საზოგადოება

“საქართველოს რკინიგზა”: ჩვენთვის თითოეული მგზავრის კომფორტი მნიშვნელოვანია

“საქართველოს რკინიგზაში” მგზავრების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით ძალიან ბევრი სიახლეა. ამას თავად ამჩნევს თითოეული ადამიანი, რომელიც მატარებლით ხშირად მგზავრობს. ბილეთის სიიაფის გამო კი რკინიგზას მგზავრები ყოველთვის მრავლად ჰყავს. კონკრეტულად რა სიახლეებია და კიდევ რა იგეგმება ამ მიმართულებით, “საქართველოს რკინიგზის” მომსახურების ხარისხის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს დაჩი ცაგურიას გვესაუბრება:

 

– წლების წინ სამგზავრო მატარებლებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებდა. ახლა ბევრი სიახლე შეიმჩნევა. კონკრეტულად რა კეთდება ხარისხს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით?

–  მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზა შემოსავალს სატვირთო გადაზიდვებიდან იღებს, ხოლო სამგზავრო გადაზიდვები დოტაციაზე გვყავს, ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მგზავრებს კომფორტი შევთავაზოთ და უფრო სასიამოვნო გავხადოთ მატარებლით მგზავრობა. ჩვენ დავნერგეთ დასუფთავების ახალი სისტემა, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ გვაქვს თანამედროვე ტექნიკა, რომელიც 180 გრადუსზე ორთქლს გამოყოფს. შესაბამისად, ვაგონების დასუფთავება მაღალი წნევით ხდება.

აქამდე, ვაგონები გარედან ხელით ირეცხებოდა. ჩვენ აღვადგინეთ ვაგონების სამრეცხაო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ მუშაობდა. დღეს ყველა ვაგონი სპეციალური ჯაგრისებით სამრეცხაოში ირეცხება და ამის შემდეგ გადის ბაქანზე. ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლასთან გვაქვს შეთანხმება ჩვენი თანამშრომლების გადამზადებასთან დაკავშირებით. გამცილებლები, მოლარეები, ოპერატორები, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ მგზავრებთან გადიან ტრენინგებს. ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ტრენენგების შედეგებით, ვინაიდან მომსახურების ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, წლების განმავლობაში აღარ მუშაობდა საინფორმაციო დაფები, შესაბამისად მგზავრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელ ბაქანზე შემოვიდოდა მატარებელი, ან რამდენ წუთში. ჩვენ შევიძინეთ შესაბამისი აღჭურვილობა და საქართველოს მასშტაბით 18 ძირითად სადგურზე დამონტაჟდა, თანამედროვე, ელექტრონული საინფორმაციო დაფები.

სწორედ ხარისხის მომსახურების მიზნით, მაქსიმალურად შევეცადეთ მგზავრებისთვის ბილეთის აღების პროცესი გაგვემარტივებინა. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში მგზავრთა ნაკადი იზრდება, ამიტომ სალაროებთან ყოველთვის რიგია, ხშირად კამათი ვინ, ვის წინ იდგა. რიგის მოსაწესრიგებლად დავამონტაჟეთ რიგის მომწესრიგებელი სისტემები, რომელიც ამ პროცესის მართვაში ძალიან დაგვეხმარა. ასევე ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ მგზავრებისთვის ბილეთების შეძენა გაგვემარტივებინა. დღეს უკვე ბილეთების ყიდვა შესაძლებელია სხვადასხვა ვებ გვერდებზე, მაგ: WWW.RAILWAY.GE-დან ან სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს რკინიგზა სხვადასხვა საერთაშორისო გამოკვლევის მიხედვით ბილეთის დაბალი ფასითაც ერთ-ერთი მოწინავეა, საქართველოს რკინიგზა მგზავრობის სიიაფით მსოფლიოში მეორე ადგილზეა ხოლო ევროპაში პირველზე. რკინიგზით მგზავრობის ფასები მიმართულებების მიხედვით 1-ლარიდან 55 –ლარამდეა. ჩვენ დავნერგეთ 10-თვიანი ფასდაკლება, 10 თვის განმავლობაში 40-ლარიან ბილეთს ჩვენ მგზავრებს ვთავაზობთ 25 ლარად, ხოლო 23-ლარიან ბილლეთს 18- ლარად.

