რუსეთის ეკონომიკის მინისტრის აღიარება: ბიუჯეტში სიტუაცია კრიტიკულია
კრიზისული სიტუაცია, რომელიც ეკონომიკაში შეიქმნა, ხელისუფლებას უბიძგებს მსხვილი საპრივატიზაციო გარიგებების დადებისკენ, თუმცა ისინი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად უნდა განხორციელდეს ბაზარზე, რომელიც ვარდნას განიცდის. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსეი ილიუკაევმა განაცხადა.
„2014–2015 წლებში ბაზარი ეცემოდა და ახლაც აგრძელებს დაცემას. ჩვენ ველოდით, როდის შეიცვლებოდა სიტუაცია. ახლა კი მივედით იმის გაცნობიერებამდე, რომ ვეღარ დავიცდით. საბიუჯეტო სიტუაცია კრიტიკულია, ფინანსური ბაზრების ტურბულენტობა არ გვაძლევს საფუძველს, აღდგენას ველოდოთ. ახლა გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ გავატაროთ არანაკლებ ხარისხიანი, ეფექტური და გამჭვირვალე გარიგებები ამ უაღრესად არახელსაყრელ ბაზარზე,“ – განაცხადა მინისტრმა ეკონომიკური განვითარების კოლეგიის თათბირზე.
ულიუკაევის თქმით, რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ ისწავლა საპრივატიზაციო პროცედურების ხარისხიანად, ეფექტურად და გამჭვირვალედ ჩატარება მზარდ ბაზარზე და 2011–2013 წლებში მსოფლიო სტანდარტით ბრწყინვალე გარიგებები განხორციელდა.
თავის მხრივ, როსიმუშესტვოს ხელმძღვანელმა ოლგა დერგუნოვამ განაცხადა, რომ განიხილება 2016 წლისთვის დაგეგმილი საპრივატიზაციო გეგმის გაფართოება.
ორშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩამოაყალიბა ძირითადი პირობები, რომლებითაც 2016 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ჩატარდება: აქტივების მყიდველები უნდა იყვნენ რუსულ იურისდიქციაში, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას „რუხი“ სქემები, აქტივების ოფშორებში გატანა, მესაკუთრეების წილების დაფარვა.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ დეოფშორიზაციაზე და ამ პირობებში არასწორია რუსული ეკონომიკის ოფშორიზაციის დაშვება,“ – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. მისივე თქმით, სტრატეგიულ საწარმოებზე კონტროლი სახელმწიფოს დარჩება.
თათბირს ესწრებოდნენ სახელმწიფო კომპანიების – რუსეთის რკინიგზის, „ალროსას,“ „ბაშნეფტის,“ „ვითიბის,“ „აეროფლოტის,“ „როსნეფტის“ და „სოვკომფლოტირ“ ხელმძღვანელები.
მანამდე ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად ტრილიონი რუბლის მიღებას ვარაუდობს ორი წლის განმავლობაში.
commersant.ge
[wpolling id=”11″ width=”” height=””]