მსოფლიო

ბაშარ ალ-ასადი: დონალდ ტრამპი შეიძლება „რეალური მოკავშირე“ გახდეს, თუ ის თავის დაპირებას შეასრულებს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება „რეალური მოკავშირე“ გახდეს, თუ ის შეასრულებს თავის დაპირებას ებრძოლოს ტერორისტებს. სირიის პრეზიდენტმა აღნიშნული პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„არ შეგვიძლია რამე ვთქვათ იმის შესახებ თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი, მაგრამ თუ ის აპირებს ებრძოლოს ტერორისტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მოკავშირეები ვიქნებით, რეალური მოკავშირეები ვართ რუსებთან, ირანელებთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან“, – განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა.

თუმცა, სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას დიდი მოლოდინები არ გააჩნია, ვინაიდან აშშ-ში ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის დამოკიდებული.

„არ გაგვაჩნია დიდი მოლოდინი, ვინაიდან აშშ-ის ადმინისტრაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პრეზიდენტით. ადმინისტრაციის შიგნით სხვადასხვა ძალებია, სხვადასხვა ლობისტური ჯგუფები, რომლებიც გავლენას მოახდენენ პრეზიდენტზე. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ აშშ არ იქნება მიკერძოებული, დაიცავს საერთაშორისო სამართალს, არ ჩაერევა სხვა ქვეყნების საქმეებში და შეწყვეტს ტერორისტების მხარდაჭერას სირიაში“, – აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.

წყარო: ipn.ge