საზოგადოება

“სითი პარკი” კვლავ გააქტიურდა

“სითი პარკთან” პრეტენზიები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ, თუმცა მის შესაზღუდად ახალმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად თბილისის მერიამ, ვერაფერი იღონა.” ამ საკითხზე  ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ვასილ ურუშაძე საუბრობს:

– თბილისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დგას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებაა. სწორად განვითარებულ ქალაქში ავტომობილებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილები არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილების რაოდენობას, თბილისში კი მდგომარეობა კრიზისულია. 2014 წლის მონაცემებით, პარკირებისთვის განკუთვნილ ერთ ადგილზე 12 ავტომობილი მოდის. მას შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, გაუქმდა პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილები, სადაც აშენდა კომერციული ობიექტები, გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და სხვა.

თბილისში, განსაკუთრებით მის ცენტრში, მიმდინარეობს საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა, რაც უფრო ზრდის ამ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების რიცხვს და დამატებითი პარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აუცილებლობას აჩენს. ცხადია, ავტომობილების პარკირების მოგვარება და ყველა სატრანსპორტო სერვისზე პასუხისმგებლობა ქალაქის მერიას ეკისრება”.

პარკირებასთან დაკავშირებულ მუდმივ პრობლემასთან ერთად, აქტუალურია “სითი პარკის” საქმიანობაც. ვასილ ურუშაძე ამ საკითხსაც შეეხო.

“სითი პარკი” არის კერძო კომპანია, რომელსაც თბილისის მერიამ მართვაში პარკირების სერვისი გადასცა. “სითი პარკი” ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, არ ცდილობს სერვისის გაუმჯობესებას, არ მუშაობს ახალი პარკირების ადგილების შექმნაზე, ის მხოლოდ საჯარიმო სანქციებზეა ორიენტირებული და ა.შ.
კომპანია, რომელიც არ მუშაობს სერვისის გაუმჯობესებაზე, არ ყიდის ხარისხიანად თავის მომსახურებას და დამოკიდებულია მხოლოდ საჯარიმო შემოსავლებზე, ვერასდროს დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს თბილისშია. კომპანია “სითი პარკს” აქვს კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი. საღებავისთვისაც კი ზოგავენ თანხებს და არაამრეკლ საგზაო ნიშნებს აყენებენ, რაც საერთაშორისო სტანდარტით დაუშვებელია, ლაპარაკი ზედმეტია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა ინვესტიციებზე. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიასა და ქალაქის მერს, ის არის ანგარიშვალდებული თბილისის მოსახლეობასთან, ხარისხიანად უზრუნველყოს ყველა მუნიციპალური სერვისი, იქნება ეს საქალაქო ტრანსპორტი, პარკირება, დასუფთავება თუ სხვა.

“უნდა ვაღიაროთ, რომ ერთხანს “სითი პარკი” არასწორად გაჩერებული ავტომობილების გადაზიდვას ერიდებოდა. თუმცა, ახლა კვლავ გააქტიურდა. დიახ, “სითი პარკმა” აიშვა! ძალიან გახშირდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმოზე გადაყვანა, მიუხედავად იმისა, დგას თუ არა ავტომობილი ამკრძალავი ნიშნის ქვეშ და რეალურად აფერხებს თუ არა მოძრაობას. საჯარიმოდან ავტომობილის გამოყვანა შეუძლებელია, თუ მოქალაქე არ გადაიხდის ჯარიმას 70 ლარის ოდენობით. მაშინ, როდესაც მაღალი იყო სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობა ამ საკითხისადმი, კომპანიამ თითქმის შეწყვიტა ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა. საკითხმა აქტუალურობა დაკარგა თუ არა, “სითი პარკი” გააქტიურდა!

წყარო: კვირის პალიტრა