21/05/2024
Latest:
მსოფლიო

ინგლისის ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ ჩქარობს

ინგლისის ბანკის (BOE) მმართველმა მარკ კარნიმ (ფოტოზე) ამ წლის პირველი გამოსვლისას განაცხადა, რომ სტერლინგზე მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის აწევის დაწყება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, რადგან გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელება და სხვა მუდმივ მოქმედი ფაქტორები, ინფლაციურ ზეწოლას აძლიერებს.

„ჯერჯერობით, განაკვეთის ზრდის დაწყების დრო არ დამდგარა. მსოფლიო ეკონომიკა შესუსტდა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდაც შენელებულია. ნავთობზე ფასის კოლაფსი, ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს და როგორც ჩანს, მისი მაჩვენებელი უფრო დიდხანს დარჩება დაბალ დონეზე“, – ლონდონში, დედოფალ მერის უნვერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა კარნიმ.

არადა, გასულ ზაფხულში მან განაცხადა, რომ განაკვეთის აწევის დაწყება ახალი წლის შემდეგ უნდა გამხდარიყო შესაძლებელი. კარნის თქმით, ამ პროცესის დასაწყებად აუცილებელია, რომ საბაზო ინფლაციას „კუმულატიური პროგრესი“ დაეტყოს. ის ამბობს, რომ შიდა საფასო ზეწოლა და ეკონომიკის ზრდის ინერცია, ინფლაციას მიზნობრივი მნიშვნელობისკენ წაიყვანს.

იმ დროს, როცა ნავთობზე ფასი 12-წლიან მინიმუმზეა დასული და შემცირებულია საშუალო ანაზღაურების მოცულობა, BOE არ ჩქარობს შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიბაძვას და თავისი ვალუტის განაკვეთის (რომელიც რეკორდულ მინიმუმზეა) ზრდის დაწყებას. კარნი განმარტავს, რომ აშშ-სგან განსხვავებით, რომელსაც მძლავრი საფასო ზეწოლა აქვს, ბრიტანეთს წინააღმდეგობას ფისკალური პოლიტიკა და გლობალური ინფლაცია უქმნის.

„მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციისგან გრძელი გზა გვაშორებს. ჩვენ მოველით, რომ საპროცენტო განაკვეთის ნორმალიზაციის რეალური საფუძველი მაშინ გვექნება, როცა მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსდება. ამასთან, ეს პროცესი უნდა იყოს ეტაპობრივი და იმაზე მეტად შეზღუდული, ვიდრე კრიზისამდელ პერიოდში იქნებოდა შესაძლებელი“, – ამბობს კარნი.

დაბალი ინფლაცია

ინგლისის ბანკის მიერ ინფლაციის მიზნობრივ დონედ 2%-ია განსაზღვრული. მაგრამ დეკემბერში ის მხოლოდ 0.2% იყო. იმავდროულად, საბაზო ინფლაცია მოულოდნელად 1.4%-მდე გაიზარდა. კარნი ამბობს, რომ სტერლინგის ახლანდელმა სისუსტემ, შესაძლოა ძირითად მაჩვენებელზე ზეწოლა შეამციროს, რადგან შეარბილებს იმ ზემოქმედებას, რასაც ენერგომატარებლებსა და საკვებზე ფასების შემცირება იწვევს.

კარნის გამოსვლის შემდეგ, ამერიკულ დოლართან მიმართებაში, სტერლინგის ფასი 1.4124-მდე დაეცა. 2010 წლის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და იმ წლის მაისის მინიმუმიც განაახლა. ინგლისის ბანკის შეფი განმარტავს, რომ შიდა ფასების ზრდაზე გარე დისინფლაციური ზეწოლა ძლიერია და ეს ხელს უშლის ინფლაციის მიზნობრივი დონის მიღწევას. სიტუაციას ართულებს მიწოდების არასტაბილურობა – წარმოების მოცულობა, ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე დაბლაა ჩამოსული. ეს მაშინ, როცა სამუშაო ძალის რაოდენობა უჩვეულოდ არის გაზრდილი, რასაც მიგრაციის ზრდა განაპირობებს.

გლობალური რისკები

კარნი ბრიტანეთის ეკონომიკაზე, საერთაშორისო რისკების გავლენას გამოჰყოფს. მათ შორის მთავარი, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაა. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 3.6-დან 3.4%-მდე შეამცირა. მთავარი გამოწვევებია ჩინეთის და სხვა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების რყევები, რასაც განვითარებულ ქვეყნებზე გავრცელების პოტენციალი გააჩნია.

ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ცხრა წევრიდან, რვამ სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთის 0.5%-ზე შენარჩუნებას მისცა ხმა. კარნი მათ შორის იყო. ეს მაჩვენებელი 2009 წლიდან მოყოლებული, არ იცვლება. ერთადერთი იან მაკკაფერტია, ვინც განაკვეთის 0.25%-ით აწევას მისცა ხმა. კომიტეტის უახლესმა წევრმა, გერტჯან ვლიეგემ განაცხადა, რომ საფასო ზეწოლის არარსებობა მთავარი ფაქტორია, რამაც კომიტეტს განაკვეთის აწევასთან დაკავშირებით, მოთმინება აიძულა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს დაახლოებით ორ წელიწადში მიაღწევს.