01/03/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის” გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.

როგორც ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება, პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს. ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურია.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” 2013 წელს დაიწყო. 2013 წლის ზაფხულში დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. ანძის საშუალებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფონდის დაკვეთით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანია MEVENTUS-მა მოამზადა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში. ამასთანავე მომზადდა ტურბინების განლაგების რამოდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა. დეტალური პროექტი მომზადდა ბელგიური საკონსულტაციო კომპანია Tractebel Engineering S.A-ს მიერ, რომელიც წარმოადგენს გიგანტი კონცერნის GDF Suez Grroup-ის შვილობილ კომპანიას.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწო. სადგური ოქტომბრის თვიდან გადავა ტესტირების ეტაპზე. დეკემბრის მეორე ნახევარში კი ექსპლუატაციაში შევა და სრული დატვირთვით ამუშავდება. აღნიშნული პროექტის მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200-მდე ადამიანი. ექსპლუატაციის პროცესში გადამზადებული და დასაქმებული იქნება საქართველოს 20 მოქალაქე. პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 34 მლნ აშშ დოლარს. მათ შორის 24 მლნ აშშ დოლარი წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხს, 10 მლნ აშშ დოლარით კი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.

ქარის ტურბინების მომწოდებელი კომპანია არის მსოფლიოში ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ -ერთი წამყვანი კომპანია Vestas Benelux B.V. ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები კი ჩინური კომპანიის China Nuclear Industry 23 Constryction Co.-ის მიერ შესრულდა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს.

,,საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიების, მათ შორისაა, ქარის ენერგიაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამგვარი პროექტების განხორციელებას. ამის საშუალებას გვაძლევს არა მარტო ჩვენი ქვეყნის რესურსები, არამედ ენერგოდამოუკიდებულობისკენ სწრაფვა და ევროპასთან აღებული ვალდებულებები. ბოლო 4 წლის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა 94 განახლებადი პროექტების განხორციელებას ენერგეტიკის სექტორში. ჯამში ეს პროექტები 3,100 მგვტ-ია, ხოლო მათი საინვესტიციო ღირებულება- 6 მლრდ აშშ დოლარი. ამ პერიოდში დასრულდა 17 ენერგოპროექტი, რომელიც ჯამში შეადგენს 425 მგვტ-ს, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია კი 540 მლნ დოლარს. გარდა ჰიდროელექტროსადგურებისა ჩვენ ვახორციელებთ 670 მგვტ ქარის, 55 მგვტ მზისა და 3 მგვტ ბიომასის პროექტების კვლევებს. ჩვენს ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ასევე თბოელექტროსადგურების პროექტების განხორციელება, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის არის უმნიშვნელოვანესი. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ 4 წლის პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა 244 მგვტ-ის 2 თბოელექტროსადგური, და საფუძველი ჩაეყარა დამატებით 380 მგვტ-ის სიმძლავრის თბოელექტროსადგურების პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულებას გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. ”ქართული ოცნების” გენერალური მდივნის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და განვითარდება.

”დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ქარის ელექტროსადგურის პირველი პროექტი, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, დასრულებეულია. პროექტი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო განვითარდება. პირველი პროექტი, ქარის სადგური, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, არის 20 მეგავატი სიმძლავრის. ის არის ტესტირების რეჟიმში. მალე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ამ ულამაზესი პროექტიდან გამომუშავებული ელექტროენერგია მიიღოს და მოიხმაროს. ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესამლებით და მის გაზრდას ხელს შევუწყობთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

ელექტროსადგურ “ქართლის” გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასა.

“დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ელექტროსადგური საშუალებას მოგვცემს, ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი ქარის ენერგიის ხარჯზე დავაკმაყოფილოთ. რაც მთავარია, ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია. მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადოდ ათვისება დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ, მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყნად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

წყარო: ინტერპრესსნიუსი