22/05/2024
Latest:
საზოგადოება

ბათუმში ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველი საერთაშორისო გამოფენა EXPOMED BATUMI 2016 გაიმართება

“ჯეო-მედ-ექსპოს” მიზანია, რეგიონში ყველა სეზონზე იყოს ეკონომიკური აქტივობა

14–16 აპრილს საგამოფენო კომპანია, GEONET EXPO ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველ საერთაშორისო გამოფენას EXPOMED BATUMI 2016” ატარებს. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად  ორგანიზაცია იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.

საერთაშორისო გამოფენა EXPOMED BATUMI 2016 ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. მოწვეული იქნება სხვადასხვა  ქვეყნის  წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას  ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, პოლონეთი.

EXPOMED BATUMI  2016 თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალურუ დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, მედია მხარდამჭერი –  აჭარის ტელევიზია და გაზეთი AJARA BUSINESS WEEK’’.

ამ გამოფენის მნიშვნელობასა და არსებულ პერსპექტივებზე “ბანკები და ფინანსებთან”, კომპანიის დირექტორი ოსმან ჩალიშკან (მჟავანაძე) საუბრობს.

–  რას გულისხმობს ეს გამოფენა და რა მიზანი აქვს ისახავს?

–  ეს იქნება საერთაშორისო გამოფენა, “ექსპო-მედ-ბათუმი”. გვინდა, რომ შვიდი ქვეყნის კომპანიები მაინც იყოს წარმოდგენილი, ასევე, გვინდა, რომ ერთი ქვეყნიდან მინიმუმ ორი კომპანია იყოს წარმოდგენილი. გამოფენის მიზანია, იმ ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობენ, გაუადვილდეთ კონტაქტების დამყარება სხვა უცხოურ კომპანიებთან. ასევე გვინდა, რომ ადგილზე გაფორმდეს მემორანდუმები, ჩატარდეს პრეზენტაციები, ეს მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც. ჩვენ ყველა გამოფენას არასეზონურ პერიოდში ვატარებთ, მაშინ როდესაც რეგიონში ვიზიტორების ნაკლებობა იგრძნობა. ვცდილობთ ჩვენს აქტივობებში ჩავრთოთ ყველა სფერო, როგორც სასტუმროები ისე კვების ობიქტები და ა.შ. “ჯეო-მედ-ექსპოს” მიზანია, რეგიონში ყველა სეზონზე იყოს ეკონომიკური აქტივობა. წელს ჩვენ, უკვე დაგეგმილ გამოფენებს, დავამატეთ კიდევ ორი გამოფენა. ეს არის “ექსპო-ტექსტილ-ბათუმი 2016”, ასევე იქნება ერთ-ერთი გამოფენა აუცილებლად ავტო სფეროში, იქნება ავეჯის გამოფენაც. გვინდა, რომ ამ პროცესებში ჩვენთან ერთად ჩაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. რადგან დიპლომატიური კორპუსი უფრო მეტად შეუწყობს ხელს, ინფორმაციის გავრცელებას, საერთაშორისო ასპარეზზე.

– რაც შეეხება “ექსპო-მედ-ბათუმს”, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გეგმავენ გამოფენაში მონაწილეობას ?

– გამოფენაში მონაწილეობას გეგმავს თურქეთის, ირანი, პოლონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

– ქართულ კომპანიებთან როგორ მიდის მოლაპარაკებები, რამდენად გამოთქვამენ მზაობას, რომ ითანამშრომლონ უცხოელ პარტნიორებთან?

–  სანამ გამოფენაზე დავიწყებდით მუშაობას, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ კომპანისთან. მათი მხრიდან, რასაკვირველია, იყო მზაობა და სრული მხარდაჭერა, ვინაიდან მათ ინტერესებშიც შედის ამ გამოფენის ჩატარება ბათუმში. ეს გამოფენა აძლევს საშუალებას ქართულ კომპანიებს დაამყარონ კავშირი უცხოელ პარტნიორებთან.

– რაც შეეხება სამედიცინო ტურიზმს, როგორ გგონიათ, რამდენად აქვს რეგიონს ამ კუთხით პოტენციალი?

– ჩემი აზრით, სამედიცინო ტურიზმის კუთხით პოტენციალი არამხოლოდ აჭარას, არამედ მთელს საქართველოს აქვს. ეს გამოფენა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო იქნება შედეგის მომტანი. იმდენად რამდენადაც, ყველა ის ვიზიტორი კომპანია, რომელიც ჩამოვა გამოფენაზე, მჭიდრო კავშირს დაამყარებს ადგილობრივ კომპანიებთან, რაც საბოლოო ჯამში დადებით შედეგს მოგვცემს, თუნდაც სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით.

– დაახლოებით, თუ შეგიძლიათ თქმა ღონისძიების ფარგლებში რამდენ ვიზიტორს ელოდებით?

– დაახლოებით 80 კომპანიას ველოდებით, შესაბამისად, ღონისძიება საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება.

გიორგი სირაძე