რუსთავში ქალებისთვის თიხასა და კერამიკაზე მუშაობის მასტერკლასი გაიმართა
ავტორი: მირანდა ფუტკარაია
რუსთავში რუსთაველი ქალებისა და დედებისათვის , თიხასა და კერამიკაზე მუშაობის მასტერკლასი ჩატარდა. შეხვედრას ნატალია წიკლაური უძღვებოდა, რომელიც წლებია ამ საქმიანობითაა დაკავებული. მას 2005 წლიდან საკუთარი სახელოსნო აქვს და მსურველებისთვის სპეციალურ გაკვეთილებსაც ატარებს. თავისი 30 წლიანი გამოცდილება კი ამჯერად ქალებს გაუზიარა.
” ვფიქრობ, რომ დღევანდელი აქტივობა ძალიან მნიშნელოვანია თითოეული აქ მყოფისთვის. ქალბატონები 2 საათის განმავლობაში განიტვირთნენ, ოჯახური პრობლემები დაივიწყეს და ჩაერთვნენ საქმიანობაში. ძერწავენ, ხატავენ, კმაყოფილები არიან. შემდეგ კი თავის ნამუშევრებს სახლში წაიღებენ. ” – ნატალია წიკლაური.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოიყენეს და თიხისგან სხვადასხვა ნივთები დაამზადეს. როგორც ერთ-ერთი მონაწილე სოფო ბლიაძე ამბობს, მსგავსი შეხვედრები ქალებისთვის მნიშვნელოვანია:
” ჩემთვის საინტერესოა იმიტომ, რომ შეხება არასდროს მქონია თიხასთან და მსგავს აქტივობებთან. საკმაოდ შრომატევადი და საინტერეოა. ეს სიახლეა ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, განსაკუთრებით იმ დედებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ დროს დაუთმონ საკუთარი თავის განტვირთავს. ” – სოფო ბლიაძე.
მასტერკლასი პარტია “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და პარტია “საქართველოსთვის” რუსთავის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის და რუსთავის საკრებულოს წევრის ნათია შელეგიას ინიციატივით გაიმართა.
” ზოგადი სტრესული გარემოს ფონზე, შევეცადეთ, რუსთაველი დედებისა და ქალებისთვის ყოველდღიურობა გაგვემრავალფეროვნებინა. სტანდარტული ყოფითი საჩუქრებით რომ არ მოვიფარგლოთ, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მეტად შეგვიძლია ვიზრუნოთ და საინტერესო, შემოქმედებითი აღმოჩენები გავაკეთოთ ერთად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ და შევარჩიეთ თიხასა და კერამიკაზე მუშაობის რამდენიმე საათიანი მასტერკლასის არტ-თერაპია ქალბატონებისთვის, რაც შესაძლოა დამატებითი ინსპირაციის და ახალი ბიზნეს საქმიანობის წამოწყების წყაროდაც კი იქცეს თითოეული მათგანისთვის.” – ნათია შელეგია.