24/02/2024
Latest:
მსოფლიო

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი “პანამური დოკუმენტების” გამო გადადგა

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ჩილეს განყოფილების ხელმძღვანელი გონსალო დელავო  “პანამური დოკუმენტების” გამო გადადგა. ინფორმაცია დელავოს გადადგომის შესახებ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

გამომძიებელი-ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის გამოძიებაში ნათქვამია, რომ გონსალო დელავო როგორც იურისტი წარმოადგენდა ბაჰამის კუნძულებში დარეგისტრირებულ ხუთ ოფშორულ კომპანიას. ამას გარდა, ის არის კომპანია Turnbrook Mining-ის დირექტორი. აღნიშნული კომპანა სანტიაგოში ახორციელებს პროექტს.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, თუ რა დაემართა ჩილეში ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელს. “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” ჩვენ უპირველეს ყოვლისა გამჭვირვალეობასა და სამართლიანობას ვიცავთ და როგორც კი შევიტყვეთ საიდუმლო კომპანიებში დელავოს ჩართულობის შესახებ, ჩვენმა საერთაშორისო აღმასრულებელმა საბჭომ მისთვის უფლებამოსილების შეჩერების პროცესი დაიწყო”,  – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” თავმჯდომარის  ხოსე უგასის 5 აპრილის განცახდებაში.

გამომძიებელი-ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა ანგარიში ოფშორების შესახებ 3 აპრილს გამოაქვეყნა. გამოძიება პანამური იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს 11,5 მილიონი დოკუმენტის შესწავლას ეფუძნება. ე.წ. “პანამურ დოკუმენტებში ფიგურირებენ მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები.

“პანამური დოკუმენტების” გამოქვეყნების შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” თავმჯდომარე  ხოსე უგასი გამოვიდა ოფშორების აკრძალვის ინიციატივით. მისი თქმით, ოფშორების აკრძალვის გარეშე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იქნება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” 1993 წელს გერმანიაში დაფუძნბული ორგანიზაციაა, რომელიც კორუფციის საკითხებზე მუშაობს.