17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რამდენად კარგი საზომია მშპ ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად

მშპ–ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას არ განაპირობებს

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, მუდმივად წარმოადგენდა განხილვის, მსჯელობისა და დაკვირვების საგანს. ამ პერიოდის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ შეიცვალა ქვეყნის მთავრობა, შესაბამისად იცვლებოდა გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებდა ეკონომიკურ ზრდას. ფაქტი ერთია, საბჭოთა პერიოდში, ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი საქართველოს რესპუბლიკა, უღარიბეს ქვეყანად გადაიქცა. ეს კი ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული, ერთის მხრივ საომარი მოქმედებებით და მეორეს მხრივ მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკის არ არსებობით, რაც შესაბამისი და ადაპტირებადი იქნებოდა გეგმიური ეკონომიკისთვის საბაზრო ეკონომიკად ტრანსფორმირებისთვის. ფაქტობრივად, ამ უკანასკნელმა განაპირობა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის 25 წლიანი ფუნქციონირების პერიოდში განვითარების დაბალი დონის მიღწევა.

როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკის უწინდელ და ამჟამინდელ მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, ციფრებში გამოხატული მაჩვენებლები და მონაცემები მნიშვნელოვანი ანალიზის შესაძლებლობას გვაძლევს. თუ მაგალითად 2015 წლის მშპ–ს საბაზრო ფასებში შევადარებთ 1996 წლის მშპ–ს ანალოგიურ მაჩვენებელს, ვნახავთ, რომ მშპ 719%–ით გაიზარდა, ერთი შეხედვით შთამბეჭდავი ზრდაა, თუმცა რამდენად აისახა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე? ეკონომიკური სკოლების ერთი ნაწილი, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს, მოსახლეობის კეთილდღეობას უკავშირებენ, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ეს ცნება ეტაპობრივად კარგავს აქტუალობას და ამ საკითხზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობები საერთაშორისო დონეზე, მაგალითად დავოსის 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განხილვის ერთ–ერთი საკითხი, სწორედ მშპ–ს, როგორც ეკონომიკური მდგომარეობის არაეფექტური მზომავის გადახედვის თემა იყო.

დღეს საქართველოში მსგავსი მსჯელობა განსაკუთრებით რელევანტურია, რასაც ადასტურებს შემდეგი ფაქტი: 2003 წლის ვარედბის რევოლუციის შემდეგ 2012 წლამდე, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, რაც ძითადად მიიღწეოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით და დიდი მოცულობით საგარეო ვალისა და გრანტების აღებით, სწორედ ამ პერიოდში ქვეყანამ მიიღო მილიონნახევარზე მეტი მოქალაქე, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული სოციალური დახმარების მიმღებად, ანუ “საამაყო” მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პარალელურად საქართველომ მიიღო სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ნახევარი.

როგორ ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლა

საქართველოში, მშპ–ს გაანგარიშება მიმდინარე ფასებში, ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სამი სხვადასხვა მეთოდით:

  1. წარმოების მეთოდი:

მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროის შესაბამის პერიოდში ეკონომიკის რეზიდენტი ერთეულების მიერ შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულებების ჯამს დამატებული გადასახადები პროდუქციაზე და იმპორტზე (დღგ, აქციზი და საბაჟო გადასახადი) მინუს სუბსიდიები პროდუქტებზე.

გაანგარიშების სქემა:

საქმიანობის სახეობების მიხედვით პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) მთლიანი გამოშვება საბაზისო ფასებში – საქონელისა და მომსახურების გამოშვებისათვის გამოყენებული შუალედური მოხმარება = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო ფასებში +  გადასახადები პროდუქციაზე და იმპორტზე – სუბსიდები პროდუქტებზე = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში.

