02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰესის „ონის კასკადის” მშენებლობა მომავალი წელს დაიწყება

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის” მშენებლობა მომავალი წელს დაიწყება. კომპანია „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც პროექტს ახორციელებს, აცხადებს, რომ ამჟამად Feasibility study-ს ეტაპია, რომელსაც ცნობილი ევროპული კომპანია „ლა მაიერი” ახორციელებს და ქართველ ინჟინრებთან ერთად გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურ ტოპოგრაფიული შესწავლის სამუშაოებს ასრულებს, რომელიც შემოდგომაზე უნდა დასრულდეს და შემდეგ დაიწყება ოპტიმალური პროექტის შეთანხმება მთავრობასთან.

ლაშა იორდანაშვილი ამბობს, რომ აქტიური სამუშაოები დაიწყება მომავალი წლის დასაწყისიდან ან ადრე გაზაფხულის პერიოდიდან. „ონის კასკადის” სიმძლავრე 180 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარი. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა 2021 წელს იგეგმება.

ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციით, წელს კომპანია პანკისის ხეობაში სამყურის წყალზე 30 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასაც დაიწყებს. წინასაპროექტო სამუშაოები, საჯარო განხილვები აქ უკვე დასრულებულია, შეთანხმება მიღწეულია მთავრობასთან და მშენებლობაც მალე დაიწყება. პარალელურად კი კომპანია ყვარლის რაიონში მცირე ზომის სადგურის მშენებლობას გეგმავს, რაც იქნება „შილდის” ჰიდროელექტროსადფურის გაგრძელება. სიმძლავრე 1.2 მეგავატია.

ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციითვე სექტემბრის ბოლოს ექსპლუატაციაში შევა „დარიალი ჰესიც”, რომლის სიმძლავრე 110 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 130 მილიონი დოლარი.

კომერსანტი – “კომერსანტი”