საზოგადოება

რა ხდება ბოტანიკურ ბაღში და რას გვეუბნებიან “გარემოზე მზრუნველი” “ნაციონალები”

მიმდინარე კვირას საკმაოდ აქტუალური იყო ბოტანიკური ბაღის ირგვლივ შექმნილი გაუგებრობა, რომელიც კომპანია “ფინსერვისსა” და ბაღს შორის ნაკვეთების გაცვლამ გამოიწვია. თემის ირგვლივ ატყდა აჟიოტაჟი მოეწყო პატარ-პატარა, მაგრამ ბევრი აქცია. “ნაციონალური მოძრაობის” და მათთან აფელირებული გარემოს დამცველი ორგანიზაციების მხრიდან გაკეთდა საკმაოდ ხმამაღალი, ეპატაჟური და დრამატული განცხადებები, შინაარსით – “ქვეყანა ინგრევა”, “ოლიგარქი გვართმევს რეკრეაციულ ზონებს” და ა.შ. ბუნებრივია, ასეთი ტიპის უშინაარსო განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ რამენაირად საზოგადოებაში ნიჰილისტური და პესიმისტური განწყობები დაინერგოს. რა თქმა უნდა, ეს “ნაციონალების” სტრატეგიული სვლა და მთავარი ამოცანაა, იმდენად, რამდენადაც საარჩევნო წელია და ცხადია, რომ ამ პარტიას ძალიან აწყობს მაქსიმალურად გაუგებრობისა და ქაოტური მდგომარეობის შექმნა. მათი ნებისმიერი ქმედება პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობაა და მეტი არაფერი.

აქვე შეიძლება გავიხსენოთ ასეთივე, უშინაარსო და სრულიად არაადეკვატური აყალ-მაყალი გურიაში ხის გადარგვასთან დაკავშირებით. სადაც სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თურმე არც ისე დრამატული იყო ვითარება, როგორც ამას “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობდა.

უფრო სიღრმისეულად, რომ გავაანალიზოთ ბოტანიკური ბაღის ქეისი, ვნახავთ, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს და როგორც ზოგიერთი მედია საშუალება გვთავაზობს ამ საკითხის გაშუქებას.

საკითხი ეხება იმას, რომ ბოტანიკურ ბაღსა და შპს “ფინსერვისს” შორის დაიდო შეთანხმება სადაც ანალოგიურ ფართობებს ერთმანეთში ცვლიან. ფართის კორექტირებით ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი, ქვა-ღორღოვანი, განაპირა, ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკე ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე განაშენიანებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია და მიმდებარე ტერიტორიას ბოტანიკური ბაღის თემატური განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია.

გარდა ამისა, როგორც ვიცით, თბილისის მერიის მიერ იგეგმება კრწანისის და შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. შესაბამისად, შემოერთებული ტერიტორიით ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშირდება “კრწანისი-შინდისის” ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი, რაც ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ბოტანიკურ ბაღს განვითარებაში.

უფრო მეტი სიცხადისთვის ვთქვათ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორია არცერთი გოჯით არ შემცირებულა, უბრალოდ მოხდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული 4 ჰექტარი გამოუყენებელი ხევის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე არსებული უფრო კარგი ხეხილიანი, ვაკე, განაშენიანებული და პერსპექტიული (კრწანისი შინდისის გზასთან ინტეგრაცია) ტერიტორიით ჩანაცვლება.

13148059_1005843962830946_710581834_o

დავსვათ მარტივი შეკითხვა, დაზარალდა თუ არა ბოტანიკური ბაღი? პასუხი მარტივი და ცალსახაა ბაღი “მოგებული” დარჩა იმდენად, რამდენადაც გამოუსადეგარი ხრამი შესანიშნავ მიწის ნაკვეთში გაცვალა. ამ შემთხვევაში დაზარალებული სწორედ ბიძინა ივანიშვილის “ფინსერვისი” გამოდის გამომდინარე იქიდან, რომ ბაღის სასარგებლოდ მისთვის სრულიად გამოუყენებელი ტერიტორია მიიღო.

“ნაციონალური მოძრაობა”, ასევე, აკრიტიკებს, გამოცხადებულ აუქციონს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და დაკავშირებულია ახალ კრწანის-შინდისის დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურულ პროექტთან. თუმცა ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტად საკითხის დრამატირებისთვის ამ 29 ჰექტართან დაკავშირებულ აუქციონსაც ბოტანიკური ბაღის ირგვლივ არსებულ გაუგებრობასთან აკავშირებს.

ამგვარად, ფლორასა და ფაუნაზე განსაკუთრებული ზრუნვის სურვილით წარმოდგენილი ყოფილი მმართველი პარტიის წევრები, თავიანთი დევიანტური გამოსვლებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, ბადებენ ეჭვს, რომ ეს უშინაარსო გამოსვლები მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისკენ არის მიმართული და არანაირი კავშირი არ აქვს ბოტანიკურ ბაღზე ზრუნვის კუთხით.