02/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა გასული 4 წლის განმავლობაში, ეს იყო ბიზნესის გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან”

2015 წლის სტატისტიკით მსხვილმა ბიზნესმა საქართველოში 24 მილიარდი ლარის პროდუქცია აწარმოა, რაც მთლიანი გამოშვების 80% შეადგენს. რა გამოწვევების წინაშე დგას მსხვილი ბიზნესი საქართველოში. ამ თემასთან დაკავშირებით ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა ისაუბრა.

– შეიცვალა თუ არა ბიზნესგარემო მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა და რამდენად მეგობრულია ის დღეს?

– ჩვენ ბიზნესი 1991 წლიდან დავიწყეთ და ძირითადად წარმოებით ვიყავით დაკავებული. რაც შეეხება ბოლო პერიოდის ცვლილებებს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა და რაც მთავარია მოიხსნა პოლიტიკური წნეხი.

– აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, რომ თქვენ გარკვეულწილად წინა ხელისუფლებასთან იყავით დაკავშირებული და ისინი გმფარველობდნენ. მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება, თქვენი ბიზნეს საქმიანობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა?

– მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მისამართით მუდმივად გაისმოდა არასწორი ინფორმაციები და კეთდებოდა ცრუ ბრალდებები. ჩვენ ბიზნესი დავიწყეთ 1991 წელს და 2003 წლამდე შექმნილი გვქონდა 3 საკმაოდ ცნობილი ბრენდი და წარმოება, დამოუკიდებელი ერთმანეთისგან. 2003 წლის შემდეგ კი შევქმენით 4 ბიზნესი და 2012 წელს დაემატა კიდევ 2. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ორის მშენებლობა. ის რომ ჩვენ რომელიმე ხელისუფლებასთან ვყოფილიყავით ახლო კავშირში და მფარველობის ქვეშ, ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. ესეთი ცრუ განცხადებები მუდმივად გაისმის ჩვენი ჯგუფის მიმართ და ამას აკეთებენ ის ადამიანები, ვისაც თვითონ დამოუკიდებლად არაფრის შექმნა და გაკეთება არ შეუძლიათ ამ ქვეყანაზე. როგორ შეიძლება, რომ მსხვილი ბიზნესი არ იყოს დაკავშირებული ხელისუფლებასთან, როდესაც კონკრეტულად მარტო ჩვენს ორგანიზაციებში დასაქმებულია 4 ათას ადამიანზე მეტი და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი გვაქვს 10 ათასი სამუშაო ადგილი.

– მთავრობის ახალ ეკონომიკურ გუნდს როგორ აფასებთ და როგორია თქვენი მოლოდინები მომდევნო 4 წლის განმავლობაში?

– მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი გუნდთან დაკავშირებით. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ პარლამენტთანაც და მთავრობასთანაც, იმიტომ, რომ არ შეიძლება ბიზნეს ჯგუფი რომელიც დიდ პროექტებს მართავს და აწარმოებს, არ თანამშრომლობდეს მთავრობასთან. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით.

– გასული 4 წლის განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, შეიძლება ამას რეფორმებიც დავარქვათ. თქვენ თუ ისარგებლეთ რომელიმე სამთავრობო პროგრამით და როგორი არის გასული 4 წლის თქვენეული შეფასება?

– ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა გასული 4 წლის განმავლობაში, ეს იყო ბიზნესის გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან. ხელისუფლებამ განახორციელა საკმაოდ წარმატებული პროექტები ბიზნესის ხელშეწყობისთვის და განვითარებისთვის. ეს იყო პროგრამა ‘’აწარმოე საქართველოში’’, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები და თუ ეს პროგრამები მომავალში გაგრძელდება და კიდევ უფრო უკეთესად დაიხვეწება, მაშინ გაცილებით კარგი იქნება ეს ყველაფერი ბიზნესის განვითარებისთვის.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდა. მაგრამ რამდენად თავისუფალია ბაზარი კონკურენციის მხრივ და თქვენ რამდენად დგახართ ამ პრობლემის წინაშე?

– ჩვენი ბიზნესი საკმაოდ კონკურენტუნარიანია მიუხედავად იმისა, რომ ლუდის მიმართულებით ბაზარზე, თუ რაიმე ბრენდი არსებობს მსოფლიოში, ყველა წარმოდგენილია. ჩვენ დაწყებული გვაქვს ექსპორტზე მუშაობა, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო დავკარგეთ შიდა პრობლემების მოგვარებაზე. რაც შეეხება ზოგადად კონკურენციას, აქ ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს როდესაც ჩვენ საკმაოდ სერიოზულად დარღვეული გვაქვს ექსპორტ იმპორტის ბალანსი და ერთი და იგივე რეჟიმში ხდება ნედლეულის და მზა პროდუქციის დაბეგვრა, ეს მიმაჩნია არასწორად, და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამ არასწორმა მიდგომამ ხელი შეუშალა ეკონომიკის და ზოგადად წარმოების განვითარებას საქართველოში.

