05/05/2024
Latest:
მსოფლიო

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

დონალდ ჯონ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდება. აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, 19 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგია ხმას მისცემს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს, 6 იანვარს კი, კონგრესის სხდომაზე ხმების დათვლის პროცედურა ჩატარდება.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება, რა დროსაც შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

ტრამპის გამარჯვების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როცა მან გამარჯვებისთვის საჭირო, ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმაზე მეტი მოიპოვა.

შესაბამისად, წამყვანი მედიასაშუალებების, სოციოლოგიური ცენტრების და პოლიტიკოსების პროგნოზის მიუხედავად, აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ და ექს-სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

ამერიკული პრესის ცნობით, დონალდ ტრამპს 57 მილიონმა ამერიკელმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ტრამპმა საარჩევნო შტაბში მომხრეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ის “ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება”.

70 წლის დონალდ ტრამპი ცნობილია, როგორც ბიზნესმენი და მეცენატი. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება 3,7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. როგორც New York Times-ი წერს, მესამედ დაქორწინებული ტრამპი ამჟამად მანჰეტენზე, მე-5 ავენიუზე, სამსართულიან სახლში ცხოვრობს.

ინფორმაციისთვის, 2012 წელს დონალდ ტრამპი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ამ ორდენით ის უცხოელებს იშვიათად აჯილდოვებს. მისი თქმით, ტრამპისთვის ბრწყინვალების ორდენის გადაცემა დიდი პატივია, რადგან იგი არასდროს უშინდებოდა დაბრკოლებებს და რისკზე მიდიოდა.