ეკონომიკა

როგორ განვითარდება ქართული ენერგეტიკა “ხუდონჰესის” გარეშე

ანდრია გვიდიანი

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი

ენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიულ მიზანს ენერგორესურსებზე თავისუფალი წვდომა და ამ რესურსების მიწოდების საიმედოობა წარმოადგენს. რესურსების რაციონალური ათვისება, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მთავარი ამოცანაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ენერგოპოტენციალის მაქსიმალური ათვისება და გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ქვეყნების განვითარების უპირობო თავსატეხია. მიუხედავად ამისა, თანამედროვე მსოფლიოში, რესურსების ათვისების პარალელურად, მნიშვნელოვანი ყურადღება გარემოზე ზემოქმედებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხს ექცევა. საქართველოში, გენერაციის ობიექტების განვითარებაზე მსჯელობისას, ყველაზე აქტუალური და სენსიტური საკითხი, “ხუდონჰესის” მშენებლობაა. აღნიშნული ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, აზრი ორად არის გაყოფილი. “ხუდონის” აშენებას, როგორც გულანთებული მომხრეები, ისე აქტიური მოწინააღმდეგეები ჰყავს.

 “ხუდონჰესის” წინააღმდეგ!

“ხუდონჰესის” მშენებლობას მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებიან გარემოს დამცველი ორგანიზაციები და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა. ერთი მხრივ, ბუნებრივია, ადგილობრივების პროტესტი სრულიად მისაღებია და მათი არგუმენტები ჰესის წინააღმდეგ, რასაკვირველია ყურადსაღებია, იმდენად, რამდენადაც მოსახლეობას გადასახლება და საკუთარი კარ-მიდამოს მიტოვება უწევს. აღსანიშნავია, რომ რა თქმა უნდა, თვითმიზანი არავისთვის არის, არც ადგილობრივი მოსახლეობის განაწყენება და არც ისეთი ობიექტის აშენება, რომელიც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს გარემოზე. თუმცა, ნებისმიერ საკითხს ადეკვატური რეაგირება სჭირდება და ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის დროს, ემოციები უკან პლანზე უნდა იქნას გადაწეული.

მეორე მხრივ, გარემოს დამცველები, აქტიურად განიხილავენ “ხუდონის” მავნე ზემოქმედების ფაქტორებს, რომლებიც ადგილობრივ ეკოსისტემას მნიშვნელოვნად დააზიანებს. რასაკვირველია, ჰესის აშენება მეტწილად გავლენას იქონიებს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის დეგრადაციაზე, რაც ერთმნიშვნელოვნად მყარი არგუმენტია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად.

“ხუდონის” მომხრეთა არგუმენტები

იმის მიუხედავად, რომ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები საკმაოდ დამაფიქრებელია, ჰესის მშენებლობის მომხრეთა მხარეს საკმაოდ სერიოზული არგუმენტებია დგას, რომლებიც “ხუდონის” აშენებას არათუ საჭიროდ, არამედ გარდაუვლად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკოსები, მთავრობის წარმომადგენლები, ეკონომისტები და ზოგადად, პრაგმატულად და ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანები, ჰესის მშენებლობის თემას აქტიურად ამართლებენ და “ხუდონის” აუცილებლობას შესაბამისი არგუმენტებით ამყარებენ.

განვიხილოთ, ის ფაქტორები, რომლებიც ობიექტის მშენებლობას აზრს აძლევს, ვხედავთ, რომ “ხუდონის” აშენება ქართული ენერგოსისტემის ტრანსფორმაციასა და განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ საკითხს თავისი ალტერნატიული დანახარჯი აქვს, ისე როგორც “ხუდონის” ჰიდროელექტროსადგურს.

