საზოგადოება

თბილისის ცენტრალურ უბნებში მანქანით გადაადგილება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა, საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ, მათ შორის არის ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესება, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება.

„ფაქტია, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესების წინაშე ჩვენც ვდგავართ. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ქალაქში მოძრაობის განტვირთვას, დიდ ხანს შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დადგება. სხვა შემთხვევაში კი ოდესმე დადგება ის დღე, როცა ქალაქი იძულებული გახდება, შეზღუდვები დააწესოს, სადაც ქალაქის ყველა ქუჩაზე გადაადგილება იქნება ან ფასიანი, ან სხვა რომელიმე მეთოდით იქნება განტვირთული,“ – განაცხადა სუდაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა, ბუნებრივია, მაშინვე გააპროტესტეს.

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა აცხადებს, რომ ხელისუფლება შექმნილ ვითარებაში არაადეკვატურია და ეს ვერ განტვირთავს დედაქალაქში არსებულ საცობებს.

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა კი ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივა, ანტისოციალურთან ერთად უკანონოა.

“გადაადგილებისათვის მოსახლეობა ფულს იხდის და ავსებს ბიუჯეტს, რომელიც უნდა ხმარდებოდეს გზების კეთილმოწყობას, ახალი გზების, ხიდების მშენებლობას, რომელიც განტვირთავს მოძრაობას. ნაცვლად ამისა, ეს თანხები გამოყოფილია პრემიებისათვის, დანამატებისთვის, ახალი ჯიპების შესაძენად და უცხოეთში მივლინებებისთვის და ამიტომაა ასეთი გაუსაძლისი ვითარება ქალაქში. უნდათ, რომ გადასახადის დაწესებით, მოსახლეობის გაყლეფვის ხარჯზე, დამატებით გაისქელონ ჯიბეები და შეავსონ მათი პირადი ანგარიშები. მალე ალბათ ივანიშვილის მიერ თბილისისთვის თავზე დასმული მერი ნარმანია ჟანგბადის გადასახადს შემოიღებს და დააწესებს ფეხით სიარულით გადასახადს რომ როგორმე თვითონ კარგად იცხოვრონ. “- განაცხადა გიორგი გუგავამ.

სოციალურ ქსელებში უკვე ისმის პროტესტი შესაძლო ახალ გადასახადთან დაკავშირებით. თუმცა არანაკლები პროტესტის საგანია თბილისის გზებზე შექმნილი მძიმე ვითარება და საცობები. ეს პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით.

ფაქტია, რომ რეგულაციების ან სხვა ზომების მიღების გარეშე პრობლემის მხოლოდ მოქალაქეთა „შეგნების“ გზით გამოსწორება შეუძლებელია. ამის მაგალითი იყო ივნისში, თბილისის სტიქიის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწყებული აქცია „დატოვე მანქანა სახლში,“ რომელიც თბილისის გადარტვირთულ ქუჩებში არანაირად არ იგრძნობოდა.

რაც შეეხება მსოფლიო პრაქტიკას,  როგორც გავარკვიეთ, მსგავსი გადასახადი მსოფლიოს არაერთ ქალაქში არსებობს.

კერძოდ, არსებობს გადასახადის რამდენიმე სახეობა. ერთი – რომელიც გადაიხდება გავლილი გზის მიხედვით და მეორე – გადასახადი გარკვეული პერიოდით გზებზე ავტომობილით გადაადგილების უფლების მოსაპოვებლად.

პირველი სახის გადასახადი მოქმედებს რუსეთში, ნორვეგიაში, პოლონეთში, საფრანგეთში და მთელ რიგ ქვეყნებში. მეორე სახის –  უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვა ქვეყნებში. იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც გზებით სარგებლობის გადასახადი საერთოდ არ მოქმედებს, საქართველოცაა რეგიონის დანარჩენ ორ ქვეყანასთან ერთად,.

საცობების შესამცირებლად სხვადასხვა ქვეყანაში სხვა მეთოდებსაც მიმართავენ. მათ შორის ძვირადღირებულ პარკირებას, მაგალითად სტოკჰოლმში ცენტრში შესვლა 1 ევროს ეკვივალენტი ღირს, ასევე მაღალია პარკირების გადასახადი, რომელიც დამოკიდებულია ადგილსა და დგომის ხანგრძლივობაზე. საშუალოდ ესაა ერთი ევრო საათში.

ამასთან, სავაჭრო ცენტრებთან პარკირება უფასოა.

შვედი ჟურნალისტი ნინა სტარცევა, რომელიც თბილისში გასულ წელს პირველად იყო ტურისტის რანგში, საქართველოს დედაქალაქის გზებზე არსებულ ვითარებას „ქაოსურს“ უწოდებს, მისი თქმით, თვალშისაცემია ტროტუარებზე მანქანების დგომა. შვედი ჟურნალისტვისთვის გაუგებარია, რატომ არ აჯარიმებენ ასეთ, ისევე როგორც სხვა სახის დამრღვევებს.

მისი თქმით, სტოკჰოლმში იმდენად მაღალი გადასახადებია პარკირებაზე, იმდენად ძვირი ღირს საწვავი და ამავე დროს, იმდენად მოწესრიგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ქალაქში ავტომობილით მოძრაობა უბრალოდ არაგონივრულია.

როგორც ცნობილია. თბილისის მერია მუშაობს ქალაქის განტვირთვის სქემებზე, თუმცა ჯერჯერობით დედაქალაქის ხელმძღვანელობას ამ კუთხით რაიმე კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტის შემთხვევაში, საცობების პრობლემა კვლავ დარჩება. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, თბილისშიც დადგება გარკვეული რეგულაციების საკითხი.

commersant.ge