26/04/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 21 პროცენტით გაიზარდა

2016 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს აეროპორტები 1 082 828 მგზავრს მოემსახურა, წლიურ ჭრილში 21,3%-იანი ზრდაა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით,  ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

კერძოდ,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წლის 6 თვის განმავლობაში მოემსახურა 893 222 მგზავრს (+19,2%), ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 92 682 მგზავრს (+47,14%),  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 95 430 მგზავრს (+21%).

აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისში, მგზავრთნაკადის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, რუსეთის, საბერძნეთისა და უკრაინის მიმართულებებზე.

წლის პირველ 6 თვეში ისრაელსა და საქართველოს შორის გადაყვანილ იქნა 65 759 მგზავრი, რაც 87%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებს (35 257 მგზავრი).

„ მგზავრთნაკადის ზრდა განპირობებულია ტურისტების მხრიდან მაღალი მოთხოვნით და შესაბამისად, მხარეთა შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირეების ზრდით, კერძოდ, ფრენის სიხშირე გაიზარდა ჯერ 10-დან 14-მდე (კვირის განმავლობაში თითოეული მხრიდან), ხოლო შემდეგ კი 14-დან 21-მდე. ფრენები ხორციელდება ერთი ქართული და სამი ისრაელის ავიაკომპანიის მიერ”, – აცხადებს უწყება.

ოფიციალური სტატისტიკით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და საქართველოს შორის, ზრდამ შეადგინა 78% (2015 წელს – 46 052 მგზავრი, 2016 წელს – 82 107 მგზავრი,).

საქართველოსა და რუსეთს შორის მგზავრთნაკადი 56%-ით, 202 000 მგზავრამდე გაიზარდა, 155%-იანი ზრდაა საბერძნეთთან (16 084) და 28%-იანი უკრაინასთან (135 511).