენტებისთვის, აქ რა თქმა უნდა, ,,რუსთავი 2”-ის იმ ორ კონკრეტულ ჟურნალისტს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ჩვენი უსუსტესი პოლიტიკური სპექტრის უღიმღამო წარმომადგენლებს, რომლებიც ყავლგასული პოპულიზმით, დემაგოგიით და დაძაბულობის ესკალაციით ცდილობენ მომავალ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ.

არადა, ყველაფერი მარტივია, ყველა პოლიტიკური ძალა, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ორი ხელიდან იკვებება: ერთი ოდესის გუბერნატორს ეკუთვნის, მეორე კი სოლოლაკის კოშკის ბინადარს. ერთი პირწავარდნილი მედასავლეთეობის, ანუ ღვთის პირიდან გადავარდნილობის და ქვეყნის უპერსპექტივო მომავლის გარანტორთა წრეა, მეორე რაციონალური მედავლეთეების, რეალისტი პროდასავლელების, რომელთა რიგებში სასურველია ვიხილოთ მეტი კვირიკაშვილი, მეტი ქუმსიშვილი, მეტი გამოცდილი ადამიანი და ნიჭიერი ახალბედა, ოღონდ არა უსუსურები, უპერსპექტივოები, უუნაროები. ასეთები არიან, მაგრამ ივანიშვილის გარშემო მათ ვერ ვხედავ, არადა, დრო არ ითმენს.

ავტორი: ბექა ციხისელი