21/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,ფილმი იქნება ყველაზე მძიმე განსაცდელზე, რომელიც ოდესმე თავს დასტყდომია ჩვენს ქვეყანას”

“გიორგი კვირიკაშვილის გაპრემიერება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია და საქართველო ამით სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა”

ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ქართულ ფილმზე მუშაობს, რომელშიც, ძირითადად, აღწერილი იქნება წინა ხელისუფლების საქმიანობა და იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენები. ფილმი სამი ეპიზოდისაგან შედგება, ეს არის სასამართლო, ციხე და საზოგადოება.

რომელია ფილმში ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი, ვინ ასრულებს სააკაშვილის როლს, როდის გამოვა ფილმი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს” რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრა.

 

– ფილმი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან, ეს არის სასამართლო, ციხე და საზოგადოება. თქვენი შეფასებით რომელია ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი?

-შთამბეჭდავის, რა მოგახსენოთ და ყველაზე მძიმე სანახავი, რა თქმა უნდა, ციხის კადრებია.  ჩვენ გლდანის ციხის პირვანდელი სახე აღვადგინეთ, რადგან ის ყოფილიყო მიახლოებული იმ რეალობასთან რომელშიც 100 000-მდე კაცს მოუწია სასჯელის მოხდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი, რომელიც ოდესმე თავს დასტყდომია  ჩვენს ქვეყანას. თავის დროზე, ჩვენი წინაპრებიც ციმბირშიც იყვნენ გამწესებულები, მაგრამ ის უბედურება, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, თანამედროვე მსოფლიოს არ ახსოვს. ამ სამი ნაწილის გარდა არის კიდევ ერთი ნაწილი, დეტექტივი. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ფილმი ელოდება მოსახლეობას.

–   რაც შეეხება მსახიობებს, ვინ ასრულებენ სააკაშვილის, ადეიშვილისა და სხვათა როლებს  და სულ რამდენი მსახიობი მონაწილეობს გადაღებებში?

– პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან დიდი შრომა გვაქვს გაწეული, 2700-მა ადამიანმა გაიარა ქასტინგი. ეს არის საკმაოდ დიდი ციფრი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამ მიმართულებით,  ჩვენმა ინტერესმა მოიცვა მთელი საქართველო და მსახიობები მონაწილეობენ თითქმის ყველა რეგიონიდან. ფილმში არ გვყავს ვარსკვლავები და მინდა გითხრათ, რომ სამსახიობო შესრულებით ჩვენს მოსახლეობას დიდი აღმოჩნები ელოდება. რაც შეეხება რაოდენობას, უკვე 250-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გადაღებებში.

– ფილმის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით ფილმი გამოდის 2016 წელს, სარჩვენო წელს, ამით ხომ არ ცდილობთ საზოგადოებამ გაიხსენოს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი?

–  ასეთი უბედურება ქვეყანას აღარ უნდა დაემართოს. ჩვენ ყველას ერთად შეგვრცხვება, იმისა რასაც ვნახავთ. ეს ჩვენ აგვაღელვებს, სხვადასხვაგვარად იმოქმედებს თითოეულ ადამიანზე, დარწმუნებული ვარ ყველას ერთად შეგვრცხვება, რომ  ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ჩემი მიზანი იყო ის, რომ ქართულ საზოგადოებას ენახა ის უბედურება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან სწრაფად დაავიწყდა. ჩვენ ძალიან სწრაფად დაგვავიწყდა ცოცხებიც, ხელკეტებიც და სხვა მახინჯი გამოვლინებებიც რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. ჩემი მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს თუ რისი გამკეთებელი აღმოჩნდა ქართველი ერი.

თავის დროზე გერმანია გადაარჩინა იმან, რომ გერმანელმა ერმა გაიაზრა ის უბედურება, რაც ნაციზმმა მოიტანა გერმანიაში და მთელმა გერმანიამ ნახა ის კადრები თუ რა ხდებოდა “ოსვენციმში”, ბუხენვალში” და ა.შ. ამიტომ, დღეს განცხადება იმის თაობაზე, რომ  ჩვენ არ უნდა ვნახოთ ის, თუ რა ხდებოდა ამ რეჟიმის დროს, როგორ ექცეოდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, სრულიად არასწორი და აბსურდულია. სწორედაც რომ ჩვენ ეს უნდა ვნახოთ, რათა მსგავსი რამ არასოდეს აღარ განმეორდეს. ამ სერიალში საქართველო ნახავს, თუ რა ჩავიდინეთ.  ცხადია, ფილმი იქნება პირუტყვული გამოვლინებების გარაშე, მაგრამ მაინც ეს იქნება უმძიმესი კადრები.

–  მოდით სხვა თემებსაც შევეხოთ. რა პოზიცია გაქვთ, დაანონსებულ ე.წ. კომპრომატების ომთან დაკავშირებით, რის შესახებაც, იგივე ალეკო ელისაშვილის მხრიდან ხშირად გამოთქმის ბრალდებები.

–  ალეკო ელისაშვილის მიერ წამოწყებული პროცესი  არის სამარცხვინო მოვლენა. მის უკან ვინც დგანან, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ნათელია. მიზანმიმართულად ხდება შეტევა იმ ერთ-ერთ ნათელ ნაბიჯზე, რომელიც არჩევნების შემდეგ გადაიდგა. პალიტპატიმრების შეწყალებამ ოდნავ მაინც მობანა პირი იმ ჩადენილ დანაშაულობებს, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ. ჩემი შეფასებით, იმ ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც მონაწილეა ამ დანაშაულის, დღეს ცდილობს საკუთარი თავი “გაათეთროს” და მათ წინ ამოიყენეს ალეკო ელისაშვილი.

–   როგორ ფიქრობთ რამდენად აუცილებელი იყო წინა საარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის წასვლა? 

–   პირველ რიგში, მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს. თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს, ამ ახალგაზრდა კაცმა წარმოუდგენელი შეძლო. ის 33 წლის გახლავთ და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ნათელი წერტილი ქართულ პოლიტიკაში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილია. ასევე, ძალიან კარგი სტანდარტი ფუძნდება საქართველოში, მხედველობაში მაქვს, რომ ადამიანები თავის თანამდებობებს არ არიან ჩაბღაუჭებულნი და ამის გამო არ წირავენ მთელ ქვეყანას. პრემიერ-მინისტრები მიდიან და მოდიან ყველა ქვეყანაში. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ხშირად, უმნიშვნელო ამბების გამო გადადგებიან ხოლმე მაღალი თანამდებობის პირები და ეს არ არის ტრაგედია. მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავაწეული წავიდა პოსტიდან. მის დროს საქართველოს ისტორიაში ჯერ არასებული სამედიცინო რეფორმა გატარდა, სოფლის მეურნეობის არნახული პროგრამა განხორციელდა და, რაც მთავარია, ევროპასთან დაახლოების უპრეცენდენტო გზა გავიარეთ.

რაც შეეხება ეკონომიკას, ეკონომიკური კრიზისი არსებობს და ურთულესი მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ამის დაბრალება ღარიბაშვილზე არის იმ უმეცარი პოლიტიკოსების საქმე. მე ვთვლი, რომ ღარიბაშვილის წასვლა დადებითი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. რაც შეხება გიორგი კვირიკაშვილს, მისი გაპრემიერება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. საქართველო ამით სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯის სიკეთეს უახლოეს თვეებში იგრძნობს ქართული საზოგადოება.

გიორგი კაპანაძე