შესაბამისად, კარგად თუ გავაანალიზებთ, გამოდის, რომ “ხუდონჰესის” აშენების ალტერნატიული დანახარჯი, არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ბუნებრივია, საქართველოს არ აქვს ასეთი რისკის გაწევის ფუფუნება და აქედან გამომდინარე, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი სადგურის ქსელში არსებობა, როგორის არის “ხუდონჰესი”. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ქვეყნისთვის გენერაციის სიმწირისა და ენერგოდამოკიდებულების მაღალი ხარისხი უცხოელი ინვესტორებისთვის საკმაოდ უარყოფითი სიგნალია, რაც ბუნებრივია, მათ ქცევაზე აისახება და შესაბამისად, ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში ინვესტირებისგან თავი შეიკავონ. მაგალითად, Dოინგ Bუსინესს-ის საერთაშორისო რეიტინგების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობაა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეიტინგების მიხედვით, საქართველოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში არც თუ ცუდი პოზიცია აქვს (24-ე ადგილი), კონკრეტულად ელ.ენერგიის მიწოდების კუთხით საქართველო 62-ე ადგილზეა, რაც ერთმნიშვნელოვნად არ არის სახარბიელო პოზიცია. რასაკვირველია, უცხოელი ინვესტორები ასეთ რეიტინგებს დიდ ყურადღებას აქცევენ, შესაბამისად, საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილის დაკავება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

საპროგნოზო მაჩვენებლები

ეკონომიკის განვითარების პარალელურად, ენერგორესურსებზე მოთხოვნა საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება, რასაც რა თქმა უნდა, რესურსების უწყვეტი და საიმედო მიწოდება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების პროგნოზისა და ანალიზის დროს, ნაგულისხმევია, რომ წლიურად საქართველოს ელ.ენერგიის მოხმარება დაახლოებით 5%-ით გაიზრდება. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული 5% მხოლოდ საპროგნოზო ციფრია და რეალურად, მოთხოვნის ზრდის ფაქტობრივ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ხშირ შემთხვევაში, ზრდა 5%-ზე მეტი გამოდის.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება 11.29 მლრდ. კილოვატ-საათია. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლიურად საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით გაიზრდება, 10 წელიწადში დაახლოებით, 17.51 მლრდ. კილოვატ-საათი ენერგიის მოთხოვნა გვექნება. ბუნებრივია, ამ მასშტაბის მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველაზე ოპტიმისტური და გამართლებული გზა, შიდა გენერაციის წყაროების განვითარებაა. რამდენადაც, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, იმპორტულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

როგორც ვიცით, “ხუდონჰესი” 702 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურია, რომელმაც ყოველწლიურად 1.5 მლრდ კვტ/საათი ელქტროენერგია უნდა გამოიმუშავოს. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ “ხუდონი” მარეგულირებელი სადგურია და მას ენერგიის გამომუშავება ყველაზე საჭირო დროს, ზამთრის პიკურ თვეებში შეეძლება. მოდით ვნახოთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ აშენდება ახალი სადგურები და კონკრეტულად “ხუდონჰესი”.

17,51 მლრდ კილოვატსსაათი ენერგიის მოხმარების დაკმაყოფილება 2 განსხვავებული წყაროდან იქნება შესაძლებელი. ერთი, ეს იქნება იმპორტირებული ენერგია და მეორე, თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, რომელიც ასევე, იმპორტირებული ნედლეულისგან იწარმოება. პირველი ვარიანტი, ანუ ელ.ენერგიის იმპორტი ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, რამდენადაც, ელექტროენერგიაზე ფასი მუდმივად მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და მითუმეტეს, ზამთარში აღნიშნული ფასები პიკში ადის. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდა არის, რაც საქართველოს ენერგო და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით, საკმაოდ დიდი ტვირთია. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, რაც თბოსადგურების მაქსიმალურ დატვირთვას ნიშნავს, ბუნებრივია, აქაც საკმაოდ დიდი პრობლემები წარმოიშვება. ერთი მხრივ, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია საკმაოდ ძვირადღირებულია და მეორე მხრივ, აქაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების პრობლემა დგება, რაც რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე.