გამოყენების(დანახარჯების) მეთოდი

მშპ–ს გაანგარიშება დანახარჯების მეთოდით ეფუძნება ეკონომიკის რეზიდენტი ერთეულების მიერ მიმდინარე პერიოდში გაწეული დანახარჯების გამოთვლას. გაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:

შინამეურნეობების სამომხმარებლო ხარჯები + შინამეურნეობების მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურება + სახელმწიფო მართვის ორგანოების მიერ გაწეული კოლექტიური (სახელმწიფოს მართვა, თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა) და პერსონალური (განათლებისა და ჯანდაცვის) მომსახურება +  ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირება + მატერიალური საბრუნავი საშუალებების მარაგების ცვლილება = მთლიანი შიდა ხარჯები საბაზრო ფასებში + საქონლისა და მომსახურების ექსპორტი – საქონლისა და მომსახურების იმპორტი = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში.

შემოსავლების მეთოდი:

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება შემოსავლების მეთოდით ემყარება იმ ინსტიტუციური ერთეულების შემოსავლების ჯამს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საქონლისა და მომსახურების შექმნაში მოცემული პერიოდის განმავლობაში.

გაანგარიშების სქემა:

შემოსავალი დასაქმებიდან დარიცხული ხელფასისა და დანამატების სახით (ხელფასზე

დარიცხული გადასახადების ჩათვლით) + თვითდასაქმებიდან მიღებული შერეული შემოსავალი + კომპანიების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მთლიანი მოგება + გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე – სუბსიდიები წარმოებასა და პროდუქტებზე = მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში.

როგორია ცნობილი ეკონომისტების აზრები და შეფასებები მშპ–ს, როგორც ეკონომიკური ზრდის ეფექტურ მზომავთან დაკავშირებით

მშპ რომ კარგი მზომავი არ არის ეკონომიკური ზრდის, ამაზე დავოსის 2016 წლის ეკონომიკურ ფორუმზე საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული ეკონომისტები საუბრობენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, ნობელის პრემიის გამარჯვებული ჯოზეფ სტიგლიცი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ერიკ ბრინჯოლფსონი ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიოს ცვლილებებთან ერთად, უნდა შეიცვალოს ის, თუ როგორ ვზომავთ ამ ცვლილებების პროგრესს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნის მშპ არის საქონლისა და მომსახურების საბოლოო ღირებულებების ჯამი, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, თუმცა როდესაც ეს კონცეფცია შეიქმნა 1930–იან წლებში, კაცი რომელიც ამის უკან იდგა, სიმონ კუზნეცი, საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ ეს არ იყო შესაფერისი მზომავი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა. ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ერიკ ბრინჯელფსონმა განაცხადა, მისი თქმით სიმონ კუზნეცს კარგად ესმოდა, რომ მშპ არ ზომავს კეთილდღეობას და იმას, თუ რამდენად კარგად ართმევენ ადამიანები საქმეს თავს, ის ითვლის, მხოლოდ ადამიანების მიერ ნაყიდი და გაყიდული საქონლისა და მომსახურებების ღირებულებას და სავსებით შესაძლებელია, რომ მშპ–მ კეთილდღეობა არასწორად ასახოს.

თითქმის ანალოგიური არგუმენტები მოყავს კრისტინ ლაგარდსაც, მისი თქმით აუცილებელია გადაიხედოს მშპ–ს დაანგარიშების პროდუქტიულობა, იმისათვის, რომ საგნების ღირებულებები, რომლებსაც ითვლის მშპ, იყოს რეალური ცვლილებებისა და პროგრესის ამსახველი.

ჯოზეფ სტიგლიცის თქმით, აშშ–ს მშპ თითქმის ყოველ წელს იზრდება, გამონაკლისი 2009 წლის გარდა, თუმცა ამერიკის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, არის უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე საუკუნის მესამედის უკან. საბოლოოდ, რეალური შემოსავლები, რაც არის დღეისათვის დადგენილი ამერიკაში, არის ნაკლები, ვიდრე 60 წლის უკან, ეს არის ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ მუშაობს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის. ასე რომ, რასაც ჩვენ ვზომავთ, ინფორმაციას იძლევა იმის შეახებ, თუ რას ვაკეთებთ, და თუ არასწორად ვზომავთ, ესე იგი, არასწორი მიმართულებით მივდივართ, – აცხადებს სტიგლიცი დავოსის ეეკონომიკურ ფორუმზე.

შოთა კორინთელი