პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოდან აღდგება.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისა და გზის გაფართოების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და კონტრაქტორ კომპანიას ბოლო მითითებები მისცეს.
„პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები სრულდება. მომდევნო კვირიდან მოძრაობა უკვე ორივე მიმართულებით გაიხსნება. პროექტი ძალიან ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი – აქ განიტვირთება, როგორც საავტომობილო მოძრაობა, ასევე გადაადგილება ტურისტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გახდება უფრო კომფორტული. გაკეთდა სავალი ბილიკი, რაც ადრე არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულია, რაც ასევე ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და შესაბამისად პროექტის განხორციელების შედეგად ეს არეალი კიდევ უფრო მეტად განვითარდება“ , – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც მერიაში განმარტავენ, ახალი ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს – თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.
”ესტაკადა ლითონის კონსტრუქციით არის ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია. ახალი ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდება.
მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რაც ტურისტული თვალსაზრისით და ვიზიტორების გადაადგილების კუთხით აღნიშნულ ტერიტორიას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია CRP აწარმოებს და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარია გამოყოფილი.
წყარო: BPN