“ხუდონჰესის” ტექნიკური აუცილებლობა

ზემოთ მოცემული ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვანია “ხუდონჰესის” არსებობის წმინდა ტექნიკური ასპექტები. უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში არსებული ენერგეტიკული ობიექტები და არსებული ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე, დეგრადაციას განიცდიდა. შესაბამისად, არსებული ჰიდროსადგურების ავტომატური რეგულატორები მოძველებულია, ან მწყობრიდან არის გამოსული. თბოსადგურების დიდი უმრავლესობა კი, ამორტიზებულია. ამდენად, გარდა არსებული სადგურების რეაბილიტაციისა, აუცილებელია ახალი, თანამედროვე მართვის სისტემით აღჭურვილი სადგურების მშენებლობა, რომლებიც მარტივად ინტეგრირდება ქსელში. გარდა ამისა, საქართველოს ენერგოსისტემა განიცდის სარეზერვო სიმძლავრეების უზრუნველმყოფი მოწყობილობების მწვავე დეფიციტს, შედეგად, სხვა სისტემებისგან დამოუკიდებლად მუშაობისას გართულებულია სიხშირის რეგულირება. ამასთან, მძლავრი აგრეგატის გამორთვისას სასისტემო ავტომატიკა თიშავს მომხმარებელს. ცხადია, აღნიშნული პრობლემები პირდაპირ აისახება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე და ქსელში არსებულ ტექნიკურ შეშფოთებას აბონენტების გათიშვა მოსდევს. ამ ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა სიმძლავრის რეზერვების უზრუნველყოფა, მარეგულირებელი ჰიდროსადგურების, მძლავრი კომბინირებული თბოსადგურების მშენებლობით ან/და არსებული თბოსადგურების რეაბილიტაციის გზით.

არატრადიციული ენერგეტიკის ალტერნატივა

“ხუდონის” და ზოგადად, ჰიდროენერგეტიკის განვითარების ირგვლივ მიმდინარე განხილვების დროს, გარემოს დამცველები, ხშირად გამოსავლის სახით, ალტერნატიული (არატრადიციული) ენერგიის გენერაციის წყაროების ათვისებას ასახელებენ. რა თქმა უნდა, ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. თუმცა, ალტერნატიული ენერგიის წყაროებს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემური მხარე აქვს. პირველ რიგში, როგორც ქარის, ისე მზის ენერგია არასტაბილურობით ხასიათდება. შესაბამისად, ასეთი ტიპის წყაროებზე დამოკიდებულება საკმაოდ სარისკო და სახიფათოა ერთიანი ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით.

არატრადიციული ენერგიის წყაროების კიდევ ერთი დიდი მინუსი, მისი სიძვირეა. მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიული ენერგიის გენერატორების ფასს კლებადი ტრენდი აქვს, მისი აქტიურად ათვისება ჰიდროგენერაციის წყაროებთან შედარებით, კვლავ არარენტაბელურია. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს, ინვესტორების მხრიდან, ალტერნატიული ენერგიის წყაროების მიმართ ინტერესის ნაკლებობას.

აქვე, როდესაც ფასებზე ვსაუბრობთ, არატრადიციული ენერგიის წყაროების ათვისების ფასები შეიძლება განხილული იქნეს, 1 მგვტ. დადგმული სიმძლავრის განვითარების კუთხით. თუმცა, ასეთი დათვლა რასაკვირველია სწორი არ არის. იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა გენერაციის ობიექტს, ასევე სხვადასხვა მუშაობის პერიოდი გააჩნია. მარეგულირებელ ჰიდროელექტროსადგურს, მთელი წლის (8760 საათი) მანძილზე, დაახლოებით 5000-5500 საათის მუშაობის რესურსი აქვს. ქარის სადგური დაახლოებით 2300 საათი, ხოლო მზის სადგური 1800-დან, 2000 საათამდე (გააჩნია გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას) მუშაობს. აქედან გამომდინარე, 1 მეგავატი ჰიდროსადგურის სიმძლავრის ტოლფასი გენერაციისთვის, საჭიროა დაახლოებით 2-3 მეგავატი ალტერნატიული ენერგიის წყაროების მშენებლობა. სწორედ ეს არის  არატრადიციულ ენერგიაზე უარის თქმის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

