28/04/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში თურქული ინვესტიციით ახალი სასტუმრო “სითიავენიუ” გაიხსნა

თბილისში თურქული ინვესტიციით ახალი სასტუმრო “სითიავენიუ” გაიხსნა. პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია.

სასტუმრო თბილისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და მასში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი 37 ოთახია. სასტუმროს აქვს 50 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, კაფე-ბარი, ტერასა და პარკინგი.

სასტუმრო „სითიავენიუში“ 20 ადამიანი დასაქმდება.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ სასტუმროს გახსნაზე განაცხადა, სასტუმრო სტრატეგიულად კარგ ადგილას მდებარეობს. “აღმაშენებლის გამზირზე ინტენსიურად მიმდინარეობს თბილისის მერიის მიერ აღდგენითი სამუშაოები და ტურისტების ნაკადი აუცილებლად მოიმატებს, სასტუმრო კი იქნება წარმატებული. ეს გახლავთ ქალაქისთვის სერიოზული შენაძენი, არა მხოლოდ ამ ადგილის მოწესრიგების თვალსაზრისით, არამედ ადამიანების დასაქმების და ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, რომ არაფერი ვთქვათ ინვესტიციებზე და ბევრ მნიშვნელოვან სიახლეზე, რაც როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით შეემატება ქალაქს’’ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გახსნის ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.