ეკონომიკა

როგორია ქართული აგროპროდუქციის ევროპული პერსპექტივა

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული აგროპროდუქცია  მსოფლიოს 87 ქვეყანაში იყიდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ ქართულ პროდუქციას ნახევარ მილიარდიანი ბაზარი გაუხსნა, თუმცა ამ პოტენციალის გამოყენება სრულად ვერ ხერხდება.

რა კეთდება საექსპორტო პოტენციალის სრულად  ასათვისებლად და რა არის მთავარი ბარიერები ქართველი ექსპორტიორებისთვის, საკითხთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ინაურმა ისაუბრა:

 

– მას შემდეგ, რაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, და ქართველ მეწარმეებს 500 მილიონიანი ბაზარი გაეხსნათ, რა შეიცვალა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის რეალიზების კუთხით ახალ ბაზარზე და რომელია ის პროდუქტები, რომლებიც სწორედ ასოცირებაზე ხელმოწერის შემდეგ შევიდა ევროკავშირის ბაზარზე?

– ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, მათ შორის სასოფლო სამეურნეო,  ბარიერების გარეშე გავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე. რაც შეეხება ცვლილებას, მოგეხსენებათ, რომ ასოცირების შეთანხმება საკმაოდ გრძელვადიან თანამშრომლობას მოიცავს და არ არის გათვლილი დაუყოვნებლივ ეფექტზე. რა თქმა უნდა,  თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გაზრდილია ევროკავშირში ქართული  აგროსასურსათო პროდუქტით ვაჭრობა. თუმცა იმისათვის, რომ სრულად ავითვისოთ ის შესაძლებლობები რასაც გვაძლევს ეს შეთანხმება, საჭიროა გარკვეული მოთხოვნები იქნას დაკმაყოფილებული როგორც სახელმწიფოს ისე კერძო სექტორის მხრიდან. რასაკვირველია, პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, თუმცა ამ შემთხვევაში პირველ ეტაპზე დგას უვნებლობის საკითხი და ქვეყანაში არსებული სურსათის უვნებლობის სისტემა, რომელიც უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტების ექვივალენტური.

ამ მხრივ უნდა აღსანიშნავია ახალი პროდუქცია, რაც ასოცირების ხელმოწერის შეთანხმებამდე არ გადიოდა ევროკავშირში და გავიდა ხელმოწერის შემდეგ, მაგალითად მატყლი, რომელიც გახლავთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ ის,  რომ საქართველოს მიერ წარდგენილი სურსათის ნარჩენების მონიტორინგის გეგმა აღიარებულია ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს თაფლის და თაფლის პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ეს შეთანხმება გარკვეულ დონეზე მიღწეულია და დარჩენილია მხოლოდ ფორმალური პროცედურები, რათა საქართველო ოფიციალურად იქნეს ასახული ევროკავშირის სამართლებრივ აქტში. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტებს, მოგეხსენებათ საქართველო სარგებლობდა პრეფერენციალური შეღავათებით ევროკავშირთან, თუმცა ასოცირების შეთანხმებამ სულ სხვა რეჟიმში გადაიყვანა ეს ურთიერთობა და შედეგად ექსპორტი უფრო მზარდია.

– მას შემდეგ რაც განულდა ტარიფები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ამის შედეგად რამდენად უფრო მასშტაბურია ექსპორტის ზრდა ადგილობრივად ნაწარმოები სოფლის მეურნეობის პროდუქციისა, შეიძლება მოვიყვანოთ კივის მაგალითი, ეს პროდუქტი გერმანიაში გავიდა და კიდევ რომელი კულტურები არის, რომელსაც ევროკავშირის ბაზრის ათვისების პოტენციალი გააჩნია?

– კივი ეს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს ნებისმიერი პროდუქტის ექსპორტს, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ ის ძირითადი საექსპორტო პროდუქტები, რომელთაც დიდი ადგილი უჭირავთ როგორც თანხობრივად, ასევე მასის მხრივ. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის თხილი, რომელიც პრიორიტეტული პროდუქტია, მოგეხსენებათ საქართველო ხუთეულში შედის თხილის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის.

