06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“მიუხედავად ჩვენს სამიზნე ქვეყნებში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემებისა, უცხოელი ვიზიტორების მატება გვქონდა”

ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში არსებული ტურისტული რესურსების ათვისება ეტაპობრივად მიმდინარეობს. “ბანკები და ფინანსები” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავჯდომარეს მამია ბერძენიშვილს დაუკავშირდა და რეგიონის ტურისტული წლის ერთგვარ შეჯამებასა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით 2015 წელს ტურიზმის სფეროში მიმდინარე მოვლენებს?

– შემიძლია ვთქვა, რომ გასული წელი ტურიზმისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის. მინდა გამოვყო, სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი, რომელიც რეგიონში გასული წლის ბოლოს ამოქმედდა. ამ კურორტს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რადგან ის შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებით გამოირჩევა. კურორტი 5 დეკემბერს გაიხსნა, თუმცა, ერთი თვის განმავლობაშია მას უკვე 200-მდე უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობდა. კურორტის მიმართ ინტერესი მაღალია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ საახალწლოდ გოდერძზე ყველა ნომერი დაჯავშნულია.

გასულ წელს რეგიონში, მიუხედავად ჩვენს სამიზნე ქვეყნებში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემებისა, უცხოელი ვიზიტორების მატება გვქონდა, რაც ვფიქრობ დეპარტამენტის მიერ ამ ქვეყნებში წარმოებული მარკეტინგული კამპანიების დამსახურებაა.

გარდა ამისა, 2015 წელს აჭარას შეემატა, როგორც ახალი მაღალი კლასის სასტუმროები, ასევე, მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტები.  გასული წელი საინტერესო იყო, საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობითაც, განსაკუთრებით პოლონეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან. რაც ამ ქვეყნების მიერ აჭარის ტურისტული პოტენციალით დაინტერესებაზე მეტყველებს.

ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ წელს გაკეთდა ამ მიმართულებით?

– აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონში ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. მათ შორის მინდა გამოვყო, რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევის მიზნით განხორციელებული პროექტი “იდუმალი სტუმარი”, რომელიც საზღვარგარეთ აპრობირებული მეთოდია სერვისის შეფასებისას. პროექტის ფარგლებში იდუმალი სტუმარი ეწვია რეგიონში 150 ობიექტს, მათ შორის კვების, განთავსების ობიექტებსა და ტურსააგენტოებს. კვლევის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ამ ობიექტებში არსებული როგორც პრობლემების, ასევე, მიღწევების დაფიქსირებაც. შედეგად, მოვამზადეთ სარეკომენდაციო წინადადებები ტურისტული სფეროს წარმომადგენლებისთვის, რისი გათვალისწინებაც მათ სერვისის ამაღლებაში დაეხმარებათ. წელს, პირველად ჩვენ ჩავატარეთ რეგიონალური ტურისტული ფორუმი “მაგნოლია 2015”, რომლის მიზანიც ასევე რეგიონში, ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების სფეროს სტანდარტების ამაღლებაა. ფორუმზე ჩვენ დავაჯილდოვეთ, როგორც იდუმალი სტუმრის კვლევის შედეგად გამოვლენილი წარმატებული სუბიექტები, ასევე ზოგადად რეგიონში ტურიზმის ინდუსტიის წარმატებული კომპანიები. ფორუმი იქნება ყოველწლიური, რაც ვფიქრობ, სტიმულს მისცემს კონკრეტულ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი.

ჩვენი სურვილია, აჭარაში შემოსულ ვიზიტორები სერვისის ხარისხით იყვნენ კმაყოფილები. ამ კუთხით, რეგიონი ნამდვილად ვითარდება, თუმცა, სამუშაო ისევ ბევრია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გასულ წელს, ტრენინგ-სემინარების შედეგად ტურიზმის სფეროში მოქმედი კერძო ობიექტების 300 თანამშრომელი გადაამზადა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა სასტუმროებისა და რესტორნების მარკეტინგი და გაყიდვები, ონლაინ რესურსების გამოყენება ეფექტური კომუნიკაციისა და მარკეტინგისთვის, მომსახურების ხარისხი გაუმჯობესება ანუ იგივე სერვის პლუსი. მსგავსი ტრენინგები ვფიქრობ საბოლოოდ შედეგს გამოიღებს.

როგორია ტურიზმის დეპარტამენტის სამომავლო გეგმები, დამატებით რა სახის აქტივობებია დაგეგიმლი რათა ეს სფერო კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდეს?

– ჩვენ 2016 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ახალ პროექტს ვიწყებთ. დავიწყებ პროექტით “რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ”, რომლის მიზანსაც აჭარის რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და მისი პრაქტიკაში დამკვიდრება წარმოადგენს. პროექტი ასევე მოიცავს  კლიენტთა მინიმალური საჭიროებების, უსაფრთხოების და სხვა ტექნიკური ხასიათის სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობასაც. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ დეპარტამენტის მხრიდან არ არსებობს. კრიტერიუმები, რომლითაც პროექტის ფარგლებში ვხელმძღვანელობთ ეფუძნება Hotel Rec-ის და Hotel Star Union-ის იმ  21 პრინციპს დამყარებული კრიტერიუმებს, რომლითაც ცივილიზებული, ევროპული საზოგადოება ხელმძღვანელობს, ეს ერთგვარი კონსტიტუციაა იმათთვის, ვისაც სურს მისაღები ხარისხის სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი აწარმოოს.

