18/05/2024
Latest:
მსოფლიო

რა ელოდება მსოფლიო ეკონომიკას 2016 წელს?

2016 წლის 1 იანვრიდან ნავთობის ფასი 20%-ით დაეცა და 1 ბარელ Brent მარკის ნავთობზე 30$ ფარგლებშია (რუსული ნავთობი, Urals, როგორც წესი 5-7 დოლარით უფრო იაფია).

უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ირანზე დაწესებული სანქციების გაუქმება. ასეთ შემთხვევაში, ირანი მზადაა მიაწოდოს ბაზარს დღეში 500 000 ბარელი ნავთობი, ხოლო 6-9 თვეში კი მიწოდება მინიმუმ 1 მლნ. ბარელამდე გაზარდოს (რაც მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 1%-ია).

ასევე მოსალოდნელია საუდის არაბეთის მიერ ვალუტის (რეალის) დევალვაცია, რაც მას საშუალებას მისცემს აინაზღაუროს ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული დანაკარგები და არ შეამციროს ნავთობის მოპოვება მათზე ფასების ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

რუსეთის 2016წ. ბიუჯეტით გათვალისწინებულია:

ნავთობის საშუალოწლიური ფასი – 50$, რუბლის კურსი – 1$/63.3 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – 0.7%, ინფლაცია – 6%, ბიუჯეტის დეფიციტი – 3% (დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყაროებია სარეზერვო ფონდი და ეროვნული კეთილდღეობის ფონდი).

ჩვენის ანალიზით, რუსეთის ეკონომიკის რამოდენიმე მოსალოდნელი სცენარი შემდეგია:

1. ნავთობის საშუალოწლიური ფასი – 40$, რუბლის კურსი – 1$/72 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – მინუს 3%, ინფლაცია – 7.5%, ბიუჯეტის დეფიციტი – 5.5% (სარეზერვო ფონდი ამოიწურება წლის ბოლოს).

2. ნავთობის საშუალოწლიური ფასი – 35$, რუბლის კურსი – 1$/77 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – მინუს 4.5%, ინფლაცია – 9%, ბიუჯეტის დეფიციტი – 6% (სარეზერვო ფონდი წლის ბოლოს ამოიწურება სრულად, ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ამოიწურება მნიშვნელოვნად).

3. ნავთობის საშუალოწლიური ფასი – 30$, რუბლის კურსი – 1$/84 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – მინუს 6%, ინფლაცია – 11%, ბიუჯეტის დეფიციტი – 7% (სარეზერვო ფონდი და ეროვნული კეთილდღეობის ფონდი წლის ბოლოსთვის ამოიწურება სრულად).

4. ნავთობის საშუალოწლიური ფასი – 25$, რუბლის კურსი – 1$/95 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – მინუს 9%, ინფლაცია – 14%, ბიუჯეტის დეფიციტი – 9% (სარეზერვო ფონდი და ეროვნული კეთილდღეობის ფონდი წლის ბოლომდე ამოიწურება სრულად).

მხედველობაშია მისაღები რომ ერთ-ერთი პრობლემური რუსული სახელმწიფო ბანკის (ვნეშეკონომბანკის) ,,გადარჩენა“ სახელმწიფოს დაუჯდება მშპ-ს 1-1.5%, ,,არ გადარჩენა“ კი დამოწვევს პრობლემებს და ჯაჭვურ რეაქციებს რუსეთის საბანკო სისტემაში.

გასათვალისწინებელია რომ, გასული წლის განმავლობაში რუსეთში დაახლოებით 15%-ით შემცირდა მოსახლეობის რეალური შემოსავლები და სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა 20 მილიონზე მეტი ადამიანი. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაგრძელდება მიმდინარე წელს.

(ჩვენ ვაკვირდებით და ვაანალიზებთ რუსეთის ეკონომიკას იმდენად რამდენადაც იგი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე).

ასევე სახეზეა საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ნედლეულებზე ფასების ვარდნის საერთო ტენდენცია (მ.შ. არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე არამედ, ოქროზე, ხორბალზე, შაქარზე, სიმინდზე, ალუმინზე, სპილენძზე, თუთიაზე და ა.შ.), ეკონომიკური აქტივობა ეცემა ყველა განვითარებად ქვეყანაში (ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სხვ.) და ჩვენს ძირითად სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები და სხვ.), გრძელდება ვალუტების დევალვაცია აშშ. დოლართან მიმართებაში (სავარაუდოა ჩინური იუანის შემდგომი მცოცავი დევალვაცია დაახლოებით 7%-ის ფარგლებში და ევრო/აშშ. დოლარის კურის გათანაბრება).

საქართველოს შემთხვევაში 2016 წლის გეგმური მაჩვენებლებია: ლარის კურსი – 1$/2.4 ლარი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – 3%, ინფლაცია – 5%, ბიუჯეტის დეფიციტი – 3%.

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ტენდენციები გამოცდის წინაშე აყენებს საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, 2016წ. ბიუჯეტის პარამეტრების შესრულებას, ლარის კურსს, ეკონომიკურ ზრდას, ბიზნეს აქტივობას და საზოგადოებას.

ასეთ ვითარებაში ჩვენ გვჭირდება საქართველოს ეკონომიკისათვის სხვადასხვა სცენარების გათვლა, მოდელირება, რათა მზად ვიყოთ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტისათვის და წინასწარ შევიმუშაოთ ცალკეულ სცენარზე მორგებული კომპლექსური სამოქმედო გეგმები.

“ბიზნესი და ეკონომიკა”