საზოგადოება

“პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები ჯანდაცვის კუთხით პოპულისტურია”

საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და პოლიტიკური პარტიებიც წინასაარჩევნო დაპირებებს უხვად არიგებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მუდმივად აღელვებს, არის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. როგორ აპირებენ ამ საკითხების უკეთესად დარეგულირებას ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები და რამდენად რეალური და შესრულებადია საარჩევნო პროგრამებში ჯანდაცვის კომპონენტში არსებული დაპირებები? საკითხთან დაკავშირებით “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” პრეზიდენტ შოთა გულბანს ვესაუბრეთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია პოლიტიკური პარტიების დაპირებები წინასაარჩევნოდ ჯანდაცვის კუთხით?

– ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს უკვე ტრადიციად ექცათ წინასაარჩევნოდ პოპულისტური დაპირებების უხვად დარიგება. მოახლოვებული არჩევნებიც არ წარმოადგენს გამონაკლისს და ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიების მეშვეობით გვასმენინებენ არარეალურ და გაუაზრებელ დაპირებებს, მათ შორის ჯანდაცვის კუთხითაც.

საქართველოში რომ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ამაზე არავინ დაობს და ამას პოლიტიკური პარტიებიც ათვითცნობიერებენ. მიუხედავად ამისა, მათ პროგრამებში არსებული ჯანდაცვის კომპონენტი, აბსოლუტურად არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს საქართველოში, რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები დგანან და რომელთა რაოდენობაც თითქმის 500 ათასს აღწევს. ეს ციფრი 3,7 მილიონიან ქვეყანაში კატასტროფულია და მიანიშნებს იმაზე, რომ საჭიროა სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ფარმაცევტული სექტორის რეგულირებაში, პლუს ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გაწერისას, ჯანდაცვა უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთ პრიორიტეტს. მიმდინარე ეტაპზე ასეც არის.

ვერცერთი პოლიტიკური პარტიის დაპირებებში, რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ წინასაარჩევნო პროგრამები, ვერ ვნახე ის მექანიზმი, რით აპირებენ ნომერ პირველი პრობლემის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. მაგალითად “გირჩისთვის” პრიორიტეტია, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს სამედიცინო ბიზნესის საქმიანობაში და უზრუნველყოს კონკურენცია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაურევლობის პოლიტიკამ წლების განმავლობაში, დღეს მოგვცა ძვირი მედიკამენტები, ძვირი ლაბორატორიული მომსახურეობა, ფასების ზრდა და მოგების ზრდა კერძო კომპანიებისთვის გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე. რით აპირებენ ამ პრობლემასთან გამკლავებას არსად წერია. “გირჩი” ორიენტაციას აკეთებს კონკურენციის ზრდაზე და სახელმწიფო დაზღვევაზე, რომელსაც თავად ხშირად აკრიტიკებს ხოლმე, მიუხედავად ამისა, მათ მიერ დაანგარიშებული დაფინანსება სახელმწიფო დაზღვევაზე 501 მილიონ 600 ათასი, მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულ დაფინანსებას, საყოველთაო ჯანდაცვაზე.

რაც შეეხება თავისუფალი დემოკრატების დაპირებებს, მათ მიერ პროგრამაში ნახსენებ ყველა მიმართულებაზე სახელმწიფო ბოლო წლებია უკვე მუშაობს აქტიურად და მანდ ვკითხულობთ მხოლოდ იმას, თუ რის გაკეთებას აპირებენ მომავალში და არა იმას, თუ რაზე იმუშავეს უკვე და რა სიახლეს სთავაზობენ საზოგადოებას, ფრაზები ძალიან ზოგადია და არ შეიცავს კონკრეტიკას, – “სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება”, “მედიკამენტების გაიაფება და მათი ხარიხის კონტროლი”, “ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა” და ა.შ. ესენი ხომ ძალიან ნაცნობი და “გადაღეჭილი” წინადადებებია, რომლებითაც უკვე ათეულობით წლებია პოლიტიკოსები ცდილობენ ელექტორატის გულის მოგებას.

პაატა ბურჭულაძის პარტიის და ნაციონალური მოძრაობის პროგრამები ძალიან გავს ერთმანეთს. ორივე მათგანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შეძლებულმა მოსახლეობამ აღარ ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და გამოთავისუფლებული სახსრებით აპირებენ იმ მიზნობრივი სეგმენტის დაფინანსებას, რომელთაც უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფოსგან მხარდაჭერა. თეორიულად ეს კარგი მიდგომაა, რამაც ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა უნდა განაპირობოს, თუმცა, ჩვენთან ცოტა სხვა რეალობაა, ჩვენ არ გვყავს საზოგადოების ე.წ. საშუალო ფენა, ამის დეფინიციაც კი არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ მდიდრების მცირე ჯგუფი და ღარიბების უმრავლესობა, შესაბამისად აპელირება იმაზე, რომ მოვაკლოთ შეძლებულს და მივცეთ ღარიბს, – არის მხოლოდ პოპულიზმი და არ ეფუძნება რაიმე რეალურ გათვლებს, – მაგალითად მდიდრების რა ნაწილმა ისარგებლა ამ პერიოდის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რა დაუჯდა სახელმწიფოს მათი მომსახურება და ამ თანხების გადასროლით სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რამდენად მოვუგვარებთ მათ ისეთ პრობლემას, როგორიცაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, ძალიან საინტერესოა, როგორ აპირებს ნაცმოძრაობა გადასახადების შემცირებას და პარალელურად სოციალური ხარჯების ზრდას, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

– “პატრიოტთა ალიანსის” და “ქართული ოცნების” პროგრამებზე რას ფიქრობთ?

– “პატრიოტთა ალიანსს” ფაქტია, რომ კეთილშობილური ზრახვები ამოძრავებს, როცა ამომრჩეველს ეუბნება, რომ მუნიციპალური კლინიკებითა და საავადმყოფოებით სრულიად უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას. ისინი უფრო “შორსაც” წავიდნენ და ფიქრობენ, რომ ხელმოკლე ოჯახებისთვის საკვები, ტანსაცმელი და ტრანსპორტიც კი უფასო უნდა იყოს, ეს ძალიან მიმზიდველად ჟღერს გაჭირვებული მოსახლეობისთვის, თუმცა, რომ დაეკონკრეტებინათ საიდან, ან რის ხარჯზე აპირებენ ძალიან დიდი სახსრების მობილიზიბას, უფრო დამაჯერებლები იქნებოდნენ.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მათ ჯერ არ გამოუქვეყნებიათ პროგრამა, თუმცა, მათ პოლიტიკას ჯანდაცვასთან მიმართებაში უკვე კარგად ვიცნობთ. ძალიან კარგი იქნება, თუ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, მედიკამენტებით უზრუნველყოფას გაზრდიან და მეტ ყურადღებას მიაქცევენ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასწარმოქმნის პოლიტიკას.

ბაჩანა ჯინჭარაძე

[wpolling id=”13″ width=”” height=””]