26/04/2024
Latest:
საზოგადოება

momxmarebeli.ge: 10-დან 9 სათამაშოში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი მომხმარებლისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სრულდება კანონის ეს მოთხოვნა, momxmarebeli.ge-მ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში შეძენილი 10 თოჯინა ლაბორატორიული შემოწმებისთვის გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგაზავნა.

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ათი შემოწმებული სათამაშოდან ცხრაში დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP) აღმოჩნდა , რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მათივე ინფორმაციით, DEHP აფერხებს რეპროდუქციული სისტემის განვითარებას და აზიანებს  თირკმელებს.

“მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ DEHP ნივთიერება პლატსმასის დამარბილებელია. იგი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში, საიზოლაციო მასალებში. სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1მგ/გ). საქართველოში ეს შეზღუდვა დაწესებული არ არის.

მომხმარებლებს ვურჩევთ მაქსიმალურად მოარიდონ ბავშვები იმ სათამაშოებს, რომელშიც მავნე ნივთიერება აღმოჩნდა.

ინფორმაცია სათამაშოებში აღმოჩენილი მავნე ნივთიერების შესახებ მიეწოდა როგორც შესაბამის მაღაზიებს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტს. ჩვენ აგრეთვე მივმართეთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და სახალხო დამცველს თხოვნით, მიიღონ ზომები მავნე ნივთიერებების შემცველი სათამაშოების საქართველოს ბაზარზე მოხვედრის აღსაკვეთად”,-აღნიშნულია momxmarebeli.ge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: Ipress