“რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ჩარევის ბერკეტი ცესკოში” – არჩილ თალაკვაძე
რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ ცესკოში პოლიტიკური ჩარევის ბერკეტი შეინარჩუნოს და რაც მთავარია, იტოვებს შესაძლებლობას, რომ არჩევნებში შესაძლო მარცხი, საარჩევნო ადმინისტრაციას დააბრალოს – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებები, რომელსაც დღეს პარლამენტი მხარს დაუჭერს, საქართველოს ისეთივე საარჩევნო ადმინისტრაციას და რეგულაციებს მისცემს, რომელიც ევროპის ქვეყნებს აქვთ.
“ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ექნება ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია და ისეთი რეგულაციები, როგორიც აქვს ყველა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოს. სწორედ ეს არის ჩვენი არგუმენტი, რომ ცესკო უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევისგან დაცული და მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ არჩევნები მაქსიმალურად დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში ჩაატაროს. ხოლო მოდელი, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს პრაქტიკულად, არ აქვს არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს. მათ ვერ მოაქვთ ერთი მაგალითიც კი, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი რომელიმე განვითარებულ დემოკრატიაში მოქმედებს. ეს ადასტურებს ერთადერთს, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ჩარევის ბერკეტი ცესკოში და რაც მთავარია, იტოვებს შესაძლებლობას, რომ არჩევნებში შესაძლო მარცხი, საარჩევნო ადმინისტრაციას დააბრალოს. ისინი უფრო ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე არჩევნების დღისთვის და წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ამიტომ სჭირდებათ მიზეზი, თუ რას დააბრალონ საკუთარი პოლიტიკური მარცხი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში,” – განაცხადა თალაკვაძემ.