ჩვენ ეს ძალიან გვახარებს.  მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დაბალ ფასთან ერთად მგზავრებს მომსახურების მაღალი ხარისხი შევთავაზოთ.

– რაც შეეხება ვაგონებისა და ბაქნების კეთილმოწყობას, ბოლო პერიოდში ვაგონები შედარებით მოწესრიგდა, მაგრამ ალბათ, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი…

– აქტიურად დავიწყეთ სავაგონო ერთეულების რემონტი.  საგარეო მიმართულებაზე გვყავდა ისეთი ვაგონები, რომელიც ბოლო 10 წელია არ გარემონტებულა, საგარეო პარკი ფაქტობრივად ამორტიზირებულია. ამ მიმართულებით ძალ-ღონე არ დავიშურეთ და ელექტრო მატარებლის 20 ვაგონიდან 17 უკვე გავარემონტეთ. წლის ბოლომდე გვინდა მოვასწროთ და დავასრულოთ ოცივე ვაგონის კაპიტალური რემონტი.

გავარემონტეთ ელმავლებიც, სულ 7 ელმავალი. მაღალ დონეზე განხორციელდა მათი მოდერნიზაცია ელმავალშემკეთებელ ქარხანასთან ერთად. ასეთი მაღალ დონეზე გარემონტებული ელმავალი საქართველოს რკინიგზას აქამდე არ ყოლია. ეს ელმავლები უკვე გაიტესტა და საკმაოდ კარგი შედეგიც მივიღეთ. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ბაქნების გასარემონტებლად მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ დროისთვის, გავარემონტეთ 8 ბაქანი. მომავალ წელს 12 ბაქნის შეკეთებას ვგეგმავთ.

– კიდევ რა სიახლეები იგეგმება?

– ბუნებრივია ამ მიღწევებით არ ვჩერდებით და კიდევ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. გვინდა შევცვალოთ ბილეთების გაყიდვის სისტემა. ვმუშაობთ თანამედროვე სისტემაზე, რომელსაც მგზავრებს მომავალი წლის ზაფხულში შევთავაზებთ. ეს სისტემა მგზავრს მოულოდნელ გართულებებს თავიდან აარიდებს, მაგალითად თუ იგი დაკარგავს ბილეთს ამაზე სანერვიულო აღარ ექნება.

– უფრო კონკრეტულად ეს რა სისტემაა?

გვინდა შემოვიღოთ ელექტრონული შტრიხ-კოდებიანი ბილეთები, სადაც მგზავრის ინფორმაცია იქნება შენახული.  გამცილებლებს ექნებათ წამკთხველები, რომელიც ამ შტრიხ-კოდის ამოკითხვას შეძლებს. გარდა ამისა, გვინდა თბილისის რკინიგზის სადგურის რეაბილატიცია. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში რკინიგზის სადგური სრულიად ახალი კონცეფციით გავაკეთეთ. დღეს საქართველოში ეს არის საუკეთესო რკინიგზის სადგური. მინდა ეს მივულოცო არამარტო ბათუმელებს, არამედ მთელს საქართველოს. ასევე კარგად გვინდა გამოიყურებოდეს თბილისის რკინიგზის სადგური. ჩვენ ვმუშაობთ, ახალ პროექტზე და იმედი გვაქვს ეს ყველაფერი გამოვა.

“საქართველოს რკინიგზის” ყველა მომხმარებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენთვის თითოეული მგზავრის კომფორტი მნიშვნელოვანია.