– თუ აპირებთ, რომ ეს საკითხი დააყენოთ მომდევნო მოწვევის პარლამენტთან? ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ერთი და იგივე პოლიტიკაა შენარჩუნებული, იმპორტზე ორიენტირებული უფრო მეტად.

– მინდა ვთქვა, რომ ადრე პირიქით მხარდაჭერილი იყო ექსპორტი მაქსიმალურად და იყო შემთხვევები როდესაც, ჩვენ ნედლეული შემოგვქონდა და ვაბაჟებდით 33%-ში და უკვე გამზადებული პროდუქცია შემოდიოდა და ბაჟდებოდა 18%-ში. ასეთი მიდგომით კი წარმოუდგენელი იქნება ეკონომიკის და წარმოების განვითარება.

– თქვენ საკმაოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ბრძანდებით, მაგრამ ბიზნესის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, თქვენც დადგებოდით ფინანსების მოძიების პრობლემასთან. გარდა უცხოური ინვესტიციისა, რომელი არის ის შიდა არხები ქვეყანაში, საიდანაც შეიძლება რომ მსხვილმა ბიზნესმა თანხები მოიძიოს?

– ძირითადად, ეს არის საბანკო სექტორი და ამ ბოლო პერიოდში შეიქმნა რამოდენიმე საინვესტიციო ფონდი. ჩვენს ჯგუფს რაც შეეხება, ჩვენ ძირითადად ან უცხოურ ინვესტიციებზე ვართ დამოკიდებული ან ადგილობრივი ბანკების საბანკო სესხებზე. რაც შეეხება წვრილ ბიზნესს, ისინი ალბათ ძირითადად უფრო ქართულ საბანკო სექტორზე არიან მიბმული, სადაც მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია პროცენტული განაკვეთები. როდესაც სესხები გაიცემა დოლარში, ბიზნესმენებს უწევთ  პროდუქციის რეალიზება ლარში, შემდეგ უკან დაბრუნება დოლარით და ასე შემდეგ. სავალუტო რისკები ძალიან დიდია და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება მთავრობის ეკონომიკურ გუნდს.

– თქვენ თუ დაინტერესებულხართ ოდესმე, საფონდო ბირჟაზე აქციების გამოშვებით და ამ კუთხით ფინანსების მოძიებით?

– ჩვენ ამ საკითხზე დაწყებული გვაქვს მუშაობა და ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ვფიქრობთ, მომავალ წელს ამ საკითხთან დაკავშირებით გავაკეთებთ საჯარო განთავსებას.

– 2017 წლიდან ამოქმედდება მოგების გადასახადის ესტონური მოდელი. თქვენთვის როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლისთვის, რა შეიცვლება ამ რეფორმის განხორციელებით?

– კონკრეტულად ჩვენი ჯგუფისთვის მინდა გითხრათ, რომ არაფერი შეიცვლება. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია მოგების დივიდენდით არ გვისარგებლია  და ფაქტიურად მუდმივად ხდება რეინვესტირება. 2012 წლის შემდეგ, ჩვენს ბიზნეს ჯგუფს სხავადასხვა კომპანიებიდან ჯამში მილიონი ლარი გვაქვს აღებული დივიდენდის სახით. აქედან გამომდინარე ეს ჩვენზე არ იქნება გათვლილი და ეს ძირითადად იმ ადამიანებზეა გათვლილი ვისაც ცოტათი უჭირდა რეინვესტირება და ეხლა უფრო ფართო მასშტაბით განახორციელებენ. ეს კი მათთვის გარკვეული სახის სტიმული იქნება.

– თქვენ შექმენით მრავალი წარმოება და ცნობილი ბრენდები, კიდევ რა გეგმები გაქვთ მომავალში?

– ამ წლების განმავლობაში, ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს 13 წარმოება, რომელიც უკვე მოქმედებს და დღეს დაწყებულია 2 წარმოების მშენებლობა, რომელიც ვფიქრობ მომავალი წლის დასაწყისში უკვე გავა ექსპლუატაციაში. ერთი წარმოება კი უკვე დავასრულეთ და ალბათ დეკემბრის დასაწყისში შევა ექსპლუატაციაში. ეს არის ნატურალური წვენების წარმოება. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით დაახლოებით 80% იყო იმპორტირებული და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს წილი შევამციროთ ადგილობრვი ბაზრის სასარგებლოდ. რაც შეეხება ახალ პროექტებს, ჩვენ რამოდენიმე პროექტი დამუშავებული გვაქვს უკვე, უბრალოდ დღეს ცოტა გართულებულია ფინანსების მოძიება, იგივე ამ ლარის მერყევი კურსიდან გამომდინარე. 2017 წელს ჩვენ კიდევ 2 ახალი წარმოების დაწყებას ვგეგმავთ.

ლევან ლაგვილავა