19/05/2024
Latest:
საზოგადოება

რეალურია თუ არა დოლარში აღებული სესხის ძველი კურსით დაბრუნების პერსპექტივა

,,სამართლებრივად 389-ე მუხლი იმპერატიული შინაარსის არის, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონით, სხვა ალტერნატივა არ არის გათვალისწინებული და საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ამ მუხლშია მითითებული”.

განსახილველ შემთხვევაში, ამას უპირისპირდება მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი სამოქალაქო ბრუნვაში. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მხრიდან იძულება არ ხდება და მხარეები თავისუფალნი არიან ნების გამოვლენაში, უფლება აქვთ შეთანხმდნენ კანონით გაუთვალისწინებელ პირობებზეც. ქვეყანაში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება კვლავ გრძელება, ლარმა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმსაც კი მიაღწია. ამ სიტუციაში, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ის ადამიანები აღმოჩნდენ ვისაც ბანკიდან კრედიტები დოლარში ჰქონდათ გამოტანილი. მათ ყოველთვიური შესატანი თანხა საკმაოდ გაეზარდათ და ეროვნული ვალუტის გაუფასურება საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვათ. ამ ფონზე, საკმაოდ საინტერესო განცხადებას ავრცელებს ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი-ექსპერტი დავით ზარდიაშვილი. მისი განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლში წერია, რომ ბანკი ვალდებულია დოლარზე ლარის კონვერტაცია იმ კურსით აწარმოოს, რაც დოლარის გასესხებისას არსებობდა.

მუხლი 389: ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან იცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

რამდენად შესაძლებელია, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე მოქალაქემ სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს მის მიერ აღებული კრედიტის ძველი კურსით გადახდა, არსებობს თუ არა ამის პრაქტიკა და კონკრეტულად რას გულისხმობს 389–ე მუხლი, ამ საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს“ იურისტი, გვანცა ცატავა ესაუბრა. მისი განცხადებით, 389–ე მუხლი სამოქალაქო კოდექსში ნამდვილად არსებობს კოდექსის მიღებიდან, თუმცა, ეს არის მკვდარი მუხლი, რომლის გამოყენებაც ჯერ არ მომხდარა.

,,ეს მუხლი სამოქალაქო კოდექსში ნამდვილად არსებობს, უბრალოდ, არის ეგრეთწოდებული მკვდარი მუხლი, რომლის გამოყენებაც არ მომხდარა და ამასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკა არ არსებობს. როდესაც ლარის კურსმა ცვლილება დაიწყო, მე შევისწავლე ეს მუხლი და მსურდა სარჩელის აღძვრაც აღნიშნული მუხლის საფუძველზე. თუმცა, მაშინ მე ვერ ვნახე ადამიანი, ვინც მზად იქნებოდა სასამართლოში სარჩელის შესატანად. ადამიანები უარს ამბობდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაათ ეშინოდათ სესხზე პროცენტის გაზრდის ან ფინანსური ზარალის. ეს არის იმპერატიული შინაარსის მუხლი, რომლის გამოყენება არსებული რედაქციით სავალდებულო ხდება, როდესაც მხარეები არ შეთანხმებულან კურსის ცვლილებისას ვალდებულების დაფარვის პირობებსა და წესზე. სამოქალაქო კოდექსი იცნობს ისეთ ნორმებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად, მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა. თუმცა, რა თქმა უნდა, შეთანხმების ბათილობა ამ შემთხვევაში ავტომატურად არ ხდება, ამ მუხლის საფუძველზე შეთანხმების ბათილად ცნობა უნდა მოხდეს სასამართლო გზით. ამიტომ, ჩემი აზრით, იმ შემთხვევაში თუ აღიძვრება სარჩელი სასამართლოში, როდესაც მხარე მოითხოვს მისი ვალდებულების დაფიქსირებას, არა იმ კურსით რომელიც უწერია ხელშეკრულებაში, არამედ ისე როგორც კანონში წერია, სავარაუდოდ, სასამართლომ უნდა დააკამაყოფილოს მსგავსი სარჩელი. სარჩელში უნდა მოხდეს მოთხოვნის სამართლებრივად კომპლექსური დასაბუთება. მხოლოდ 389-ე მუხლი ვერ იმოქმედებს იმ შემთხვევაზე, როდესაც მხარეები შეთანხმებულნი არიან ვალდებულების შესრულების სავალუტო პირობებზე“,

– აცხადებს გვანცა ცატავა.

მისი შეფასებით, თუკი სასამართლო დააკმაყოფილებს მოქალაქის სარჩელს, მოსალოდნელია, რომ ამ მუხლის საფუძველზე ძირეული ცვლილებები მოხდეს საბანკო სისტემაში. ამიტომ, წინასწარ უჭირს იმაზე საუბარი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

,,ასეთი სარჩელის დაკმაყოფილება და პრაქტიკის დამკვიდრება ძირეულად შეცვლის საბანკო სისტემას. ასეთი სარჩელი პერსპექტიულია და მე მზად ვარ საცდელად, პრეცედენტის დასაშვებად უფასოდ მოვემსახურო მსურველს, რომელიც განაცხადებს თანხმობას ამ სარჩელის აღძვრაზე“, – აცხადებს გვანცა ცატავა.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]