ტარიფები/ფასები

“ხუდონჰესის” თემის ირგვლივ არსებული განხილვების დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში, გარანტირებული შესყიდვის ფიქსირებული ტარიფია. აღნიშნულ საკითხს, ხშირად “ხუდონჰესის” მოწინააღმდეგეები ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იყენებენ. მართლაც, მემორანდუმში მითითებული ტარიფი, სხვა ჰიდროელექტროსადგურებისგან განსხვავებით საკმაოდ ძვირი, თუმცა კლებადია. მემორანდუმში, ფიქსირებულ ტარიფად, სახელმწიფოს გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება 15 წლის განმავლობაში აქვს აღებული. აქედან, პირველი 8 წლის მანძილზე 1 კილოვატ/საათი ენერგიის შესყიდვა 10,50 ცენტის ანაზღაურებით უნდა მოხდეს, შემდეგი 3 წელი 9,50 ცენტი ხოლო, ბოლო წლების მანძილზე სახელმწიფო ვალდებულია, “ხუდონის” ელექტროსადგურიდან 1 კვტ. ენერგია 5,5 ცენტად შეისყიდოს. თუ გადავავლებთ თვალს, სხვა მემორანდუმებში გაწერილ ტარიფებს, ვნახავთ, რომ 1 კილოვატზე, საშუალო შეწონილი ტარიფი, დაახლოებით 6.5-7.5 ამერიკული ცენტია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კითხვები არსებობს და პრეტენზიები ასეთ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია. თუმცა, ყველაფერს 2 მხარე აქვს და ნებისმიერ საკითხს მხოლოდ ცალმხრივად არ უნდა შევხედოთ. ინვესტორს საქართველოში დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოაქვს. ისეთ  ქვეყანაში, რომელიც ინვესტორისთვის და მისი კაპიტალისთვის გარკვეულწილად რისკ ზონას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ინვესტორს მყარი გარანტიები სჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ მის კაპიტალს საფრთხე არ დაემუქრება. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან, ერთადერთი მყარი გარანტია, მემორანდუმში გარანტირებული შესყიდვის ვალდებულებით გაწერილი ტარიფებია.

ზემოთ ნახსენები საკითხების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ “ხუდონჰესის” მშენებლობის თემა ცივი გონებით შეფასდეს. ენერგეტიკის დარგის განვითარება, რასაკვირველია გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ. თუ გადავავლებთ თვალს საქართველოს საბალანსო ელექტროენერგიის ფასებს ვნახავთ, რომ ფასები ყოველწლიურად იზრდება და მითუმეტეს, ზამთრის, პიკურ თვეებში ყველაზე მაღალ წერტილს უახლოვდება. აქედან გამოსავალი რა თქმა უნდა ერთია, საქართველოს შიგნით უნდა მოხდეს შიდა რესურსების ათვისება. შესაბამისად, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იქნება ტარიფების სტაბილურობის გარანტი. ამდენად, გამოდის, რომ ჩვენ პირველ ეტაპზე ძვირიანი “ხუდონჰესის” აშენებით გრძელვადიან პერსპექტივაში ვყიდულობთ უმნიშვნელოვანეს ობიექტს, რომელიც სამომავლოდ (მემორანდუმის ვადის ამოწურვის შემდეგ) საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ “ხუდონის” აშენებით დღეს, უსაფრთხო და სტაბილურ მომავალს ვქმნით ხვალინდელი დღისთვის.