მსოფლიო

საბერძნეთში ძირეული საპენსიო რეფორმა იგეგმება

უკვე რამდენიმე თვეა, რაც საბერძნეთის კრიზისი მიყუჩებულია. ქვეყანა იმ რეკომენდებულ რეფორმებს ატარებს, რომლების პირობითაც, კრედიტორებმა ზაფხულში ვალების გადავადებაზე და ახალ ფინანსურ დახმარებაზე თანხმობა განაცხადეს. და თითქოს, ბერძნული კრიზისიც მივიწყებას მიეცა, მაგრამ ასე არ არის. პირიქით, ჯერი იმ ბარიერზე მიდგა, რომელსაც საპენსიო რეფორმა ჰქვია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა, საბერძნეთში რეფორმების დასრულება ეჭვქვეშ დააყენოს. ამ რეფორმის გარეშე, საბერძნეთი ფინანსური დახმარების მესამე პაკეტს ვერ მიიღებს, რომლის მოცულობაც 86 მილიარდი ევროა.

ამჟამად საბერძნეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და ევროკავშირის კრედიტორების სამუშაო ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც მთავრობასთან კონსულტაციებს სწორედ პენსიებთან დაკავშირებით ატარებენ. პარალელურად, ქვეყანაში გამოსვლები მიმდინარეობს, რომელთა მიზანიც, საპენსიო რეფორმაზე უარის თქმაა. ეს გასაგებია – რეფორმის მთავარი მიზანი, პენსიების მოცულობის შემცირებაა, რამაც ბიუჯეტზე ზეწოლა უნდა შეამსუბუქოს. მემარცხენე ძალები კი შექმნილ სიტუაციას თავის სასარგებლოდ იყენებენ და საპროტესტო მუხტის მობილიზებას ახერხებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში თვლიან, რომ რეფორმების გასატარებელი თანხების დიდ ნაწილს, სწორედ საპენსიო ვალდებულებები შთანთქავს, რაც რეფორმების გატარებას და შესაბამისად, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას უშლის ხელს. პრემიერ მინისტრ ალექსის ციპრასს კი მიაჩნია, რომ პენსიები ისედაც უკვე შეიკვეცა და მათი შემდგომი შემცირება საჭირო არაა, რადგან სოცუზრუნველყოფის ფონდებში სამუშაოს მიმცემთათვის დაწესებული შესატანები გაიზარდა, რაც პენსიების ახლანდელ დონეზე შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

სიტუაცია ისევ ჩიხში შედის. კრედიტორთა პარალელურად, დათმობას არც მოსახლეობა აპირებს. ხუთშაბათისთვის დანიშნულია საყოველთაო 24-საათიანი გაფიცვა, რომლის მიზანიც, პენსიების შეკვეცაზე უარის თქმაა. პრაქტიკულად ყოველდღიურ დემონსტრაციებს ატარებენ ფერმერები. თუ მთავრობა კრედიტორებს საპენსიო რეფორმებზე დათანხმდება, პროტესტები უფრო გახშირდება და ინტენსიურ სახეს მიიღებს.

პრობლემას წარმოადგენს შექმნილი სიტუაცია დევნილებთან დაკავშირებითაც. მათ განსახლებაზე, აღრიცხვასა და სამედიცინო შემოწმებაზე მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება. ამ მიმართულებით, პრობლემის მოგვარებით განსაკუთრებულ დაინტერესებას გერმანია ავლენს, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების სანაცვლოდ წარმოდგენილი პირობები შეარბილოს, თუ საბერძნეთი ლტოლვილთა პრობლემის შედარებით უმტკივნეულოდ მოგვარებას შეძლებს და ამით, გერმანიას ლტოლვილებთან დაკავშირებული უკმაყოფილების მორიგ ტალღას აარიდებს.

ასეა თუ ისე, საპენსიო რეფორმა გასატარებელია, რადგან პენსიების ახლანდელი მოცულობით შენარჩუნების შემთხვევაში, ეს მოსახლეობის მომუშავე ნაწილს დააწვება ტვირთად, რადგან მათ მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ. თავის მხრივ, საპროტესტო მოძრაობის გამოწვევა ამასაც შეუძლია. იქმნება ჩიხური სიტუაცია, რომლიდან გამოსავალიც მხოლოდ რეფორმების გატარებაშია. მათი მოუგვარებლობის შემთხვევაში კი, ევროზონაში კვლავ წარმოიჭრება პრობლემა, რომელიც გრექსიტის (ევროზონიდან საბერძნეთის შესაძლო გასვლა) სახელითაა ცნობილი. ამას კი, თავის მხრივ, საფონდო და სავალუტო ბაზრებზე დიდი აჟიოტაჟის გამოწვევა შეუძლია.

bfm.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]