საზოგადოება

აჭარა სოფლად ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპიძლებს

 29 ოქტომბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში სოფლად ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“  გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული შემოდგომა და სოფელი თავისი ტრადიციებით, რაც სტუმრებს საშუალება მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ღონისძიება სტუმრებისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა ევროპის მოედანზე აღმოაჩინონ აჭარული სოფლის ხიბლი, მათთვის უცნობი თუ ნაცნობი მდიდარი აჭარული სამზარეულო, ტრადიციები და ფოლკლორი.

სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები.  გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები. ფესტივალზე ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით თუ რისი ნახვა შეუძლიათ მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები. ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.