01/05/2024
Latest:
მსოფლიო

საფონდო ბაზრებზე რისკული განწყობა გაიზარდა

ჩინეთის სავაჭრო სტატისტიკის მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლების გამოსვლის შემდეგ, საფონდო ბაზრებზე რისკული განწყობა დაბრუნდა. მთლიანობაში, ეს მაჩვენებლები არ იყო დადებითი, თუმცა მოსალოდნელზე უკეთესმა სტატისტიკამ ბაზრების განწყობა მაინც ასწია. შესაძლოა, სტაბილიზაცია დროებითია, მაგრამ ბაზრებს ცოტა ხნით, რყევებისგან სულის მოთქმის საშუალება მიეცათ.

სტაბილურობამ სავალუტო ბაზარზე ის მოიტანა, რომ ყურადღებამ ისევ ცენტრალურ ბანკებზე გადაინაცვლა. ამ მხრივ, პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ინგლისის ბანკის (BOE) გადაწყვეტილება, სტერლინგის განაკვეთთან და QE-თან (რაოდენობრივი შემსუბუქება) დაკავშირებით. ორივე მაჩვენებელი (0.5% და 375 მლრდ სტერლინგი) უცვლელი დარჩა. ამასთან, გამოქვეყნდა ინგლისის ბანკის წინა შეხვედრის ჩანაწერები, რომელსაც ბაზრისთვის ახალი არაფერი უთქვამს.

დღეს გამოქვეყნდება ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ანგარიში. მოსალოდნელია, რომ ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის, დეკემბერთან შედარებით, პრეს კონფერენციაზე „მტრედული“ რიტორიკა ექნება, რაც ევროს კურსზე უარყოფით გავლენას იქონიებს. რა თქმა უნდა, ეს ანალიტიკოსთა ვარაუდებია და დრაგის სოლიდური სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მის „მტრედობას“ ხელს ის ფაქტი შეუწყობს, რომ ინფლაციის მოლოდინი გაუარესებულია.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბანკი „კრედიტ აგრიკოლი“ თავის კლიენტებს ევროს გაყიდვას ურჩევს, განსაკუთრებით დოლართან წყვილში. მართალია, დღეს ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის შემდგომ ეტაპს მარტში არ განახორციელებს, მაგრამ ფაქტია, რომ ძირითად ვალუტებთან მიმართებაში, ამერიკული ვალუტა მხოლოდ იაპონურ იენთან მოისუსტებს. და ესეც იმის გამო, რომ ბაზრებს კვლავაც ეტყობათ რისკებისადმი უარყოფითი განწყობა. ამიტომ, ამჟამად კი რისკებისგან საუკეთესო შავშესაფარად, დოლარის გარდა, სწორედ იენია მიჩნეული.