შოვში, ორ მცირეწლოვანს ისევ ეძებენ – ონის მერი
ონის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში, ორ მცირეწლოვანს ისევ ეძებენ.
ხიდაშელის ცნობით, გარდაცვლილი 31 ადამიანიდან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს.
„კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც მოგეხსენებათ, ლოკაციები არის როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძებნა ხორციელდება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ასე შემდეგ, ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. მოქალაქეების საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება” – თქვა ონის მერმა [საზოგადოებრივი მაუწყებელი].
შეგახსენებთ, რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 პირს ამ დრომდე ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.