მსოფლიო

აზერბაიჯანმა უნდა გაიაზროს რომ ნავთობის ეპოქა დასრულდა

გასულ წლის მანათის დევალვაცია აზერბაიჯანში სერიოზულ პრობლემად იქცა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg–ი წერს და აღნიშნავს, რომ ილჰამ ალიევი, რომელიც ქვეყანას უკვე დიდი ხანია მართავს, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას.

„პრეზიდენტი ქვეყანაში ცხოვრების დონისა და ხელფასების ზრდას არის  მიჩვეული, მაგრამ მას არ აქვს ამ სახის კრიზისებთან ბრძოლის გამოცდილება. აზერბაიჯანი ნავთობზე ისევეა დამოკიდებული, როგორც საუდის არაბეთი, მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ აზერბაიჯანს გაცილებით ნაკლები რეზერვები აქვს,“ – განაცხადა Economist Intelligence Unit-ის ანალიტიკოსმა, ალექს ნაისმა.

დოლარის მიმართ მანათის გაუფასურებამ სამომხმარებლო ფასებისა და სიღარიბის ზრდას შეუწყო ხელი. Standard & Poor’s-ის მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში ინფლაციის დონე სავარაუდოდ 15%-ს მიაღწევს, ფასები კი იმპორტირებულ წამლებსა და საკვებზე საგრძნობლად არის გაზრდილი.

აზერბაიჯანში საპროტესტო გამოსვლები იშვიათად ხდება. სანქციის გარეშე ჩატარებულ გამოსვლებს კი საკმაოდ დიდი ჯარიმა ეკისრება. პარასკევს, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში, „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიის ოფისთან დაახლოებით 1000-მა ადამიანმა უმუშევრობა გააპროტესტა. გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, პოლიციამ გამომსვლელთა გარკვეული რაოდენობა დააკავა.

იანვარში ალიევმა ხელფასებისა და პენსიების გასაზრდელად 20-ზე მეტ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა, სამირ შარიფოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხარჯვითი გეგმა 2016 წელს 2 მილიარდი მანათით ($1.2 მილიარდი) გაიზრდება.

„უნდა გავიაზროთ, რომ აზერბაიჯანის ნავთობის ეპოქა დასრულებულია. ჩვენ ვერ შევძელით დივირსიფიცირებული ეკონომიკის შექმნა. სწორედ ამიტომ, მანათის დაცვა არ შეგვიძლია,“ – განაცხადა Duke University-ის პროფესორმა, ქუბად იბადოღლუმ, რომელიც  ეკონომიკური კვლევების ცენტრში 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში მუშაობდა.

თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანს ბრძოლა შეუძლია. გარდა $4.4 მილიარდის ოდენობის რეზერვებისა, მანათის გაუფასურების შემდეგ ქვეყნის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდი $33.6 მილიარდს შეადგენდა. Fitch Ratings-ის ანალიტიკოსის, კრისტიანის კრუსტინსის განცხადებით, მანათის დასაცავად მთავრობას საკმარისი რესურსები გააჩნია.

ეკონომიკური საკითხების პარალელურად, ალიევის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებაა. გასულ ორშაბათს ქალაქ სუმგაითში პოლიციამ მაღაზიის მეპატრონეების პროტესტი ჩაახშო. იგივე სახის გამოსვლები პარალელურად ბაქოში მიმდინარეობდა.

წყარო