საზოგადოება

საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი იწყება

 შემოდგომიდან, საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის და გეოგრაფიის მასწავლებლების გადამზადება დაიწყება

 „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“-ს მიერ ინიცირებული, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ექსპერტმა სტივ ვაისბურგმა ქართველ კოლეგასთან ერთად მათემატიკის სწავლების მეთოდიკის ტრენინგ-მოდულის გეგმა წარადგინა.

პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები ითვალისწინებს შესაბამისი საგნის მასწავლებლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესების სტრატეგიებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესაბამისი მიმართულებით გამოყენებას.

საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის 20 000-მდე მასწავლებლის გადამზადება მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების სპეციალისტებისა და ექსპერტების კვალიფიციური გუნდის მიერ. პროექტის ტექნიკურ და საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.