ეკონომიკური თეორია და ქართული ეკონომიკური პოლიტიკა
გია ნიკოლეიშვილი
უკანასკნელი წლების გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოქალაქეები ყველაზე პრიორიტეტულად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს თვლიან. ზოგიერთი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი შეშფოთებასაც კი გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ პრობლემებმა დაჩრდილეს ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაც, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ამის გამო ნუ შევიტანთ ეჭვს ჩვენი რიგითი მოქალაქეების პატრიოტიზმში და გონიერებაში. დღეს უკვე ძალიან ბევრისთვის ნათელია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობის და დეგრადაციის პირობებში ჩვენ ვერ შევძლებთ ვერც ერთი სხვა პრობლემის, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. საქართველოს ეკონომიკური დეგრადაციის მასშტაბები კი მართლაც შთამბეჭდავია.
ეკონომისტთა შეფასებით საბჭოთა კავშირის ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1989 წლის მონაცემებით მიმდინარე ფასებში დოლარებში შეადგენდა, დაახლოებით, 5.5-6 ათას დოლარს. თუ ჩავთვლით, რომ საქართველო იყო საბჭოთა კავშირის შედარებით სუსტად განვითარებული რესპუბლიკა, მაშინაც მისი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო არანაკლებ 4.5 ათასი დოლარი, რაც დღევანდელ ფასებში შეადგენს დაახლოებით 11 ათას დოლარს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარებში უკანასკნელი რვა წელია მერყეობს 3500 დოლარის ნიშნულთან.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ რა არის იმ სტაგნაციის მიზეზი, რომელშიც იმყოფება საქართველოს ეკონომიკა და რა შეიძლება გავაკეთოთ მისი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
კეინსის მიხედვით, ინვესტიციებისა და დაგროვების (ხარჯვის) მოცემულ მნიშვნელობებს შეესაბამება მშპ -ს (მთლიანი შიდა პროდუქტის) შესაბამისი დონე და იმისათვის, რომ გავზარდოთ მშპ, საჭიროა შესაბამისი მაჩვენებლების ცვლილება. აქვე აღვნიშნოთ, რომ კეინსის ეს მოსაზრება არის გაზიარებული ყველა ძირითადი ეკონომიკური სკოლის მიერ და წარმოადგენს მაკროეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად დებულებას.
ისმის შეკითხვა – როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, მიგვეღწია ეკონომიკური ზრდისთვის? აქ კი სხვადასხვა ეკონომიკური სკოლის მიდგომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. კეინსიანელთა აზრით ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზანი უნდა იყოს საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა (აქედან საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოება, წოდებული საბჭოთა პოლიტეკონომიაში სახელმწიფო-მონოპოლისტურ კაპიტალიზმად) და ეკონომიკა უნდა იქნას გაყვანილი ისეთ მაჩვენებლებზე, როდესაც მიღწეული იქნება უმუშევრობის ნორმალური დონე (3-5%). ამის მისაღწევად ისინი გვთავაზობენ მოთხოვნის სტიმულირებას, რომელიც მიიღწევა მონეტარული სტიმულირებით (დაბალი საპროცენტო განაკვეთი) და სახელმწიფო ხარჯებისა და პროგრამების ზრდით (მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები). გასაგებია, რომ ასეთი ეკონომიკა მოითხოვს მაღალ პირდაპირ გადასახადებს. კეინსიანელთა ზეობის დროს გასული საუკუნის შუა ხანებში საშემოსავლო და კორპორაციულ მოგებაზე გადასახადების უმაღლესი სკალა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აღწევდა 90%-ს. კეინსიანელები თვლიდნენ, რომ მიუხედავად ასეთი მაღალი გადასახადებისა, მოთხოვნის მაღალი დონე განაპირობებდა ინვესტიციების ზრდასაც, ორივე ერთად კი, ინვესტიციებისა და ხარჯვის ზრდა, გაიყვანდა ეკონომიკას ზრდის ტრაექტორიაზე.
