28/04/2024
Latest:
საზოგადოება

ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ხელს შეუწყობს დაავადებათა პროფილაქტიკას

 

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას ეხმაურება ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ენდოკრინოლოგი მანანა ბაჩიაშვილი. ექიმის განცხადებით, რეფორმა დროულია და  კარგი შედეგების მომტანი უნდა იყოს.

,,პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება მართლაც აუცილებელი და დროული მოვლენა იქნება. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ხელს შეუწყობს დაავადებათა პროფილაქტიკას და პაციენტების ეფექტურ მკურნალობას. როდესაც ოჯახის ექიმს მეტი პაციენტი მიმართავს და შემდგომ მოხდება მათი სწორი გადამისამართება სპეციალისტებთან, ეს გაცილებით ეფექტურ შედეგს გამოიღებს. ძირითად შემთხვევებში, სწორედ ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაუმართავი მუშაობის გამო ხდება დიაგნოზამდე გვიან მისვლა და დაგვიანებული მკურნალობა მთელი თავისი ნეგატიური შედეგებით“, – მიაჩნია ბაჩიაშვილს.

მისი აზრით, ერთ–ერთი მთავარი პირობა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, ამ რგოლში მომუშავე ექიმების სათანადო ხელფასით უზრუნველყოფა იქნება. „დღეს–დღეობით მათი შემოსავალი საკმაოდ დაბალია, რაც გარკვეულ უსიამოვნებებთანაა დაკავშირებული. ასევე აუცილებელი იქნება მათ სათანადო კვალიფიკაციაზე ზრუნვა. კარგად დატრენინგებული ექიმი, რომელიც იღებს სათანადო ანაზღაურებს, დამერწმუნეთ, ძალიან კარგი შედეგის მომტანია პაციენტისთვის“, – ამბობს ექიმი ენდოკრინოლოგი.

იგი თვლის, რომ რეფორმის შედეგად ასევე გაიზრდება სისტემის ხარჯეფექტურობაც, და საკმაოდ დიდი თანხები დაიზოგება, რამდენადაც გამართული პირველადი რგოლი, თავისთავად ამცირებს სტაციონარული შემთხვევების რაოდენობას და შესაბამისად, სახელმწიფოსაც ნაკლები ხარჯის გაღება მოუხდება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადა მანანა ბაჩიაშვილმა და დასძინა, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა საშუალებას იძლევა შემცირდეს განსაკუთრებით მძიმე პაციენტების რიცხვი.