02/05/2024
Latest:
მსოფლიო

რატომ იქნება ძნელი ტრამპის ეკონომიკური დაპირებების შესრულება

 

“რატომ იქნება ძნელი ტრამპის ეკონომიკური დაპირებების შესრულება” – ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი The New York Times-ი სტატიას, რომლის ავტორის ნილ ირვინის თანახმად, საშუალო კლასს გადასახადები შეუმცირდება, მაგრამ მდიდრებს – არა.

ამერიკულ ბიზნესებს უფრო ნაკლები გადასახადის გადახდა დაეკისრებათ, რის შედეგად, შეერთებულ შტატებში მილიარდობით დოლარის კაპიტალის რეპატრიაცია მოხდება. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდა მდგრადი იქნება ყოველწლიურად სამიდან ოთხ პროცენტამდე, რაც თავის მხრივ აღკვეთს ბიუჯეტის დეფიციტის უზომოდ ზრდას.

ესაა ის ეკონომიკური მომავალი რომელსაც გვპირდებიან ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი და ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი”, – ვკითხულობთ The New York Times-ის სტატიაში.

სტატიის ავტორის ცნობით, დაპირებული ეკონომიკური ზრდა ძნელად მისაღწევი იქნება დღევანდელი დემოგრაფიული მდგომარეობის ფონზე. გარდა ამისა, ტრამპისადმი მეგობრულად განწყობილი ანალიტიკოსებიც კი აღიარებენ რომ ბიუჯეტის დეფიციტი შესამჩნევად გაიზრდება და ამის ერთერთი ფაქტორი იქნება მდიდრებისთვის საშემოსავლო გადასახადის შემცირება დღევანდელი 39.6 პროცენტიდან სამომავლო 33 პროცენტამდე.

`მიუხედავად ამისა, სტივენ მნუჩინი აცხადებს რომ ეს იქნება უდიდესი საგადასახადო შემცირება რეიგანის დროიდან მოყოლებული. მომავალი ფინანსთა მინისტრის თანახმად, დაკარგული საბიუჯეტო შემოსავალი კომპენსირებული იქნება საგადასახადო შეღავათების შემცირებით.

ჯერჯერობით არაა ნათელი, რამდენად შეესაბამება ეს დაპირებები იმ ეკონომკიურ გეგმას, რომელიც დონალდ ტრამპმა გასულ სექტემბერს გააცნო თავის ამომრჩევლებს. ეგება ეს უფრო პოლიტიკურ მანევრს ჰგავს რომელსაც ტრამპის მიერ შერჩეული მინისტრები ეწევიან.

ორივე მათგანი აცხადებს რომ მათი ეკონომიკური გეგმა სულაც არ გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, რამეთუ გადასახადების შემცირება ბიძგს მისცემს ეკონომიკური ზრდის დინამიკას რაც თავის მხრივ გაზრდილი ეკონომიკური შემოსავლით შეავსებს საბიუჯეტო დანაკარგს.

ტრამპის გეგმით გათვალისიწნებულმა საგადასახადო შეკვეცებმა სინამდვილეში უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა გამოიწვიოს ვიდრე ამაზე ისტორიული გამოცდილება მიუთითებს, თუკი მართლა გვსურს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მივიღოთ.

რამდენად რეალურია ასეთი ეკონომიკური ზრდა?

ამ უკანასკნელის დინამიურობის შემთხვევაშიც კი ფედერალური შემოსავლები ჯამურად 2.6 ტრილიონი დოლარით შემცირდება 3.9 ტრილიონი დოლარის ნიშნულამდე შემდგომი 10 წლის მანძილზე და თუკი ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შემცირდა სახელმწიფო ხარჯები, მაშინ ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება და ერთი მესამედით გადააჭარბებს იმ დონეს, რომელსაც კონგრესის საბიუჯეტო სამსახური პროგნოზირებს.

მიუხედავად ამისა, მომავალი ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი ხმამაღლა აცხადებს რომ მისი ადმინისტრაციის უმთავრესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება, ყოველწლიურად სამიდან ოთხ პროცენტამდე. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი სტაბილურად მიღწევადი იქნება.

გასული საუკუნის მეორე ნახევარში, ყოველწლიურად საშუალო ეკონომიკური ზრდა 3.5 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, გასული 15 წლის განმავლობაში ეს საშუალო ყოველწლიური ზრდა 2 პროცენტამდეა დაცემული. ისე რომ მიზანდასახული ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ტრამპის ადმინსიტრაციას მოუწევს მნიშვნელოვანი სიძნელეების გადალახვა, რომლებსაც დემოგრაფიული ვითარება ქმნის.

საამისოდ კი ადმინისტრაციას დაჭირდება ან საპენსიო ასაკის მომატება, ან ქვეყანაში იმიგრაციის გაზრდა, ნაცვლად მისი შეკვეცისა. და თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ამერიკის ეკონომიკა რამენაირად უფრო ეფექტური უნდა გახდეს რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი ზრდა სასურველ დონემდე.

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ტრამპის გუნდი ამჟამად ძალღონეს არ იშურებს რათა საარჩევნო კამპანიისას გაცემული დაპირებები რეალობად აქციოს. თუმცა, ის სულ მალე დარწმუნდება რომ ყველაზე დიდი დაბრკოლება ხსენებული დაპირებების შესასრულებლად სხვა არაფერია თუ არა – ეკონომიკური მათემატიკა”, – ნათქვამია გაზეთ The New York Times-ის სტატიაში.