უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში სავალუტო კრიზისი ასობით ბანკს აკოტრებს
ყოფილი საბჭოთა ქვეყნების საბანკო სისტემები სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ეს, პირველ რიგში, ეხება ქვეყნებს, რომლებიც გასული წლის მეორე ნახევარში სავალუტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ: რუსეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს.
პრაქტიკულად ყოველ კვირაში ვრცელდება ინფორმაცია ამ ქვეყნებში ბანკების დახურვის შესახებ. ექსპერტების შეფასებით, ეს თავად ამ ქვეყნების საბანკო სისტემების ხარვეზების შედეგია, რაც სავალუტო რყევებმა გამოავლინა.
აზერბაიჯანული მედიის უახლესი ინფორმაციით, სამი აზერბაიჯანული ბანკი დახურვის საფრთხის წინაშეა, რაც იმის შედეგია, რომ კაპიტალისადმი არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. უწყების ცნობით, ამ სამი ბანკის ჯამური კაპიტალი მინიმალურ მოთხოვნას, 50 მილიონ მანათსაც კი ვერ აღწევს.
ექსპერტების შეფასებით, ბანკები მზად არ იყვნენ ეროვნული ვალუტის 50%–იანი დევალვაციისთვის. სტრეს–ტესტებმა აჩვენა, რომ მათ საკმარისი ლიკვიდობა არ გააჩნიათ. შედეგად, თითქმის ყოველთვე ახალი ბანკი აცხადებდა გაკოტრების შესახებ. ამ ეტაპზე აზერბაიჯანში 37 ბანკია, 2015 წლის მარტში კი 45 ბანკი მუშაობდა.
ქვეყნის ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის პალატის ინფორმაციით, ახლა ყველაფერი თავად ბანკებზეა დამოკიდებული: თუ ისინი თავად გადაწყვეტენ პრობლემებს, დარჩებიან ბაზარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებენ მას.
პალატა ირწმუნება, რომ ბანკების მომხმარებლებს არანაირი ზარალი არ მიადგებათ.
Abc.az-თან საუბარში აზერბაიჯანული საბანკო სისტემის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დიდი წარმატება იქნება, თუ ქვეყნის საბანკო სექტორი წელს 30 საკრედიტო დაწესებულებით დაამთავრებს.
მხოლოდ გასულ წელს ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის პალატამ 4 ბანკის (Dekabank, Parabank, Zaminbank и Kredobank) ლიცენზიის ანულირება მოახდინა.
აზერბაიჯანელი ექსპერტების ნაწილი ამ მდგომარეობას თავად საბანკო სისტემის მიდგომებით ხსნის და მოჰყავთ ვალუტის დევალვაციის მაგალითი, როდესაც მოსახლეობაში პანიკა დაიწყო, ბანკებმა კი დოლარის გაყიდვა შეწყვიტეს. ამან მოსახლეობაში ბანკებისადმი ნდობა შეასუსტა. ამასთან, კომერციული ბანკების ლიკვიდურობა არც ისე მაღალია, რომ შეძლონ მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება დეპოზიტებზე ერთდროული მოთხოვნის შემთხვევაში. ასეთი რამ რომ მომხდარიყო და დეპოზიტარებს საკუთარი თანხები ერთდროულად მოეთხოვათ, აზერბაიჯანის საბანკო
სისტემა უბრალოდ ჩამოიშლებოდა. მხოლოდ წლის დასაწყისში აზერბაიჯანში მოხდა ისეთი ბანკების ლიკვიდაცია, როგორიცაა: Bank of Azerbaijan, Gəncəbank, Yunayted Kredit Bank, NBC bank, Qafqaz İnkişaf Bankı, Atrabank.
რაც შეეხება უკრაინას, რომელიც სავალუტოს გარდა პოლიტიკურ კრიზისშიცაა, იქ ამ ეტაპზე 166 ბანკი მოქმედებს და მათ უმრავლესობას მიზერული საწესდებო კაპიტალი აქვს. ბოლო ორ წელიწადში უკრაინაში 70 ბანკი დაიხურა. სპეციალისტების პროგნოზით, ბაზარს წელს 50 ბანკი დატოვებს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ბანკების 1049 ფილიალი დაიხურა. ზრდა ამ მიმართულებით მხოლოდ ერთეულ ბანკებს აქვთ. ამ პერიოდს უკრაინელმა ექსპერტებმა „ბანკთაცვენაც“ კი უწოდეს.
ბანკები და მათი ფილიალები იხურება რუსეთშიც: 2015 წლის დასაწყისიდან რუსეთის დედაქალაქში მომუშავე ბანკების ყოველი მეექვსე ფილიალი ლიცენზიის ჩამორთმევის გამო დაიხურა. Colliers International-ის ინფორმაციით, მხოლოდ ნახევარ წელიწადში მოსკოვში 517 საბანკო ფილიალი დაიხურა, რაც საერთო რაოდენობის 17%-ს შეადგენს. სხვადასხვა პროგნოზით, უახლოეს წლებში ლიცენზიების ჩამორთმევის პროცესი გაგრძელდება.
2015 წელს რუსეთში ლიცენზია ასზე მეტ ბანკს ჩამოართვეს. მათ შორის კი ისეთი ცნობილი ბანკებია, როგორიცაა „სვიაზნოი ბანკი,“ „ბალტიკა,“ „რუსსლავბანკი“ და სხვა. ზოგიერთი ბანკი კი არ გაქრა, არამედ სხვა ბანკთან გაერთიანდა, რადგან დამოუკიდებლად ფუნქციონირება გაუჭირდა. მაგალითად, ბინბანკი „ემ დე ემ“–მა შეიერთა.
ლიკვიდაციის მიზეზებს შორის არის ლიკვიდურობის შემცირება, არასაკმარისი საკუთარი კაპიტალი, მაღალი კონკურენცია და სხვა ფაქტორები.
რუსეთის ცენტრალური ბანკის შეფასებით, ქვეყანაში ამჟამად ზედმეტად დიდი რაოდენობის ბანკია და საკმარისი იქნებოდა 400–500 საკრედიტო ორგანიზაციაც. დღეს ეს რაოდენობა 600–ს აჭარბებს.
პროგნოზების თანახმად, წერს რუსეთში 200 ბანკი დაიხურება, ექსპერტთა ნაწილი 400 ბანკის დახურვის საფრთხეზეც საუბრობს. ფაქტია, რომ პროცესი უკვე დაწყებულია.
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბანკებს გადარჩენაში ხელისუფლება დაეხმარება.
რაც შეეხება ქართულ საბანკო ბაზარს, აქ ბოლო წლებში ბანკის გაკოტრების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოხდა ბანკების მიერ სხვა მოთამაშის შეძენის რამდენიმე ფაქტი (კონსტანტა შეიძინა თიბისიმ, პრივატ ბანკი კი საქართველოს ბანკმა,) ქართული ბაზარი წლების წინ დატოვა HSBC-მ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება გლობალური პოლიტიკით ახსნა. ბოლო კვირების განმავლობაში კი ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკას“ ყიდულობს ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი,“ რომელიც ამ ბანკის „ბაზისბანკთან“ გაერთიანებას აპირებს, რომელიც ასევე მისი საკუთრებაა.
ამასთან, ქართულ საბანკო ბაზარზე შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები – პაშა ბანკი, ფინკა ბანკი. იშ ბანკი საქართველო. ამ ეტაპზე საქართველოში 21 ბანკი მოქმედებს.
[wpolling id=”13″ width=”” height=””]
წყარო: commersant.ge