უნდა ითქვას, რომ ამ მოდელმა სრულიად უცვალა სახე კლასიკურ კაპიტალიზმს, მიწეული იქნა ეკონომიკის სტაბილური განვითარება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, საშუალო კლასის წარმოქმნა. ფაქტიურად სწორედ საბაზრო ეკონომიკის ამ მოდელმა დაამარცხა საბჭოთა ეკონომიკა და უზრუნველყო კაპიტალიზმის გადარჩენა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოდელისათვის არის დამახასიათებელი მთელი რიგი პრობლემები. პირველ რიგში ესაა მაღალი დონე ინფლაციისა, განპირობებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაღალი მნიშვნელობით. მართალია კეინსი ასეთი შემთხვევისთვის გვთავაზობდა საპროცენტო განაკვეთის ზრდას, რასაც უნდა დაეცვა ეკონომიკა გადახურებისგან, მაგრამ პრაქტიკაში ამის გაკეთება გამოდგა არც ისე ადვილი. გარდა ამისა მაღალი გადასახადები და რეგულირების დონე გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ბიზნესისა და კერძო ინიციატივისათვის.
სულ სხვა მიდგომას გვთავაზობს მეორე ძირითადი – ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლა. მისი აზრით ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ეფექტურობის მიღწევა, მოგების მაქსიმალიზაცია. სწორედ ასეთი ეკონომიკას შეუძლია აჩვენოს ჯანსაღი ზრდა. სტიმულირების ძირითად საშუალებად ითვლება მიწოდების ანუ ბიზნესის სტიმულირება, რომელიც მიიღწევა პირდაპირი გადასახედებისა და რეგულირების შემცირებით.
განსხვავებით კეინსიანელებისაგან ამ სკოლის მიერ რეკომენდირებული ეკონომიკური პოლიტიკა ვერ დაიკვეხნის დიდი მიღწევებით. ეფექტი არის ერთჯერადი და ისეთ ეკონომიკებში, რომლებიც გადატვირთული არიან რეგულირებით და გადასახადების მაღალი დონით. ამასთანავე ეს პოლიტიკა წარმოქმნის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სოციალური უთანასწორობის მკვეთრი ზრდა, რაც დამთრგუნველად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. იზრდება ოჯახების რიცხვი, რომელთა შემოსავალი მცირეა დაგროვების ნულოვან დონეზე. დაგროვების ნულოვანი დონე არის საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავალი, რომელიც ვერ ახერხებს დაგროვებას. შესაბამისად იზრდება საკრედიტო დატვირთვა ოჯახებზე, რისი მეშვეობითაც ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ცხოვრების ასე თუ ისე მისაღები დონე. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო ოჯახზე მოდის 200 000 დოლარზე მეტი კრედიტი.
კიდევ ერთი პრობლემა არის დაკავშირებული მრეწველობასთან, განსაკუთრებით ეს ეხება ტრადიციულ დარგებს. დაბალი მოთხოვნისა და ღია ბაზრების პირობებში ისინი ვერ ახერხებენ იყვნენ კონკურენტუნარიანი. დეტროიტი არის ამ ეკონომიკური პოლიტიკის შესანიშნავი ძეგლი. მართალია არის დარგები, რონლებიც იგებენ ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში. ესენი არიან ფინანსური ინსტიტუტები და ტრანსნაციონალური კომპანიები, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მათაც ემუქრებათ დიდი საფრთხე (ვგულისხმობ, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს). ეს არის ფინანსური სტაბილურობის რღვევა, აგრეთვე ტექნოლოგიური უპირატესობის დაკარგვა. საქმე იმაშია, რომ ქვეყნები, რომლებიც ატარებენ გონივრულ პოლიტიკას, პირველ რიგში ჩინეთი, შესანიშნავად იყენებს გლობალიზაციის ერას და ამერიკული კომპანიების პოლიტიკას, რომლებიც მოგების ამაღლების მიზნით ცდილობენ განათავსონ საკუთარი წარმოება ქვეყნის გარეთ, და სულ უფრო ამცირებს საკუთარ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოს სკოლამ გასული საუკუნის ბოლოდან დაიკავა გაბატონებული მდგომარეობა და ის გახდა გლობალიზაციის წესრიგის საფუძველი, არავის მსოფლიოში, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ ქვეყანას, არა აქვს არავითარი ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე. იგივე ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკის სავსებით კეინსიანური მოდელი, და საერთოდ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ოფშორულ ტერიტორიას და ჰონკონგს, გაბატონებული ეკონომიკური მოდელი მსოფლიოში არის შერეული ეკონომიკა.