საზოგადოება

პრემიერ–მინისტრიმა განვლილ 4 წელიწადზე ისაუბრა

მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრიმა განვლილ 4 წელიწადზე ისაუბრა, სადაც მან იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იქნა მიღწეული.

“დღეს, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, არის ბოლო მთავრობის სხდომა. მინდა, რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ განვლილი ოთხი წელი,რომელიც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, ვაკეთეთ საქმე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას,რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ამისთვის მინდა ყველა თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ეს იყო საქართველოში პოლიტიკის და ქვეყნის მართვის თვისობრივი ცვლილება.გულწრფელ მადლობას ვუხდი მას ყველა თქვენგანის სახელით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩვენს კაბინეტში ჩვენთან ერთად აკეთებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს.

რაც ყველაზე მეტად მეამაყება არის ის, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი და სწორედ ადამიანისკენ იყო მიმართული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად გადავდგით. აქეთკენ იყო მიმართული ჯანდაცვის ძირეული რეფორმა, რომელმაც საშუალება მისცა ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ემკურნალა უფასოდ და დღეს ჩვენ გვყავს გაჯანმრთელებული მოსახლეობა, რაც უდავოდ ძალიან დიდი მიღწევაა.

მიღწევაა ის, რომ ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ სოციალურად დაუცველებს, დევნილებს და უბრალოდ ადამიანის გასაჭირი ყოველთვის მიგვქონდა გულთან. ასევე ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში არავის ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმა, არის თავისუფალი არჩევანის უფლება. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ. მედია არის თავისუფალი – ყველაფერი ეს ერთდროულად მართლაცდა არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა და აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას.

პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგების მიხედვით, საქართველოს აქვს წინსვლა იქნება ეს დემოკრატიის თუ ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლები.

ასევე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის საქართველოს და კერძო სექტორს ჩვენს ქვეყანაში. ასევე ჩვენ გავხსენით მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან, რაც ასევე უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო არაერთი სერიოზული გამოწვევა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ყოველთვის ჩვენ ერთად ვუმკლავდებოდით ასეთ გამოწვევებს.

მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მეამაყება ჩემი გუნდის თითოეული წევრთან ერთად განვლილი თითოეული დღე ამ ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი ოთხპუნქტიან გეგმას, რომელიც უნდა გახდეს ფუნდამენტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარღვევის, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზების, სივრცითი მოწყობის განვითარების, მმართველობითი სისტემის კიდევ უფრო დახვეწის და შეცვლის. ეს უდაოდ იქნება თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტი კეთილდღეობა და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ხდება და მოხდება.

ის უდიდესი ნდობა, რომელიც მოსახლეობამ გასულ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” გამოუცხადა, თავისთავად იყო ძალიან დიდი წარმატება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გარდავქმნათ თითოეული ადამიანის კეთილდღეობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თვალშისაცემი, თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილებების მოტანაში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე” – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.