შემდეგი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი 2016 წლიდან გეგმავს წარმოადგენს სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის ჩამოყალიბება. პროექტის უმთავრეს მიზანს აჭარაში არსებული ტურიზმის ინდუსტრიის კონსულტირება და დაინტერესებული პირებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

ეს გახლავთ მოკლე ხნიანი (1 დღიანი), ხშირ შემთხვევაში რამდენიმე საათიანი სატრენინგო მომსახურების შეთავაზება ტურიზმის სფეროს მოქმედი თანამშრომლებისთვის. ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით უკვე არსებული პროფესიული სასწავლებლების თუ ტრენინგ ცენტრებთან  ერთად მუშაობას, რაც ჩვენი თანამშრომლობის ისტორიიდან გამომდინარე ვფიქრობთ მომავალშიც კარგად გამოგვივა.

კონსულტაციების და ტრენინგების შედეგად, ჩვენ ვფიქრობთ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, მოხდება საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა სფეროს წარმომადგენლებისთვის, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უფრო მეტად და უფრო მეტი რაოდენობით იქნებიან ჩართულები და ინფორმირებულები ტურიზმის დარგის ტენდენციებში.

ძირითადად, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანიები და რომელი ქვეყნებიდან ფიქსირდება ვიზიტორების დიდი რაოდენობა?

– ჩვენ 2015 წელს 9 სამიზნე ქვეყანაში ვაწარმოებდით მარკეტინგულ კამპანიებს. მათ შორისაა  თურქეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ისრაელი, პოლონეთი, ბელორუსია, ლიტვა და რა თქმა უნდა საქართველო. 2016 წლიდან კი ამ ქვეყნებს ემატება რუსეთიც. გასულ წელს ამ ქვეყნებში აქტიური პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებდით, რაც როგორც გარე რეკლამების განთავსებას ხალხმრავალ ადგილებში (ბილბორდები, ავტობუსები, ეკრანები), ისე რეგიონის შესახებ რადიო და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებასა და ინტერნეტ რეკლამებს გულისხმობდა. ჩვენი ორგანიზებით სამიზნე ქვეყნებიდან 2015 წელს აჭარაში 33-მდე ინფო ტურს ვუმასპინძლეთ, რომელშიც წამყვანი მედია კომპანიების, ტურ და ავიაკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, დეპარტამენტი მონაწილეობას ღებულობდა 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში. აღნიშნული აქტივობების შედეგად 2015 წელს 11 თვის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორების 2,73 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. თუკი გავითვალისწინებთ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ- პოლიტიკურ მდგომარეობას არსებული ციფრი ვფიქრობ ჩვენთვის კარგი მაჩვენებელია. რეგიონში შემოსული ვიზიტორების მხრივ ქვეყნების მიხედვით პირველ ხუთეულში შედის თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და სომხეთი. ჩვენ 2016 წლისთვის მარკეტინგული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტი 1 000 000 ლარამდე გავზარდეთ, რაც უფრო მეტი მარკეტინგული კამპანიების განხორციელების საშუალებას მოგვცემს, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის რეგიონში შემოსულ ტურისტთა რაოდენობას.

მოკლედ რომ მოგვიყვეთ, რა სახის აქტივობებია დაგეგმილი საახალწლოდ რეგიონში?

– საახალწოდ რეგიონში არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი, როგორც ხელისუფლების ასევე კერძო სექტორის მიერ. წელს, წინა წლებისგან განსხვავებით სტუმრებს 2 კვირიანი  კონცერტების უწყვეტი პროგრამით ვხდებით. საახალწლო კონცერტები 25 დეკემბერს ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის კონცერტით გაიხსნა და 7 იანვრამდე გაგრძელდება. 31 დეკემბერსა და 1 იანვარს დაგეგმილია უცხოელი შემსრულებლებისა და ქართველი ვარსკვლავების ერთობლივი გალა-კონცერტი ევროპის მოედანზე. 31-ში, საღამოს 10 საათზე  ქართულ ორკესტრთან ერთად ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს გიორა ფაიდმენი, შინდლერის სიის საუნდრეკის თანაავტორი და შემსრულებელი. ამის შემდეგ კი სცენაზე ავა  ბობ მარლის ცნობილი ჰიტების ავტორი, ორი გრემის მფლობელი ჯგუფი Inner Circle. პირველ ინავარს კი გველოდება მსოფლიო ვარსკვლავის LOU BEGA -სა და ქართველი მომღერლების ერთობლივი  გრანდიოზული კონცერტი.

ჩვენს საახალწლო ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიები ვაწარმოეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. გამოვყოფ ჩვენს სარეკლამო კლიპს, რომელიც მსოფლიოში პოპულარული ტელეარხის Discovery channel- ის ეთერით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადაიცემა. ეს კი ნაშნავს, რომ ამ კლიპს 1,5 მილიონი მაყურებელი ნახავს ამ ქვეყნებში, თუკი გავითვალისწინებთ არხის პოპულარობასა და რეიტინგს. მოკლედ, ახალ წელს ველოდებით როგორც შიდა, ასევე უცხოელ ტურისტებსაც, რომლებსაც გრანდიოზულ საახალწლო კონცერტებთან ერთად ჩვენი ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი “გოდერძი”-იც ელოდება.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე