ეკონომიკა

რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედება რამოდენიმე მიმართულებით ბადებს კითხვას: პირველი, წალეკავს თუ არა ჩინური იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი წარმოების ქართულ პროდუქციას, მეორე, რა სახის ინვესტიციების განხორციელებაა მოსალოდნელი ჩინური მხარის მიერ საქართველოში, მესამე, რამდენად შეუძლია ქართულ პროდუქციას ჩინეთში ადგილობრივი წარმოების პროდუქციას კონკურენცია გაუწიოს და ასევე, გაიზრდება თუ შემცირდება ჩინეთთან ექსპორტ–იმპორტის ბალანსი?

თანმიმდევრულად გავცეთ თითოეულ კითხვას პასუხი. ხშირად მიდის საუბრები იმაზე, რომ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში ჩვენი დახლები გაივსება ჩინური პროდუქციით და ადგილობრივ წარმოებას რეალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. რეალურად არსებობს თუ არა ამ მიმართულებით საფრთხე, ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ჩინური საწარმო, რომელსაც წარმოების უზარმაზარი მოცულობა აქვს და რომლისთვისაც ფიქსირებული ხარჯებიც საკმაოდ დაბალია, ყოველთვის აჯობებს ფასით ქართველ მეწარმეს –

“რაც უნდა კარგი და ულტრათანამედროვე საწარმო გააკეთოთ, როგორი სრულყოფილი ტექნოლოგიაც უნდა დანერგოთ, ჩინურ წარმოებას კონკურენციას ვერ გაუწევთ! ბევრ შემთხვევაში, ჩინური წარმოება სახელმწიფოს მიერ დოტაციურია და ამ დეტალების გათვალისწინება ქართველი მეწარმეებისთვის აუცილებელია. მართალია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ მთავრობამ უნდა იფიქროს, როგორ დაიცვას ქართული წარმოება და პროდუქცია. ქართული ბიზნესისთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რადგან კომუნისტური პარტიის პოლიტიკის გავლენის ქვეშ მყოფი თავისუფალი ბაზრის ელემენტებით, დაბალი ფასებითა და ფიქსირებული ხარჯებით, ჩინური პროდუქცია უკონკურენტოა. ამიტომ დასაფიქრებელია, რამდენად შეექმნებათ ჩვენს მეწარმეებს პრობლემები კონკურენციის მხრივ. ამას გარდა, ჩინური საქონელი საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოში. რაც გვაქვს, ყველაფერს MADE IN CHINA აწერია, საქართველოს ბაზარი მათთვის თითქმის ღიაა. აქედან გამომდინარე, დიდ საშიშროებასაც არ უნდა ველოდეთ”

– აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

რა სახის ინვესტიციებია მოსალოდნელი? რამოდენიმე მიმართულებით მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს ჩინური მხარე. პირველ რიგში ესაა სრულიად ახალი თბომავალმშენებელი ქარხნის მშენებლობა თბილისში. აგრეთვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და აბრეშუმის გზის პროექტი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქუთაისში, 35.92 ჰექტარზე, ,,ჰუალინგის” თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა განთავსებული, რომელიც ჩინურმა კომპანიამ ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოაწყო. ოფიციალური ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში ,,ჰუალინგ ჯგუფის” მიერ განხორციელებული ინვესტიცია 31 170 000 აშშ დოლარია. ინდუსტრიულ ზონაში ,,ჰუალინგ ჯგუფმა” უკვე შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხის გადამამუშავებელი ავეჯის დამამზადებელი საწარმოები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ. ამ საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტი კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ხორციელდება.

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ნიშნავს უზარმაზარ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შესახებ მან პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა :

“ჩინეთის პრემიერმა დააყენა საკითხი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ესაა უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისათვის, ბიზნესმენებისათვის. ეს არის მილიარდ 600 მილიონიანი ბაზარი. მსოფლიოში ამაზე დიდი ბაზარი არ არსებობს. ჩვენ ამ წელიწადში მოვახერხეთ ევროპის 500-მილიონიანი ბაზრის გახსნა, უფრო ადრე კი ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის წყალობით რუსეთის ბაზარზეც დავბრუნდით. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან საქართველოს ვაჭრობას 9%-ით გაზრდის, ხოლო საქართველოში ჩინური საქონლის იმპორტი 1,7%-ით მოიმატებს”

– აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებეზე ეკონომისტი ემზარ ჯგერენაიაც ამახვილებს ყურადღებას, მისი დამოკიდებულება ამ კუთხით ნეგატიურია –

“საქართველოს ექსპორტი მიზერულია და ამას არც 9%-თ გაზრდა უშველის და არც 90%-ით. საჭიროა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მისი გადაყვანა ინოვაციურ რელსებზე. მთავარია თანამედროვე ეკონომიკური სფეროების ამოქმედება. მნიშვნელობა არ აქვს, მოხდება თუ არა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება. თავისუფალი ვაჭრობა დაშლილ-დანგრეულ ქვეყანას, რომელსაც 16-მილიარდიანი ეკონომიკა აქვს, არაფერს არ აძლევს. საქართველოს გასაყიდი არაფერი აქვს, ნაგვის გარდა. საქართველოს ექსპორტი უმნიშვნელოა, ჩინეთში ექსპორტი კი მით უფრო უმნიშვნელო. საერთოდ, სათვალავში არ არის მისაღები. როდესაც ქვეყნის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ხილი, იმ ქვეყნის ეკონომიკას არც ჩინეთთან ურთიერთობა უშველის, არც ევროკავშირთან ასოცირება და არც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა”

– მიიჩნევს ჯგერენაია.

საქართველოს ჩინეთთან ვაჭრობის კუთხით მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს. 2015 წლის იანვარ–სექტემბრის მონაცემებით საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჩინეთთან 360 125 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ. გაიზრდება თუ არა ექსპორტის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩამოყალიბდება და გაუქმდება საბაჟო და სატარიფო გადასახდელები, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუმცა მანამდე მთავრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის, რადგან თურქეთის შემთხვევა არ განმეორდეს, როცა თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებამ, მხოლოდ თურქეთის მხარეს მოუტანა სარგებელი.