ასევე მნიშვნელოვანია სპირტიანი სასმელების ექსპორტი  და შემდეგ მას მოსდევს ხილი, ბოსტნეული, ჩაი, მინერალური წყლები, თუმცა მათი წილი არ არის იმდენად დიდი ამ ეტაპისთვის, რომ მათ რაიმე გავლენა მოახდინონ ექსპორტზე.

– სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილებასაც ევროდირექტივები გვავალდებულებს, გულისხმობს როგორც სპეციალური ლაბორატორიების არსებობას, ისე პროდუქციისთვის შესაბამისი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის ფლობას, რაც მეწარმეებისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდასაჭერად?

– რა თქმა უნდა, ლაბორატორიული კომპონენტი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ სრულყოფილად მოხდეს იმ შესაძლებლობების ათვისება, რასაც შეთანხმება გვაძლევს. ამისათვის კი სახელმწიფო გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს.  მოგეხსენებათ სამინისტროს სისტემაში არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომელიც აქტიურად ნერგავს ახლად მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად ლაბორატორიულ კომპონენტებს.

მოგეხსენებათ საქართველოს დიდი ვალდებულება აქვს აღებული სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების კუთხით ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს კანონმდებლობა რიგ შემთხვევებში არეგულირებს ლაბორატორიების მიერ კონკრეტული სურსათის კვლევების ჩატარების მეთოდოლოგიას და ამ შედეგების ინტერპრეტაციის საკითხებს. იმპლემენტაცია აქტიურად მიმდინარეობს, ლაბორატორიაში ხდება გადაიარაღება, აღჭურვა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და ასე შემდეგ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ თაფლის შემთხვევა, – ეს პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, ადამიანის მოხმარებისთვის გამიზნული, რომელიც გავა ევროკავშირის ბაზარზე.

რა თქმა უნდა, ლაბორატორიის არსებობა არ არის აუცილებელი მოთხოვნა, რომ ექსპორტის უფლება მოგვენიჭოს, მაგრამ ეს იქნება ისევ და ისევ დახმარება ჩვენი კერძო სექტორისთვის, რომ უცხოეთში არ აგზავნონ ნიმუშები და იქიდან არ ელოდონ პასუხებს. ამისათვის ლაბორატორიამ თავის აკრედიტაციის სფეროს დაუმატა კვლევის ახალი მეთოდები. ვალიდაციის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და ამ პროცესში შესაძლებლობა ჰქონდათ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, უფასოდ მოეტანათ ლაბორატორიაში თაფლის ნიმუშები და მიეღოთ შემდეგ პასუხები. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო ლაბორატორიების განვითარება ამ მიმართულებით, რადგან აქცენტს მხოლოდ სახელმწიფო ლაბორატორიებზე არ ვაკეთებთ.

-კიდევ ერთი პრობლემა, ქართველი მეწარმეებისთვის პროდუქციის წარმოშობასთან დაკავშირებული საკითხია, რაც გულისხმობს იმას, რომ ნედლეული რომლითაც მზადდება ესა თუ ის პროდუქცია, უნდა იყოს ან საქართველოში მოპოვებული ან იმ ქვეყნიდან იმპორტირებული, რომელთანაც საქართველოს ეგრედწოდებული დიაგონალური კუმულაციის რეჟიმი აქვს. რამდენადაც ცნობილია თურქეთთან და ჩინეთთან მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით შეთანხმება. არის თუ არა რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ დიაგონალური კუმულაციის პრინციპი, ისედაც არ ვრცელდება სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე. ჩემი ინფორმაციით მიღწეულია შეთანხმება და გავრცელდება თურქეთთანაც დიაგონალური კუმულაციის პრინციპი. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, ის განსაზღვრავს თუ როდის ჩაითვლება სასოფლო სამეურნეო პროდუქტი საქართველოში წარმოშობილად. ამისათვის ასოცირების შეთანხმებას აქვს ოქმი და ოქმის დანართში სათითაოდ არის მოცემული თუ რომელი პროდუქტი რა შემთხვევაში ჩაითვლება ქვეყანაში წარმოშობილად.

 

ავტორი: ლევან ლაგვილავა